კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჟურნალისტებზე ტერორი გრძელდება

27 სექტემბერი, 2005

ჟურნალისტებზე ტერორი გრძელდება

5 სექტემბერს, საღამოს 8 საათზე, “ახალი ვერსიისა” და “ხალხის გაზეთის” კორესპონდენტ საბა წიწიკაშვილს გორში, რკინიგზის მიმდებარე ტერიტორიაზე სამი დაუდგენელი პიროვნება თავს დაესხა და სასტიკად სცემა. სავარაუდოა, რომ ჟურნალისტი ანგარიშსწორების მიზნით სცემეს, რადგან არ დაუყაჩაღებიათ. ამ ინციდენტამდე 2 დღით ადრე, 3 სექტებმერს იგივე ტერიტორიაზე უცნობმა პიროვნებამ მას ქვების სროლა დაუწყო. მაშინ წიწიკაშვილმა გაქცევა მოახერხა. როგორც ჩანს, 5 სექტემბერს თავდამსხმელები უფრო მომზადებულები აღმოჩნდნენ. დაზარალებულს ტვინის შერყევა აქვს მიღებული  და სხეულზე  ბლაგვი საგნით მიყენებული მრავლობითი დაჟეჟილობა აღენიშნება.

საბა წიწიკაშვილი 2 წელია ჟურნალისტურ საქმიანობას ეწევა. იგი არ ეხება უწყინარ და ხელისუფლებისთვის სასიამოვნო წასაკითხ თემებს. წიწიკაშვილი ფლობს მასალებს, თუ როგორ ართმევდნენ შიდა ქართლის გუბერნატორის, მიხეილ ქარელის ბრძანებით, მოიჯარეებს მიწის ნაკვეთებს და როგორ ანიავებდნენ მოსავალს პირადი სარგებელისთავის. ამიტომ სავარაუდოა, რომ ცემის ფაქტი უკავშირდება მის ჟურნალისტურ საქმიანობას. დაზარალებულიც მომხდარში ადგილობრივ ხელისუფლებას ადანაშაულებს: „სრული საფუძველი მაქვს ვიფიქრო, რომ ეს იყო  გუბერნატორის ან რაიონის გამგებელის დაკვეთით. მე ვმუშაობ ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობის გასაშუქებლად საბიუჯეტო დარღვევებსა და კონტრაბანდის სფეროში. თითქმის ყველა სფეროში, რაც კი გამიშუქებია, მიმიგნია, რომ ქარელის რაღაც ინტერესი ყოფილა“.

ადგილობრივი ხელისუფლების მაღალჩინოსნების დამოკიდებულება ჟურნალისტის მიმართ მუდამ ცინიკური იყო. დაახლოებით 2 თვის წინ გუბერნატორი ღიად დაუპირისპირდა წიწიკაშვილს სოფელ უფლისციხესთან. ქარელმა პირად დაცვას ჟურნალისტი მანქანიდან ჩამოაგდებინა და გორის სოფლებში გადასვლის საშუალება არ მისცა. თან ნიშნისმოგებით უთხრა, რომ თუ მაგარი ბიჭი იყო, თავად გადასულიყო. ამ ინციდენტს შეესწრო მოსახლეობა, რომელთაც ახსნა-განმარტებებიც კი აქვთ დაწერილი სახალხო დამცველის სახელზე.

მუქარა ქარელის თანამშრომლების მხრიდან მუდმივად ხორციელდებოდა ჟურნალისტის მისამართით. რასაც, ჟურნალისტის თქმით, ძირითადად, რევაზ გოგიაშვილი _ გორის რაიონის გამგეობის იურიდიული განყოფილების უფროსი აკეთებდა. საინფორმაციო სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენ”-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით, გოგიაშვილის გაღიზიანებას იწვევს ის ფაქტი, რომ წიწიკაშვილი ამზადებს მასალას შპს „ძევერაზე“, რომლის მფლობელიც არის გოგიაშვილის დედის ძმა, ომარ ბუხრაძე. ეს შპს ყოფილი საბჭოთა მეურნეობის ბაზაზეა შექმნილი და რამდენიმე ერთეულ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკასა და მიწის ნაკვეთს ფლობს. თავის დროზე ბუხრაძე ამ შპს-ის დირექტორი იყო. როგორც ჟურნალისტი აცხადებს, ბუხრაძემ იგი ჯერ მიზანმიმართულად გააკოტრა და შემდეგ მიზერულ თანხად შეისყიდა.

საავადმყოფოდან პროკურატურაში მისული დაზარალებული ქარელმა მოინახულა. მან პოლიცია უმოქმედობაში დაადანაშაულა და ჟურნალისტის ცემის ფაქტი გორში გართულებულ კრიმინოგენულ სიტუაციას დაუკავშირა. ამის გამო, მას შელაპარაკებაც კი მოუხდა შიდა ქართლის ოლქის პროკურორთან, რომლის თქმით, სტატისტიკური მონაცემები საპირისპიროს მეტყველებს. მეორე დღეს ქარელმა წიწიკაშვილის დაურეკა და მკურნალობის ხარჯების ანაზღაურება შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო.

მიუხედავად შანტაჟისა და აღსრულებელი მუქარისა, წიწიკაშვილი გამოჯანმრთელებისთანავე ჩვეული რეჟიმით მუშაობის გაგრძელებას აპირებს: „არც ერთ ჟურნალისტს არ მივცემ იმის საფუძველს, რომ შეეშინდეს და თავის საქმიანობაზე უარი თქვას. ჩვეულებრივ, როგორც ვმუშაობდი, იგივე ტემპით გავაგრძელებ”.


რუსუდან ჯამასპიშვილი

ახალი ამბები