კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადგილობრივი ხელისუფლება რეგიონალური მედიის კლანჭებში მოქცევას ცდილობს

21 ნოემბერი, 2005

ადგილობრივი ხელისუფლება რეგიონალური მედიის კლანჭებში მოქცევას ცდილობს

2005 წლის 16 ნოემბერს, გურჯაანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი აკაკი სიხარულიძე ადგილობრივი ტელეკომპანიის ეთერით, დამოუკიდებელ ჟურნალისტებს კორუფციაში ადანაშაულებს და სპეცსამსახურებით ემუქრება. მოგვიანებით, ადგილობრივი ხელისუფალი კონკრეტდება და ხელს გაზეთ „იმედის“ მთავარ რედაქტორს გელა მთივლიშვილს ადებს. მთივლიშვილზე თავდასხმების არაერთი ფაქტი დღემდე გამოუძიებელი რჩება, რასაც ემატება რაიონის პირველი პირების მხრიდან მუქარა და  უსაფუძვლო ბრალდებები.

კახეთის რეგიონული ყოველკვირეული გაზეთი “იმედი” დღეისათვის ყველაზე მაღალტირაჟიანი გამოცემაა აღნიშნულ რეგიონში. იგი ასევე ვრცელდება თბილისში, კახეთის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში. “იმედის” ჟურნალისტები არაერთხელ გამხდარან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მსხვერპლნი, თუმცა, როგორც გაზეთის მთავარი რედაქტორი აცხადებს, ზეწოლა განსაკუთრებით “ვარდების რევოლუციის” შემდეგ გაძლიერდა.

გაზეთ „იმედზე“ და მის ჟურნალისტებზე განხორციელებული სერიული თავდასხმანი სათავეს წლის დასაწყისიდან იღებს. 2005 წლის 7 იანვარს დღემდე დაუდგენელმა პირებმა დაარბიეს გაზეთის რეგიონული ოფისი, რომელსაც მოგვიანებით გურჯაანის რაიონული პოლიცია პროვოცირების მიზნით არაოფიციალურად გაზეთის რედაქტორს, გელა მთივლიშვილს აბრალებდა.

2005 წლის 15 აპრილს, გაზეთ “იმედის” კორესპონდენტი ლაგოდეხის რაიონში მარინა გოგოლაძე, პარლამენტარ  კაკალაშვილის ძმამ გურამ კაკალაშვილმა, დეპუტატის კაბინეტში სიტყვიერად და ფიზიკურად შეურაცხყო. მომხდარს ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივი ორგანიზაციის წევრები ესწრებოდნენ, თუმცა მათ თანამდებობების ბოძების სანაცვლოდ ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტი არ დაადასტურეს.

22 ივნისს, 19 საათისთვის რედაქციიდან სახლში მიმავალ გაზეთის რედაქტორს თავს უცნობი, შეიარაღებული ახალგაზრდა მამაკაცი დაესხა და იარაღის თავში ჩარტყმით გონდაკარგულს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შეუჩერებლობის შემთხვევაში კი ფიზიკური ლიკვიდაციით დაემუქრა. ინციდენტის შედეგად ჟურნალისტმა მძიმე ტრავმა და თავის ტვინის შერყევა მიიღო.

15 ივლისს, 01 საათსა და 33 წუთზე ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის საცხოვრებელ სახლში დაუდგენელმა პირმა ხელყუმბარა ისროლა. აფეთქების შედეგად სახლის პირველ სართულზე ჩაიმსხვრა ფანჯრის მინები, დაზიანდა სამზარეულო, სახლის სახურავი და ეზო. აფეთქებით შოკირებულნი იყვნენ ჟურნალისტის მცირეწლოვანი დისშვილები.

ეკონომიკურ დანაშაულთან, კორუფციასთან და კონტრაბანდასთან ბრძოლის კავშირის თავმჯდომარეს ბორის მამისაშვილს, მის საქმიანობაზე კრიტიკული მასალის გამოქვეყნების შემდეგ, 2005 წლის 1 სექტემბერს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში შეაქვს სარჩელი გაზეთ “იმედის” რედაქტორის წინააღმდეგ მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით (50000 ლარი).

„ბორის მამისაშვილს სასამართლოში ბაჟის სახით უნდა გადაეხადა 1200 ლარი, ამის თავიდან ასაცილებლად, მან შეიტანა გამგებლის შუამდგომლობა, სადაც იგი მოსამართლეს სთხოვს გაათავისუფლოს სახელმწიფო ბაჟისაგან. მე ვაცხადებ ხმამაღლა, რომ გამგებელია უშუალოდ დაინტერესებული გაზეთის გაკოტრებით და სამუშაო პროცესის შეფერხებით, რაც გუშინდელ გამოსვალშიც ნათლად გამოჩნდა. ასევე არ გამოვრიცხავ, რომ ის ზეწოლები, რაც გაზეთზე ხორციელდებოდა აქამდეც იყო მისი შეკვეთით“,- აცხადებს გელა მთივლიშვილი.

საქმე იმაშია, რომ 2005 წლის 16 ნოემბერს, გურჯაანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ადგილობრივი ტელეკომპანიის ეთერით, დამოუკიდებელ ჟურნალისტებს სპეცსამსახურებით ემუქრება. 17 ნოემბერს სიხარულიძე ჟურნალისტებს შეხვდა და გაზეთ “იმედის” რედაქტორს გელა მთივლიშვილს საჯაროდ შანტაჟიორი, თაღლითი, პროვოკატორი, გამომძალველი და დაბრმავებული უწოდა.

ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის წინააღმდეგ განხორციელებული ყველა კრიმინალური აქტი გაუხსნელია და უფრო მეტიც, არაფერი არ კეთდება იმისათვის, რათა დამნაშავეები გამოვლინდნენ, რის გამოც რეალურია საფრთხე იმისა, რომ დაუსჯელობის სინდრომით გათამამაბულებმა მედიის წარმომადგენელს სიცოცხლე მოუსწრაფონ, რაც თუ გურჯაანის პოლიციის ხელმძღვანელობის განცხადებით ვიმსჯელებთ, სულაც არ არის წარმოუდგენელი, რადგან, იმ ქვეყანაში, სადაც პრემიერ-მინიტრს კლავენ, არაფერია რიგითი ჟურნალისტის მკვლელობა.

ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრი შეშფოთებას გამოთქვამს ბოლო დროს ჟურნალისტებზე გახშირებული თავდასხმებისა და სახელმწიფო მოხელის მიერ დამოუკიდებელი მედიის შევიწროების გამო, ასევე მის მიერ გამოთქმული განცხადების გამო საჯარო ინფორმაციის არ გაცემის თაობაზე. აუსსც ასევე გმობს სახელმწიფო მოხელის მიერ დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლის მიმართ მუქარას და მოითხოვს აღნიშნული პიროვნების პასუხიმგებლობის დაყენებას.

ახალი ამბები