კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოში საჯარო სამსახურის ხელმისაწვდომობა ნათესაური კავშირებისა და ნაციონალური პარტიის ნიშნით არის შესაძლებელი

14 ნოემბერი, 2005

საქართველოში საჯარო სამსახურის ხელმისაწვდომობა ნათესაური კავშირებისა და ნაციონალური პარტიის ნიშნით არის შესაძლებელი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში იურიდიული დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე დანიშნეს პირი, რომელსაც კონკურსი არ გაუვლია. ნათელმირონობა საკმარისი აღმოჩნდა მისი აღნიშნულ თანამდებობაზე უკონკურსოდ დასანიშნად. გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგებლის მოადგილის თანამდებობაზე კი კონკურსში გიგი უგულავას ბიძაშვილი ეკა უგულავა იმარჯვებს.

მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციით გარანტირებულია საჯარო სამსახურის ხელმისაწვდომობის უფლება, აღნიშნული სრულიად უგულვეყოფილია დღევანდელი რევოლუციური ხელისუფლების მიერ.

ბოლო 2 წლის განმავლობაში ჩატარდა კონკურსები საჯარო სამსახურში მისაღებად, რაც იდეაში კადრების ობიექტური კრიტერიუმის საფუძველზე მიღების და შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანოების უფრო ეფექტურად და კვალიფიციურად მოქმედების მიზანს ემსახურება. სინამდვილეში ეს კონკურსები მორიგი პიარ აქცია აღმოჩნდა,  რაც მოსახლეობაში ადმინისტრაციული ორგანოების რეპუტაციის და ნდობის ამაღლებას ემსახურებოდა. მართალია, ეს ნდობა და იმედის ნაპერწკალი წარმოიშვა მრავალი კვალიფიციური და განათლებული ადამიანისათვის, რომლებიც პატრონისა და ნაცნობობის გარეშე ვერ მოხვდნენ წინა ხელისუფლების დროს საჯარო სამსახურში, მაგრამ მალევე გაქრა როგორც მრავალი დანაპირები ამ ხელისუფლებისა.

თითქმის შეუძლებელი გახდა კონკურსში კარგი ნაცნობის, ნათესავის ან პარტიის რეკომენდაციის გარეშე გამარჯვება. ტესტირება, როგორც წესი, წარმატებით შეგიძლია გაიარო (საუბარია მომზადებულ/ღირსეულ კონკურსანტებზე), გასაუბრება კი ბოლოს მოგიღებთ თუ თქვენ არ აკმაყოფილებთ უმნიშვნელოვანეს მოთხოვნას - ვისი ახლობელი ხართ, რა დამსახურება გაქვთ რევოლუციის წინაშე, გენდობათ თუ არა პარტია და ა.შ.

როგორც იურისტი გიგა გიორგაძე აცხადებს, კონკურსმა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში უამრავი დარღვევებით ჩაიარა. იურიდიული დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე დანიშნეს ის პირი, რომელსაც კონკურსი არ გაუვლია, ხოლო გასაუბრებაზე უარყვეს გიორგაძის კანდიდატურა, რომელმაც კონკურსის 3 ეტაპი წარმატებით გაიარა. საქმე იმაშია, რომ თავად მინისტრი ჭიპაშვილი და დეპარტამენტის მოქმედი შეფი ელზა გულიაშვილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის – ვახტანგ მეგრელიშვლის  (ცნობილი საპენსიო კანონპროექტის ავტორი) მეჯვარეები არიან. ასე, რომ მინიტრი, პირველი მოადგილე და იურიდიული დეპარტამენტის უფროსი - ახლო სანათესაო წრე სამინისტროს სათავეში.

დღეს ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის ოფისში გამართულ პრეს-კონფერენციაზე, გიგა გიორგაძემ კიდევ ერთი მაგალითი მოიყვანა მსგავსი დარღვევისა, რომლის მსხვერპლიც ისევ და ისევ თავად აღმოჩნდა. თბილისის მერიაში ჩატარებულ კონკურსში გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგებლის მოადგილის თანამდებობაზე მისი კონკურენტი ქალაქის მერის, გიგი უგულავას ახლო ნათესავი ეკა უგულავა აღმოჩნდა. გასაუბრებაზე ეკეა უგულავამ გაიმარჯვა.

ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ცუდი გამოცდილებისა, რაც ერთმა ადამიანმა მიიღო საჯარო სამსახურში კონკურსის წესით მოხვედრის სურვილით. მსგავსი მრავალი ფაქტი არსებობს, რაც შემდეგში პირდაპირ აისახება ადმინისტრაციული ორგანოების ეფექტურ მუშაობაზე. „ნათესავი და ახლობელი ერთმანეთს არ გაწირავენ, ასევ ბევრ მათაგანს არ გააჩნია შესაბამისი კვალიფიკაცია და განათლება. შესაბამისად, მათ ეპატიებათ ის გადაცდომები, რომელსაც ადგილი აქვს მოქალაქეთა მიმართ, იქნება ეს კანცელარიებში, მოქალაქეთა მისაღებებში თუ სხვაგან, სადაც მოქალაქეებს შეხება უხდებათ“,- აცხადებს გიორგაძე.

აქვე ჩნდება კითხვა - რატომ იხარჯება ბიუჯეტიდან ფული კონკურსის ორგანიზებისათვის თუკი შედეგი წინასწარაა გადაწყვეტილი? მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ კონკურსებში კომისიის შემადგენლობაში, გარდა ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელობისა, მონაწილეობენ საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებიც, რომლებსაც აქამდე არ გაუპროტესტებიათ აღნიშნული დარღვევები, რასაც მათ თვალწინ ჰქონდა ადგილი.


P.S. ზემოთ აღნიშნულ პრესკონფერენციას სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის ელზა გულიაშვილის მხრიდან გიგა გიორგაძის მობილურზე 25 წუთიანი გაღიზიანებული სატელეფონო საუბარი მოჰყვა.

ქ-მა გულიაშვილმა პრესკონფერენციაზე გახმაურებული ფაქტი _ რომ იგი თანამდებობაზე კონკურსის გარეშე დაინიშნა და მას ამაში სავარაუდოდ ხელი შეუწყო ჯანდაცვის მინისტრთან და პირველ მოადგილესთან ნათესაუმა კავშირმა, პირად შეურაცხყოფად აღიქვა. სატელეფონო საუბარში მან არ უარყო ნათესაური კავშირი მინისტრ ჭიპაშვილთან და მის მოადგილე მეგრელიშვილთან, თუმცა აღნიშნა, რომ ეს გარემოება კავშირში არ იყო მისი ამ თანამდებობაზე უკონკურსოდ დანიშვნის ფაქტთან. აქვე შეგახსენებთ, რომ ელზა გულიაშვილს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა არ მიუღია.

ცენტრის ადვოკატის გიგა გიორგაძის რჩევაზე, თუკი იგი თავს შეურაცხყოფილად გრძნობდა მოეხდინა ამაზე შესაბამისი რეაგირება, დეპარტამენტის უფროსმა ქალბატონმა ელზამ ირონიულად უპასუხა: “სასამართლოში ვიჩივლო თუ კაცურად ქუჩაში დაგხვდე და პასუხი გაგებინო”.

ადამიანის უფლებათა საინფორმაციო ცენტრი აღნიშნულ ქმედებას საჯარო მოხელის მხრიდან ზეწოლად აფასებს და მიმართავს მასმედიას სათანადო ყურადღება დაუთმოს ჯანდაცვის სამინისტროში კონკურსებთან დაკავშირებულ დარღვევებს.

 

ახალი ამბები