კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კანონდარღვევები კახეთის საპასპორტო განყოფილებაში

4 ოქტომბერი, 2005

კანონდარღვევები კახეთის საპასპორტო განყოფილებაში

კახეთის მოსახლეობა პასპორტების აღებისას პრობლემებს აწყდება. თელავის საპასპორტო განყოფილება, რომელიც კახეთის რეგიონში საერთაშორისო პასპორტების გაცემაზეა პასუხისმგებელი, კანონს არღვევს. კახელები  კანონით დადგენილ 5 სამუშაო დღეში პასპორტის აღებას ვერ ახერხებენ. სიტუაციას ის უფრო ართულებს, რომ პირადობის მოწმობისა და პასპორტის გამცემი ორგანოები ერთმანეთისგან საკმაოდ მოშორებით მდებარეობს. თუმცა, ბოლო მონაცემებით, მდგომარეობა შეიცვალა და ეს ორი ორგანო ერთ შენობაში გადავიდა.


კახეთის რეგიონის საპასპორტო განყოფილებაში პასპორტების გაცემას აგვიანებენ. მოსახლეობა კუთვნილ პასპორტს, კანონით დადგენილ მეექვსე სამუშაო დღეს ვერ იღებს. დაგვიანების მიზეზი თელავის საპასპორტო განყოფილების ყოფილმა უფროსმა ქეთევან გომელაურმა ასე ახსნა: „საბუთებს მიღებისთანავე შინაგან საქმეთა სამინისტროში ვგზავნით და ხუთი დღის მანძილზე ნასამართლეობის მტკიცებას ველოდებით. თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრო დროულად არ გვიგზავნის ამ ცნობებს.“ ამ საკითხთან დაკავშირებით შსს საინფორმაციო სამსახური ასეთ კომენტარს აკეთებს: “კანონით საპასპორტოს უფლება აქვს, რომ ნასამართლეობის ცნობის  გარეშეც გასცეს პასპორტები, პასპორტის გაცემის დაგვიანება ნებისმიერი მიზეზით კი კანონით იკრძალება. ნასამართლეობის ცნობას საპასპორტო განყოფილებებში მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ვაგზავნით.“

კახეთის რეგიონს ერთი საპასპორტო ემსახურება, რომელიც  თელავის რაიონში მდებარეობს. თავდაპირველად საპასპორტო  გურჯაანის რაიონში იყო განთავსებული, თუმცა 2005 წლის ნოემბერში საპასპორტო თელავში გადაიტანეს.  საპასპორტოს უფროსის მოვალეობას 2005 წლის 2 მარტიდან  ქეთევან გომელაური ასრულებს. იგი ამ თანამდებობაზე  პირადი განცხადებისა და ტესტირების საფუძველზე მიიღეს. სექტემბრის თვემდე საპასპორტოს ყველა თანამშრომელი მოვალეობის შემსრულებლად ითვლებოდა. აგვისტოში კი, იუსტიციის სამინისტრომ ტესტირებისა და გასაუბრების საფუძველზე თელავის საპასპორტო განყოფილებაში 12 პიროვნება 1 თვით, სტაჟიორებად გაგზავნა.

2005 წლის 1 სექტემბრიდან თელავში არსებული საპასპორტოს რეორგანიზაცია დაიწყო და იქ მომუშავეთა უმეტესი ნაწილი გათავისუფლებულ იქნა თანამდებობებიდან. როგორც მოსალოდნელი იყო, ვაკანტური ადგილები იუსტიციის სამინისტროს მიერ გაგზავნილმა 12-მა პიროვნებამ დაიაკვა. შეიცვალა საპასპორტოს უფროსიც, ყოფილი უფროსი ქეთი გომელაური კი  უფროსის მრჩევლის თანამდებობაზე დაინიშნა.

რეორგანიზაციის შედეგად, საერთაშორისო პასპორტებისა და პირადობის მოწმობების გამცემი ორგანოები ერთ შენობაში გადავიდა. მასვე  ცალკე განყოფილებად სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო (სარო) შეუერთდა. სავარაუდოა, რომ განყოფილებების გაერთიანება მოსახლეობას პასპორტების აღების პროცედურას გაუმარტივებს. აქამდე, პირადობის მოწმობის გამცემი ორგანო თელავის ცენტრში, ხოლო საპასპორტო განყოფილება თელავის გარეუბანში მდებარეობდა.

კახეთის მოსახლეობა იმედოვნებს, რომ რეორგანიზაცია მხოლოდ ორი განყოფილების გაერთაიანებითა და თანამშრომლების შეცვლით არ შემოიფარგლება და ახალი ადმინისტრაცია მთავარი პრობლემის - კანონით დადგენილი ვადით პასპორტების გაცემის საკითხის მოგვარებასაც შეძლებს.

ეკა დათუნაშვილი

ახალი ამბები