კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

“კეზერას ბიჭები” და გაშმაგებული დონაძე

30 დეკემბერი, 2005

“კეზერას ბიჭები” და გაშმაგებული დონაძე

კახეთში ფინანსური პოლიციის საქმიანობას “ოფიციალურ რეკეტად” დიდი ხანია რაც მოიხსენიებენ. მცირე მეწარმეთა მიერ არაერთხელ დასახელდა ფინანსურ პოლიციელთაგან თანამდებობის ბოროტად გამოყენების კონკრეტული ფაქტებიც, მაგრამ დავით კეზერაშვილის უწყება “წარმატებულ მუშაობას” განაგრძობს.
 
მცირე ხნის წინ, თელავის ზონალურმა საგადასახადო ინსპექციამ შპს „აისი“- გურჯაანის ნაყინის ფინანსური საქმიანობა შეამოწმა. ოფიციალური ინფორმაციით, დარღვევები არ აღმოჩნდა, მაგრამ საგადასახადოს კონტროლს მალევე ორგანიზაციაში კახეთის ფინანსური პოლიციის შესვლა მოჰყვა. „საგადასახადო ინსპექცია ყოველწლიურად გვამოწმებს, მაგრამ დარღვევები არ გვაქვს. წელსაც შეგვამოწმეს, თუმცა რაიმე დარღვევა არც ამჯერად აღმოუჩენიათ. მათ შემოწმებას ორგანიზაციაში ფინანსური პოლიციის შემოსვლა მოჰყვა. დოკუმენტაცია ამოიღეს და თელავში წაიღეს. დაწერეს აქტი, სადაც 80 ათასამდე თანხას გვედავებიან. აქტი ექსპერტიზაზეა გაგზავნილი. ჯერ-ჯერობით ვერ გეტყვით რა მოხდება“,- გვითხრა შპს „აისი“- გურჯაანის ნაყინის დირექტორმა გურამ ბერიკაშვილმა.
 
როგორც თელავის ზონალურ საგადასახადო ინსპექციაში გვითხრეს, ინსპექციის იმ თანამშრომელთაგან, რომელთაც „აისის“ შემოწმება აწარმოეს, ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფება დათო ბუზარიაშვილი (საგარეჯოს მკვიდრი) „აისში“ არსებული დარღვევების დაფარვის გამო, ხოლო თამაზ ბაწაშვილი სამსახურში არ ცხადდება. გავრცელებული ინფორმაციით, იგი იმალება. თელავის ზონალური საგადასახადო ინსპექციის უფროსი დევი დევიძე არც მობილურ და არც სამსახურებრივ ტელეფონს არ პასუხობს.
 
ჩვენთან საუბარში „აისში“ დარღვევების არსებობას ადასტურებს კახეთის ფინანსური პოლიციის უფროსი დავით გელაძე. თუმცა, კომენტარის მოცემა ფინანსური პოლიციის პრესსამსახურის უფროსის რუდუდან დონაძის ნებართვის გარეშე ვერ გაბედა.

ჩვენ დავუკავშირდით ქალბატონ რუსუდანს (შსს პრესსამსახურის უფროსის გურამ დონაძის და). მან უარი განგვიცხადა ფინანსური პოლიციის მიერ წარმოებული გამოძიებისას აღმოჩენილი დარღვევების გახმოვანებაზე და კომენტარად უწმაწური სიტყვების კორიანტელი გვიძღვნა, თან დაგვემუქრა იმის გამო, რომ საერთოდ დავინტერესდით ამ საკითხით: „მითხარი კარგად შენ ვინ ხარ?... ხოდა, შე კახელო ......., თუ ჩამოვედი კახეთში დედას ....... მე რუსიკო არ ვიყო დონაძე, შენ თუ ეს შეგარჩინო...“ (სტილი დაცულია).

ჩვენ შპს „გურჯაანის ნაყინის“ თანამშრომლებსაც დავუკავშირდით. ერთ-ერთმა მათგანმა, რომელმაც ვინაობის საჯაროდ დაფიქსირება არ ისურვა, აღნიშნა, რომ „აისში“ წილის გადაცემის სანაცვლოდ მიმართული ქმედებები ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო. „სეზონზე, ზაფხულში, ხელმძღვანელობა წუხდა, რომ პრობლემებს უქმნიდნენ. გასულ წელს ამისათვის სეზონი ადრეც დავამთავრეთ, მაგრამ მაინც არ მოგვასვენეს. ხომ იცით ეხლა რა ხდება. სადაც ვინმეს ინტერესი აქვს ფინანსური პოლიცია ეცემა. „კეზერას ბიჭებიც“ გურჯაანის ნაყინში ამისთვის არიან და რა ქნას ხელმძღვანელობამ?“- განაცხადა „აისის“ თანამშრომელმა. ბიზნესკომპანიის წილის წართმევაზე საუბრობენ კახეთის არასამთავრობო ორგანიზაციათა კლუბშიც.  

კომპანიის აქციებით დაინტერესების მოსაზრებას კატეგორიულად უარყოფს „აისის“ დირექტორი გურამ ბერიკაშვილი და მოვლენების შემდგომ განვითარებას ელოდება. საგულისხმოა, რომ გავრცელებულ ინფორმაციას კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, არც უარყოფენ და არც ადასტურებენ. 

გელა მთივლიშვილი კახეთიდან

 

ახალი ამბები