კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვაზიანში ნაღმზე აფეთქებულ შალვა ბეგიაშვილს სახელმწიფო დახმარებაზე უარს უცხადებს

20 იანვარი, 2006

ვაზიანში ნაღმზე აფეთქებულ შალვა ბეგიაშვილს სახელმწიფო დახმარებაზე უარს უცხადებს

იმ დღის გახსენება, რომელმაც მთელი მისი ცხოვრება შეცვალა, დღესაც უჭირს. 26 წლის შალვა ბეგიაშვილი 2004 წლის 24 მარტს ვაზიანის პოლიგონზე ნაღმზე აფეთქდა, აფეთქების შედეგად  ორივე ხელი და ცალი ფეხი დაკარგა.

„ჯარში წასასვლელად საბუთები მოვაგროვე, თავდაცვის სამინისტროში უნდა შემეტანა, მაგრამ გზის ფული არ მქონდა და ამიტომ გადავედი ჯართის საძებნად სამხედრო პოლიგონზე“,- ამბობს შალვა ბეგიაშვილი. 2 შვილის მამა ოჯახის ერთადერთი მარჩენალი იყო. როგორც თვითონ ამბობს, ვაზიანის ტერიტორიაზე ჯართი ხშირად მოუგროვებია, უვარგისი ნაღმიც უპოვია და დაუშლია, მაგრამ არაფერი მოსვლია. იმ დღესაც ასე მოხდა, თუმცა დაშლისას ნაღმი ხელში აუფეთქდა.
მას შემდეგ თავდაცვის სამინისტროში უკვე მისი ოჯახის წევრები დადიან. ისინი სამინისტროსგან 2 წელია შალვას მკურნალობის თანხებს ითხოვენ, თუმცა უშედეგოდ.

ტერიტორია, რომელზეც რუსული სამხედრო ბაზები იყო განთავსებული, დიდი ხანია რაც თავდაცვის სამინისტროს კუთვნილებაშია. მიტოვებულ პოლიგონზე, იქვე ვაზიანის დასახლებაში მცხოვრები მოსახლეობა, ჯართის საძებნად ხშირად გადის. შალვას შემთხვევა პირველი არ არის, მანამდე აქ არაერთი ადამიანი აფეთქებულა ნაღმზე. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა სიკვდილითაც დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ტერიტორია  შემოღობილი არ არის და არც რაიმე ნიშანი მიუთითებს, რომ იქ შესვლა აკრძალულია.

ბეგიაშვილის ოჯახი სასამართლოს მეშვეობით ცდილობს სამინისტროსგან ფინანსური დახმარების მიღებას. მიუხედავად იმისა,  რომ საქმე პრიორიტეტულია და დაჩქარებულ ვადებში უნდა ყოფილიყო განხილული, წელიწადნახევარიანი ლოდინის შემდეგ, სასამართლოში საქმის განხილვა მხოლოდ  წინა კვირას დაიწყო.

„ჯერ ასაბუთებდნენ, რომ ჩვენი ტერიტორია არ არისო. ჩვენ მოვიძიეთ დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც ეს ტერიტორია თავდაცვის სამინისტროს საკუთრებაშია. უარის თქმის ეს საფუძველი მოიხსნა. შემდეგ გვითხრეს, არ აგებს პასუხს ამაზე თავდაცვის სამინისტრო და შესაბამისად ვერ აგინაზღაურებთ ზიანსო. მათ უნდა მოეხდინათ ტერიტორიის გაუვნებელყოფა და დაცვა. ეს საკითხი იყო და არის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრეროგატივა“,- ამბობს შალვა ბეგიაშვილის ადვოკატი მანანა კობახიძე.

თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ წერილში ნათქვამია, რომ სამინისტროს არ გააჩნია ფინანსური სახსრები; შესაბამისად, ვერ გაუწევს დახმარებას შალვა  ბეგიაშვილს. სასამართლო სხდომაზე თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი არ გამოცხადებულა.

„კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება არა მარტო სამოქალაქო პასუხისმგებლობის, არამედ იმ პირთა  სისხლის სამართლებლივი პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს, ვინც ვალდებული იყო ეზრუნა ამ ტერიტორიის უსაფრთხოებაზე.  ტერიტორია  დაცული რომ ყოფილიყო, არ დადგებოდა ის შედეგი რაც დადგა“,- ამბობს „ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის“ იურისტი გიგა გიორგაძე. 

გაითვალისწინებს თუ არა სასამართლო იურისტების არგუმენტებს ჯერ უცნობია. მანამდე კი ერთადერთი დახმარება, რასაც შალვა ბეგიაშვილი ღებულობს 28 ლარიანი პენსიაა. დანიშნული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა შალვა ბეგიაშვილის მკურნალობისათვის საჭირო  ზუსტ თანხას უახლოეს მომავალში  განსაზღვრავს.

ანა ჩხაიძე

ახალი ამბები