კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გთხოვთ ადგეთ ფეხზე, გარდაიცვალა ქართული სასამართლო!

17 იანვარი, 2006

გთხოვთ ადგეთ ფეხზე, გარდაიცვალა ქართული სასამართლო!


უზენაესი სასამართლოს თანამდებობიდან გათავისუფლებული მოსამართლეები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სადისციპლინო კოლეგიის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებას ამავე უწყების საბჭოში ასაჩივრებენ. მოსამართლეები გადაწყვეტილების გაუქმებას და გამართლებას მოითხოვენ. სამოქალაქო საზოგადოება მიიჩნევს, რომ აღნიშნული მოსამართლეები არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური დევნის მსხვერპლნი არიან.

უმაღლესი საბჭოს სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს - ნინო გვენეტაძეს და მერაბ ტურავას უფლებამოსილება შეუწყდათ, ხოლო დავით სულაქველიძეს გაფრთხილება მიეცა.

„ვთვლით, რომ ჩვენს მიმართ განხორციელებული დევნა იყო უსამართლო, გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი. ჩვენ სამართლიანი გადაწყვეტილების იმედი სადისციპლინო საბჭოს ეტაპზე არ გაგვაჩნია. ვფიქრობთ, რომ ეს არის კიდევ ერთი ფორმალური ეტაპი ჩვენს მიერ გასავლელი. კოლეგიის 4 წევრი, რომელმაც ჩვენს წინააღმდეგ გამოიტანა გადაწყვეტილება, ისევ მიიღებს საბჭოს მუშაობაში მონაწილეობას და მას საბჭოს კიდევ 2 წევრი დაემატება“,- ამბობს ნინო გვენეტაძე.

მოსამართლეების წინააღმდეგ ორი ბრალდება არსებობს: პირველი -არარეგისტრირებული მეუღლე, რომელთანაც პიროვნებას ჰყავდა 2 შვილი, მოსამართლემ სცნო დაზარალებულად და მეორე ბრალდება ეხება გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევის დაგვიანებას. იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის ანი დოლიძის განცხადებით, „არსებული დარღვევებისთვის დისციპლინარული პასუხისმგებლობა მოსამართლეებს შეიძლება დაეკისროთ მხოლოდ საქმის განხილვის დროს. აქ კი იყო აღსრულების სტადია, როდესაც გადაწყვეტილება გამოტანილია და მიექცევა აღსასრულებლად. ისინი თუ მაინც მიიჩნევენ, რომ ეს დარღვევაა მაშინ ჩვენი მოთხოვნაა, რომ მოსამართლეების გვერდზე, ბრალდებულთა როლში დიდი პალატის მთელი შემადგენლობა და მისი თავმჯდომარეც ისხდნენ. ვინაიდან დიდი პალატა, რომელიც სისხლის სამართლებლივ საქმეებს იხილავს, ასევე აგვიანებს საქმეების აღსრულებას და ეს შემიძლია დოკუმენტურად დავასაბუთო“.

მერაბ ტურავას განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო მთლიანად ასრულებდა სამი პოლიტიკოსის ნიკა გვარამიას (პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი), გიგა ბოკერიას ( პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე)  და ნინო კალანდაძის (პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე) მითითებებს. „ეს არის ე.წ. „ტროიკა“, რომელთაც მოსამართლეების წინააღმდეგ გადაწყვეტილება გამოიტანეს“,-ამბობს იგი.

აზრი იმის შესახებ, რომ მოსამართლეების წინააღმდეგ არა სამართლებლივი, არამედ პოლიტიკური დევნა ხორციელდება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმაც დააფიქსირეს. აღნიშნული მოსამართლეები პირველნი იყვნენ ვინც ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის ფაქტებზე საუბრობდნენ.
 
ეგრედწოდებული „დევნილი მოსამართლეების“ საქმე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა ხელისუფლების ზეწოლად შეაფასეს. საინიციატივო ჯგუფმა, რომელშიც საქართველოს „ახალგაზდა იურისტთა ასოციაცია“, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ და სხვა ათამდე არასამთავრობო ორგანიზაცია შედის, საჯარო განცხადება გააკეთა, რომელშიც ნათქვამია რომ: „სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მივიჩნევთ, რომ მოსამართლეთა გასამართლება და გადაწყვეტილების მიღება შაბათ-კვირას, ღამის საათებში, დაცვის უფლების დარღვევით, წარმოადგენს მოსამართლეთა მიმართ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას, პატივისა და ღირსების ხელყოფას. ამ მეთოდით მოსამართლეთა დევნა და მათი სამაგალითო დასჯა მიზნად ისახავს სასამართლო კორპუსის დაშინებას და მოსამართლეებში სრული მორჩილების სინდრომის დამკვიდრებას.


სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ვგმობთ სასამართლო  ხელისუფლებაზე განხორციელებულ ზეწოლას, მხარს ვუჭერთ უკანონოდ დევნილ მოსამართლეებს და ვითხოვთ სამართლიანობის აღდგენას და მოვუწოდებთ ხელისუფლებას დაიცვას კონსტიტუციით და კანონმდებლობით გათვალისწინებული მოვალეობები“.

კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის დირექტორის გიორგი ხუციშვილის აზრით, ხელისუფლება საზოგადოებაში შიშის სინდრომს ნერგავს, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი განსხვავებული აზრის მქონე პიროვნება დაისჯება. „რევოლუციის შედეგად მოსულმა ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ კურსი დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და ევრო ინტეგრაციისკენ აიღო. რეალურად კი მოვლენები საწინააღმდეგოდ განვითარდა. იზღუდება მასმედია, ზეწოლაა სასამართლო ხელისუფლებაზე, ასევე არასამთავრობო სექტორზე“,- ამბობს იგი.

„დევნილი მოსამართლეები“ აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში თუ საქართველოში არ მოხდება  მათი ინტერესთა დაცვა, ისინი  გადაწყვეტილებას ევროსასამართლოში გაასაჩივრებენ. ასეთ შემთხვევაში დაზარალებულ მხარეს შეუძლია მოითხოვოს კომპენსაცია მატერიალური, მორალური, გაცდენილი ხელფასის ანაზღაურება, რაც საქართველოს სახელმწიფოს დაეკისრება.

ანა ჩხაიძე

ახალი ამბები