კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კორუფცია ქათმის გრიპთან ბრძოლის სახელით საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე

18 იანვარი, 2006

კორუფცია ქათმის გრიპთან ბრძოლის სახელით საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე

კახეთის რეგიონის სხვადასხვა სოფლებში ფრინველი მასობრივად იხოცება, რაც ისედაც დაპანიკებული მოსახლეობის თავზარდაცემას იწვევს. საქართველო-აზერბაიჯანის მოსაზღვრე ლაგოდეხის რაიონის სოფელ ბაისუბანში, ბოჟაძეების ოჯახში ქათმების დახოცვის გამო მთელი დღის განმავლობაში ელოდნენ ფრინველის გრიპის წინააღმდეგ ბრძოლის რეგიონული შტაბის წარმომადგენლებს, თუმცა მათთან 8 საათის განმავლობაში არავინ მისულა. მოსახლეობის აღშფოთებას ხელს სასაზღვრო-გამშვებ პუნქზე ვირუსის წინააღმდეგ მიმდინარე სადეზინფექციო სამუშაოების არასწორად ჩატარება და ქათმის გრიპთან ბრძოლის სახელით არსებული კორუფციაც უწყობს.

ბოლო ორი დღის განმავლობაში სიღნაღის, თელავის, გურჯაანის და ლაგოდეხის რაიონების სოფლებში ფრინველი იხოცება. როგორც ქათმის გრიპის წინააღმდეგ ბრძოლის გურჯაანის შტაბში აცხადებენ, ამის მიზეზი სხვადასხვა დაავადებებია.

ჩვენთან საუბარში ფრინველის გრიპთან ბრძოლის გურჯაანის შტაბის უფროსი შალვა პეტრიაშვილი აცხადებს, რომ ჯერჯერობით კახეთში ფრინველის გრიპის შემთხვევა არ დაფიქსირებულა. „ლაგოდეხში დახოცილი ქათამი შემოწმდა და ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ ფრინველი მოწამლულია, რამაც გამოიწვია სიკვდილი. გამოკვლევა გრძელდება“,- დასძენს პეტრიაშვილი.
 
მოსახლეობა შიშობს, რომ ბაისუბანში (ლაგოდეხის რაიონი) დახოცილ ქათმებს ფრინველის გრიპის სიმპტომები ჰქონდათ, რაც ეჭვს ქათმის გრიპის წინააღმდეგ ბრძოლის გურჯაანის შტაბის ვეტერინარებშიც იწვევს, თუმცა შტაბში ამაზე ოფიციალურად არავინ საუბრობს. პირად საუბარში კი ვეტერინარი არ უარყოფს, რომ დახოცილი ქათმების გამოკვლევისას ბევრ რამეში შეეპარათ ეჭვი. შტაბში ვერც ფრინველის დახოცვის ზუსტ დიაგნოზზე მიუთითებენ.

აღსანიშნავია ასევე, რომ ლაგოდეხის ჭალის ტყეებში მონადირეები კვლავ ნადირობენ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის გიორგი პაპუაშვილის ბრძანებით, დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა აიკრძალა. “ჩვენ მონადირეთა კავშირის წევრები ვართ და ნადირობის ნებართვაც მათ მოგვცეს. რომ არ შეიძლებოდეს, თავადაც არ ინადირებდნენ”,- გვითხრეს ჭიაურის ტყის “პატარა ნაკრძალში” მყოფმა მონადირეებმა.
 
მოსახლეობის განსაკუთრებულ აღშფოთებას საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე შექმნილი მდგომარეობა იწვევს. მანქანა საზღვარს ვერ გადაკვეთავს, თუ მძღოლმა სადეზინფექციო სამუშაოს ჩასატარებლად ვეტდეპარტამენტის წარმომადგენელთა მიერ მითითებული თანხა არა გადაიხადა. „საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ყოველდღე იმას აცხადებს, ქათმის გრიპთან საბრძოლველად ყველაფერი უფასოაო, მაგრამ ხომ ხედავთ რაც ხდება. მსუბუქ მანქანას რომ გაუკეთონ დეზინფექცია 4 ლარი უნდა გადაიხადოს მძღოლმა, ხოლო ავტობუსმა 12 ლარი, მაგრამ ხშირად მეტსაც გვართმევენ. ვეტსამსახურის თანამშრომლებმა მითხრეს, ეს ახალი კანონია და ვალდებულები ხართ, თანხა გადაიხადოთო. გამაფრთხილეს, თუ ფულს არ გადაიხდი არ შევწამლით შენს ავტობუსს და საზღვარსაც ვერ გადაკვეთავო. მიასხეს მერე რაღაც აქა-იქ და გამიშვეს. არავითარ წესებს არ იცავენ. აირწინაღი მათ არ აქვთ და არაფერი. აუკიდიათ ზურგზე რაღაც აპარატი და არც იმას უკვირდებიან, ხალხი ადის თუ ჩამოდის მანქანაში. ფეხებშიც კი გვასხამენ. თან გვეუბნებიან, არ ინერვიულოთ, უფრო დაცულები იქნებით, ხომ ხედავთ ჩვენ სახეზეც არაფერი გვიკეთიაო“,- ამბობს ავტობუსის მძღოლი ფირუზ მაისურაძე.

ჩვენთან საუბარში აღნიშნულ ფაქტებს არ უარყოფს სასაზღვრო-სატრანსპორტო სახეობის ვეტერინარული ზედამხედველობის სამმართველოს წარმომადგენელი ლაგოდეხის რაიონში ჯემალ კუსიანი. მისი თქმით, მძღოლთა მიერ მანქანების დეზინფექციისათვის საჭირო თანხის გადახდა რეგულირდება 2003 წლის 7 მაისის კანონით ვეტერინარულ-საკარანტინო ღონისძიებებისათვის მოსაკრებლის განაკვეთების შესახებ, „სადაც აღნიშნულია, რომ პროფილაქტიკური დეზინფექციისათვის გადასახადი მსუბუქ ავტომანაქანაზე შეადგენს 3,60 ლარს, მიკროავტობუსზე 5,60 ლარს, ავტობუსზე 9,60 ლარს, თურქეთის მანქანებზე 12 ლარს“,- აღნიშნავს კუსიანი.
 
როგორც ხედავთ, კანონით დადგენილ თანხას „ფრინველის გრიპის სახელით“ სხვა ყოვლად გაუგებარი გადასახედებიც ემატება, აღელვებული მოსახლეობა კი აცხადებს, რომ „იმ შემთხვევაში, თუ საბაჟოზე არსებულ კორუფციას ბოლო დროულად არ მოეღება, თანხას აღარ გადავიხდით და საპროტესტო აქციებსაც გავმართავთ“.

გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ ფრინველი დაიხოცა აზერბაიჯანის მოსაზღვრე სიღნაღის რაიონის სოფელ ერისიმედსა და დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროშიც. შტაბში აღნიშნულ ინფორმაციას არ ფლობენ.
 


გელა მთივლიშვილი კახეთიდან

 

ახალი ამბები