კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველო აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უმართავი ხდება

26 დეკემბერი, 2005

საქართველო აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უმართავი ხდება

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე მდგომარეობა დღითი-დღე მძიმდება. საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრები ქართველები, მეზობლად დასახლებულ აზერბაიჯანელთაგან ქართული მიწის მიტაცების ფაქტებსა და თვითნებობას დიდი ხანია რაც აპროტესტებენ, თუმცა უშედეგოდ. სასაზღვრო საგუშაგოებში დისლოცირებულ მესაზღვრეთა ინფორმაციით, უყურადღებობის გამო ვითარება იმდენად გართულდა, რომ ქართველი და აზერბაიჯანელი მწყემსები ერთმანეთს მოსაკლავადაც დასდევენ.  

ბოლო რამდენიმე წელია დედოფლისწყაროს რაიონის საზღვრისპირა სოფლებს ქართველი მოსახლეობა აქტიურად ტოვებს. მათ ადგილას აზერბაიჯანელები სახლდებიან და საკუთარ მეურნეობებს ქმნიან. ამას ისიც ემატება, რომ აზერბაიჯანის კომერციული ბანკები ქართული მიწის შესყიდვის სანაცვლოდ მათ უპროცენტო სესხებს სთავაზობენ. 

დედოფლისწყაროში ყველამ იცის, არაქართველი მოსახლეობის მიერ ქართული ტერიტორიის მიტაცების მცდელობის ფაქტები რომ გახშირდა, რასაც ხელს საქართველო-აზერბაიჯანს შორის სადემარკაციო ზოლის არარსებობაც უწყობს. ორ ქვეყანას შორის მხოლოდ პირობითი საზღვარი არსებობს და მის ფუნქციას მდინარეები ალაზანი, იორი და რამდენიმე არხი ასრულებს.

ჯერ კიდევ ორი წლის წინ, აზერბაიჯანელმა მწყემსებმა სასაზღვრო ზოლში არსებული ათეულობით ჰექტარი თვითნებურად მოხნეს, შემდეგ შემოღობეს და განაცხადეს, ეს ტერიტორია, აზერბაიჯანს ეკუთვნისო, რამაც ქართველები უკიდურესად აღაშფოთა. ტერიტორიის გარკვეული ნაწილის დაბრუნება მოხერხდა, ნაწილს კი დღესაც არაქართველი მოსახლეობა ფლობს და მოიხმარს. “გარდა იმისა, რომ საზღვრის გამყოფ არხებს კალაპოტებს უცვლიან, ხშირია სერიოზული დაპირისპირებებიც. აზერბაიჯანელებს სერიოზული უთანხმოება მოუვიდათ თუშ მეცხვარეებთან, რადგან მდინარე ივრისპირას წყლის დასალევად ჩასული საქონელი იმ მოტივით არ მიუშვეს, ეს აზერბაიჯანის ტერიტორიააო”,- აცხადებს აღელვებული მეცხვარე და ამატებს, რომ დაპირისპირება სისხლისღვრამდეც მიდის ხოლმე.

“მთავრობა ყურადღება არ გვაქცევს, ეს ამდენი ქართული მიწა ამათ საჯიჯგნად გახადეს და იძულებულები ვართ, საკუთარ თავს თავად მივხედოთ. აღარც ჩვენ დავინდობთ”, - აღშფოთებას ვერ მალავს მეცხვარე ელდარ ბორჩაშვილი.

თუშ მეცხვარეთა მიერ მოყვანილ ფაქტებს საზღვრის დაცვის №5 სამმართველოს უფროსის, დემურ კეკენაძისგან განსხვავებით, ქართველი მესაზღვრეები ადასტურებენ, თუმცა ჩვენთან საუბრისას ვინაობის გამხელისგან თავს იკავებენ. მათი თქმით, მეცხვარეთა მიერ ჩამოთვლილი ფაქტები იშვიათობას ნამდვილად არ წარმოადგენს და ეთნოკონფლიქტების გაღვივების საშიშროებას ქმნის.

“ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის დაპირისპირება ხშირად ხდება. თუ რამ გავიგეთ, ვცდილობთ აღვკვეთოთ, თუმცა ვინც ჩვენგან მოშორებით იმყოფებიან ჩხუბები და საქმის გარჩევები იქ უფრო ხშირია. ერთმანეთს იმდენადაც კი გადამტერებიან, რომ მოსაკლავადაც კი დასდევდნენ". 

ეთნოკონფლიქტურ სიტუაციას ადასტურებენ საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრები ქართველებიც. “როცა ვითარება უმართავი ხდება, სროლებიც გვესმის და ჩხუბის ხმაც, ვინ თქვა, სიმშვიდეაო. ...შეიძლება, უშუალოდ საზღვარზე დაძაბულობას ადგილი არ აქვს, მაგრამ, სასაზღვრო პოსტიდან მოშორებით რა ხდება, არ უნდა იცოდნენ?”- კითხულობს ხალხი და თუშ მეცხვარეთა მსგავსად დახმარებას ისინიც ხელისუფლებას სთხოვენ.  

გელა მთივლიშვილი კახეთიდან

ახალი ამბები