კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ზუგდიდში აქციის მონაწილე გაუჩინარდა

22 ნოემბერი, 2005

ზუგდიდში აქციის მონაწილე გაუჩინარდა

 


პრეზიდენტის სამეგრელოში ჩასვლის წინ, რეგიონში მასობრივ გამოსვლებს ერთ-ერთი დემონსტრანტის გაუჩინარება მოჰყვა. ზუგდიდის რაიონის მკვიდრი ლუიზა ფიფია 19 ნოემბერს, გვიან ღამით სამთავრობო დაცვის წევრებმა სახლიდან გაიყვანეს, რის შემდეგაც იგი აღარავის უნახავს და მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.

ლუიზა ფიფიას ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ზუგდიდში, მხარის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს. მათი განცხადებით, 19 ნოემბერს, გვიან ღამით, ფიფია სამთავრობო დაცვის წევრებმა სახლიდან გაიყვანეს და უთხრეს, რომ მასთან შეხვედრა პრეზიდენტის თანაშემწეს სურდა. ამის შემდეგ ლუიზა ფიფია აღარავის უნახავს. აქციის მონაწილეთა ვარაუდით, ფიფია გატაცებულია. მათ ადგილობრივ ხელისუფლებას ფიფიას დაბრუნება მოსთხოვეს.
სამეგრელო-ზემო სვანეთში პრეზიდენტის რწმუნებულის მოადგილე  ალექსანდრე ახვლედიანი კი მიიჩნევს, რომ მომხდარი პროვოკაციაა, რომელიც ლუიზა ფიფიამ თავად მოაწყო.

"ლუიზა ფიფია ზუგდიდის ბაზრის მოვაჭრეა. ის არის ზუგდიდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის - გოჩა ფიფას მოგვარე და რუპორი. გოჩა ფიფია კი დიდი პროვოკაციების ოსტატია. ვის რაში სჭირდებოდა ლუიზა ფიფიას მოტაცება, რომელი ნელსონ მანდელა ეგ არის", - განუცხადა "მედიანიუსს" ალექსანდრე ახვლედიანმა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბოლო პერიოდში ზუგდიდში მოვაჭრეები სერიოზულად გააქტიურდნენ. მათ რამდენჯერმე გამართეს საპროტესტო აქცია. მოვაჭრეთა შორის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური სწორედ ლუიზა ფიფია იყო, რომელიც პრეზიდენტის ზუგდიდში ჩასვლამდე რამოდენიმე საათით ადრე გაუჩინარდა.

დეპუტატი კახა კუკავას განცხადებით კი, პრეზიდენტის რეგიონში ჩასვლის წინ პოლიციამ ასეულობით ზუგდიდელი დააკავა. ხოლო როგორც 21 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ზუგდიდის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ფიფიამ განაცხადა, ზუგდიდში მიხეილ სააკაშვილის ჩასვლის გამო დაუდგენელმა პირებმა ბაზრის წინ გამართული საპროტესტო აქციის აქტიური მონაწილეები სახლებიდან გაიყვანეს, თავზე ტომრები მოაცვეს და იმერეთის რეგიონში უკაცრიელ ადგილზე გადაიყვანეს.

მოვაჭრეები სახლებში გვიან ღამით დაბრუნდნენ.

ასე, რომ რევოლუციური ვარდის ეკლიანი მხარის პრეზიდენტისთვის დასანახებლად გამოსული ზუგდიდელების მცდელობა ძალოვნების ძლიერმა ხელმა დაფარა. გაუჩინარებულ ფიფიას ასობით დაკავებული ზუგდიდელი ემატება. რეგიონში ჩასულ პრეზიდენტს კი შენიღბული სიმშვიდე და თბილი სიტყვები ხვდება, რაც ადგილობრივი ადმინისტრაციისა და სამართალდამცავების დაუშურებელი ენთუზიაზმის წყალობით განხორციელდა.


მომზადებულია "მედია ნიუსის" ინფორმაციის საფუძველზე

ახალი ამბები