კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უკანონო გათავისუფლებების სერია ხელვაჩაურის რაიონში

23 იანვარი, 2006

უკანონო გათავისუფლებების სერია ხელვაჩაურის რაიონში

ხელვაჩაურის რაიონის ადგილობრივი თვითმმართველობის ეკონომიკური განყოფილების უფროსი ბადრი დოლიძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. გათავისუფლების მოტივაციას გამგეობა ძველი კადრის, ედუარდ გორაძის უვადო შვებულებიდან დაბრუნებით ხსნის. თუმცა გორაძე ამ პერიოდში შვებულებაში არ ყოფილა.

“კურიერმა მომიტანა ბრძანება ჩემი გათავისუფლების შესახებ. მოტივაცია ჩემთვის გაურკვეველია: „ედუარდ გორაძის უხელფასო შვებულებიდან დაბრუნებასთან დაკავშირებით, ბადრი დოლიძე გათავისუფლებული იქნას ხელვაჩაურის რაიონის ეკონომიკური განყოფილების უფროსის დროებით მოვალეობის შემსრულებლის დაკავებული თანამდებობიდან“. მე უფროსის თანამდებობაზე ვმუშაობდი და არა დროებით მოვალეობის შემსრულებელად”, _ აცხადებს ბადრი დოლიძე.

დოლიძე თანამდებობაზე კონკურსში გამარჯვების შემდეგ დაინიშნა და რამდენიმე თვე მუშაობდა. ის, თუ საიდან აღმოჩნდა დოლიძე ადგილობრივი თვითმმართველობის ეკონომიკური განყოფილების დროებით მოვალეობის შემსრულებელი, თვითონ დოლიძე ასე ხსნის: “როგორც ჩანს, შუალედური ბრძანებები დაიწერა რაიონის გამგეობის მიერ ჩემთან მიმართებაში, სადაც ალბათ, დროებითი მოვალეობის შემსრულებელად გადამიყვანეს“.

დღეს ამ თანამდებობაზე ედუარდ გორაძე მუშაობს. ის სამსახურს სასამართლოს გადაწყვეტილების ძალით დაუბრუნდა.

ედუარდ გორაძე ადგილობრივი თვითმმართველობის ეკონომიკური განყოფილების უფროსის თანამდებობიდან კონკურსის გამოცხადებამდე  გაათავისუფლეს. მიუხედავად იმისა, რომ გორაძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლო დავა იყო, კონკურსი მაინც ჩატარდა. გორაძის განცხადებით, “კონკურსი ჩემს თანამდებობას არ ეხებოდა, ის ვაკანტური არ ყოფილა”.

გორაძე თავის გათავისუფლებას გარკვეული პირების ინტერესებს უკავშირებს: “ეს ჩაწყობილი კარტი იყო. ჩემზე დევნა იმიტომ დაიწყეს, რომ მათი “გრეხები” დამალულიყო“. გორაძის საქმე ჯერ კიდევ სასამართლო ინსტაციაშია. რაიონის გამგეობას სააპელაციო სარჩელი აქვს შეტანილი გორაძის გათავისუფლების კანონიერების დასამტკიცებლად. დოლიძის საქმე კი ჯერჯერობით რაიონული სასამართლოშია.

რაიონის იურიდიული განყოფილების უფროსის იაკობ კაბარიას განცხადებით კი, “ჩვენ იძულებული ვიყავით სასამართლო გადაწყვეტილება აღგვესრულებინა, ანუ ედუარდ გორაძე სამსახურში აღდგენილიყო. მართალია, ბადრი დოლიძე კონკურსის შედეგების მიხედვით, უფროსად უვადოდ იყო დანიშნული, მაგრამ მას შემდეგ, რაც სასამართლოს გადაწყვეტილება მოვიდა, გამგებელმა დაუძახა დოლიძეს და უთხრა, რომ ის დროებით მოვალეობის შემსრულებლად უნდა გადასულიყო. დოლიძე ამაზე თანახმა იყო. ამაზე გამგებლის ბრძანებაც არის“.

აღსანიშნავია, რომ  ბადრი დოლიძე მსგავს ბრძანებას არ იცნობს.

ხელვაჩაურის რაიონში, ზაფხულის შემდეგ, თანამდებობებიდან უკანონოდ განთავისუფლების თაობაზე სასამართლოს რაიონის 40-მდე თანამშრომელმა მიმართა. ყველა მათგანი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე აღადგინეს და გაცდენილი დროის ხელფასებიც მისცეს.

მაკა მალაყმაძე ბათუმიდან

ახალი ამბები