კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არასრულწლოვან პატიმრებს საჩუქრები დაურიგეს

13 ოქტომბერი, 2005

არასრულწლოვან პატიმრებს საჩუქრები დაურიგეს

ავჭალის არასრულწლოვანთა კოლონიის პატიმრები სასწავლო პროცესს გარემონტებულ აუდიტორიებში ახალი სახელმძღვანელოებითა და სპორტული ინვენტარით იწყებენ. 10 ოქტომბერს ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრმა, პროექტ "მხარდაჭერა არასრულწლოვანთა სამართლის ადმინისტრაციის რეფორმას საქართველოში" ფარგლებში, გაეროს ბავშვთა დაცვის ფონდის (UNICEF-ის) ფინანსური მხარდაჭერით მომზადებული საჩუქარი არასრულწლოვან მსჯავრდებულებს საზეიმოდ გადასცა. 


საზეიმო ცერემონიალს ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადუკომენტაციო ცენტრისა და UNICEF-ის წარმომადგენლების გარდა, საქართველოს იუსტიციის მინისტრი კოტე კემულარია, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი მიხეილ ღურწკაია და მასმედიის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. 

მსჯავრდებულებისათვის გადაცემულ ნივთებს შორის იყო VI-XI კლასის სახელმძღვანელოები და მრავალფეროვანი სპორტული ინვენტარი.

ღონისძიებასთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის მინისტრმა და ავჭალის არასრულწლოვანთა კოლონიის დირექტორმა კომენტარი გააკეთეს. “არასრულწლოვან მსჯავრდებულებს ნორმალური ცხოვრებისათვის ყველა პირობა აქვთ შექმნილი. მათ სკოლის სახელმძღვანელოები აკლდათ, რაც ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის დახმარებით მიიღეს. არასრულწლოვანთა რესოციალიზაცია ჩვენი მნიშვნელოვანი ამოცანაა,” – განაცხადა კემულარიამ.

პროექტს "მხარდაჭერა არასრულწლოვანთა სამართლის ადმინისტრაციის რეფორმას საქართველოში" ადამიანის უფლებებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრი UNICEF-თან ერთად ახორციელებს. პროექტი კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანების უფლებების დაცვას და მათი რესოციალიზაციისა  და რეაბილიტაციისათვის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. პროექტის ფარგლებში აგრეთვე ჩატარდება ტრეინინგები სოციალური მუშაკებისათვის, მოსამართლეებისა და პროკურორებისათვის, პოლიციის წარმომადგენლებისათვის, ციხის ადმინისტრაციისა და არასრულწლოვანი პატიმრებისათვის. გაეროს ბავშვთა დაცვის ფონდის (UNICEF-ის), ადამიანის უფლებებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრისა,  და თბილისის მუნიციპალიტეტის ერთობლივი მუშაობის შედეგად მერიაში უკვე შეიქმნა კრიზისული ინტერვენციის ცენტრი, სადაც ყველა მსურველს, ბავშვთა უფლებების სფეროში უფასო იურიდიულ და ფსიქოლოგიურ კონსულტაციას გაუწევენ.  დახმარების ცენტრები შეიქმნება დიდუბე- ჩუღურეთის რაიონის პოლიციის განყოფილებებშიც.

როგორც პროექტის იურისტ-ტრენერმა ნინო ტოგონიძემ განაცხადა, კრიზისული ინტერვენციის ცენტრი ერთადერთი იქნება, სადაც არასრულწლოვანებს დახმარებას სოციალური მუშაკებიც გაუწევენ.

ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრში აცხადებენ, რომ პროექტის ფარგლებში ბავშვთა უფლებების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის სრულყოფისა და არასრულწლოვანთა სასამართლოს მოდელის შექმნის მიზნით რეკომენდაციების პაკეტიც მომზადდება. რეკომენდაციას რატიფიცირებისათვის ცენტრი საქართველოს პარლამენტს წარუდგენს.

უახლოეს მომავალში ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოუკენტაციო ცენტრი ავჭალის არასრულწლოვანთა კოლონიაში ინგლისური ენის, კომპიუტერისა და ხეზე კვეთის კურსებს ჩამოაყალიბებს.

ნატა გიორგაძე

ახალი ამბები