კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოზარ სუბარი პატიმრის წამების ფაქტზე ალაპარაკდა

24 იანვარი, 2006

სოზარ სუბარი პატიმრის წამების ფაქტზე ალაპარაკდა

14 იანვარს ტუბერკულიოზით დაავადებულ პატიმართა დაწესებულებაში ნაცემი გოჩა ფაცურიას მდგომარეობას სოზარ სუბარი წამებად აფასებს. სახალხო დამცველის რეკომენდაციით, პატიმარი ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში უნდა გადაეყვანათ, თუმცა გოჩა ფაცურია დღესაც ნომერ პირველ საბყრობილეში იმყოფება.

მას შემდეგ, რაც ბაჩო ახალაია ომბუდსმენის აპარატიდან სასჯელაღსრულების სისტემაში გადავიდა,  ეს სოზარ სუბარის პირველი მწვავე კრიტიკაა ამ სისტემაში არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით. 

ბაჩო ახალაია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარედ სახალხო დამცველის მოადგილეობიდან მოვიდა. მისი ომბუდსმენის აპარატში მუშაობა საზოგადოებას ციხეებში პატიმრების ცემისა და წამების ფაქტების გამოაშკარავებით და ამ სისტემის ხელმძღვანელობის კრიტიკით დაამახსოვრდა. შოთა კოპაძის თანამდებობა მან ერთი თვეა რაც დაიკავა. ამ ხნის მანძილზე, ციხეებში მოშიმშილე პატიმრების ცემის ფაქტებთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის აპარატი დუმდა. პირველი კომენტარი პატიმრის  ცემის ფაქტზე, რომელიც წამებად შეფასდა, სოზარ სუბარმა გოჩა ფაცურიას ნახვის შემდეგ გააკეთა. როგორც ნაცემი პატიმარი აცხადებს, სპეცნაზმა იგი ორჯერ - ჯერ ტუბერკულიოზით დაავადებულ პატიმართა დაწესებულებაში, შემდეგ კი ქსნის მეორე კოლონიაში ცემა.

„მთლიანობაში ეს ორი ცემა მე შევაფასე როგორც წამება და თუ დადასტურდა, რომ გოჩა ფაცურია ორჯერ არის ნაცემი, გამოძიებას იურიდიულად სხვა დეფინიციის მოძებნა გაუჭირდება. მას მძიმე დაზიანებები ქონდა სახეზე, სხეულზე, ფაქტიურად ყველგან. რეკომენდაცია გავუწიე პროკურატურას, რომ გამოიძიოს ეს ფაქტი და კონკრეტული დამნაშავე პირები გამოავლინოს“,- ამბობს სოზარ სუბარი.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ადმინისტრაციის ოფიციალური ინფორმაციით,  გოჩა ფაცურიას მხრიდან ადგილი ჰქონდა წინააღმდეგობის გაწევას. მას ქონდა ე.წ. „შტირი“, იყო ნასვამ მდგომარეობაში და აყენებდა შეურაცყოფას ადმინისტრაციას. ამ  ფაქტს კატეგორიულად უარყოფს პატიმრის ოჯახი. გოჩა ფაცურიას ცემა მისი დის თანდასწრებით მოხდა. თეა ფაცურიას თქმით, ოთახიდან ჯერ მოტყუებით გოჩას დედა გაიყვანეს, შემდეგ კი სპეცდანიშნულების რაზმის წევრები შემოვარდნენ და პატიმარს ცემა დაუწყეს. გოჩა ფაცურია დისა და ორი მცირეწლოვანი დისშვილის თანდასწრებით სასტიკად ცემეს.

„ჩემ თვალწინ ცემა სპეცნაზმა. მერე გაიყვანეს და რამდენადაც მე ვიცი, გადაიყვანეს წინა ზონაში, კარცერში და იქ ცემეს კიდევ. ტელეფონზე ვერ ლაპარაკობს თვითონ. ღამის 3-4 საათი იქნებოდა დაგვირეკეს და გვითხრეს -  ნუ გეშინიათ ცოცხალია უბრალოდ ვერ დაგელაპარაკებათ ძაან მაგარი ნაცემიაო“, - ამბობს თეა ფაცურია.

პატიმრის მდგომარეობით სასჯელაღსრულების სისტემის მონიტორინგის საბჭოს წარმომადგენლებიც დაინტერესდნენ. მათი განცხადებით, გოჩა ფაცურიას მდგომარეობა ძალიან მძიმეა და იგი ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში უნდა იქნეს გადაყვანილი. მიუხედავად მრავალი რეკომენდაციისა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე ბაჩო ახალაია პატიმრის მკურნალობაზე უარს აცხადებს.

ანა ჩხაიძე

ახალი ამბები