კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არის გამოსავალი! „ახტალას გავყიდით“...

26 იანვარი, 2006

არის გამოსავალი! „ახტალას გავყიდით“...


გურჯაანის რაიონული სასამართლო ნანა ანდრონიკაშვილის სარჩელს იხილავს გურჯაანში მდებარე კურორტ „ახტალას“ დიდი ნაწილის საკუთრებად აღიარების შესახებ. ანდრონიკაშვილების მემკვიდრის ამ მოთხოვნისადმი ახტალას საერთო საცხოვრებელში მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით დევნილებისა და ადგილობრივი მმართველობის პროტესტის მიუხედავად, სასამართლომ შესაძლოა ახტალის ტერიტორიის ნაწილი მოსარჩელის საკუთრებად აღიაროს, რამეთუ  რესტიტუციის პრეცენდენტები საქართველოში უკვე არსებობს. რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხელისუფლებამ გამოსავალი გამონახა: „ახტალას“ გაასხვისებენ...
 
ნანა ანდრონიკაშვილმა გურჯაანის რაიონულ სასამართლოს 2004 წელს მიმართა და მოითხოვა მისი პაპის ზაქარია ანდრონიკაშვილის საკუთრებაში 1924 წლამდე არსებული გურჯაანში მდებარე ახტალის ტერიტორიის ნაწილის საკუთრებად აღიარება, რაც მოსამართლე სანდრო გიორგაშვილმა 2004 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით, იმ მოტივით არ დააკმაყოფილა, რომ სიკვდილის მომენტისთვის სასამართლოს აზრით, ზაქარია ანდრონიკაშვილს ახტალის ტერიტორია საკუთრებაში არ ჰქონია და ის სახელმწიფო საკუთრება იყო. მოსარჩელემ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება თბილისის საოლქო სასამართლოში გაასაჩივრა, რომელმაც საქმე განსახილველად კვლავ რაიონულ სასამართლოს დაუბრუნა.
 
„1924 წელს დატრიალებულ სისხლიან ტრაგედიას ემსხვერპლა ჩემი პაპის ზაქარია ანდრონიკაშვილის ოჯახი, რომლის ერთადერთი მემკვიდრეც, მამაჩემი ნიკოლოზ ანდრონიკაშვილი მთაწმინდა-კრწანისის რაიონულმა სასამართლომ 1998 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილებით, პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარა. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის თანახმად, საკუთრების უფლება აღიარებულია და უზრუნველყოფილი. დაუშვებელია მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით გადაცემის საყოველთაო უფლების გაუქმება. გურჯაანის სასამართლომ ეს ყველაფერი უარყო, არ იმსჯელა ნოტარიულად დამოწმებულ იმ გეგმაზე, რომელშიც ახტალის ტერიტორიის ნაწილის მესაკუთრედ პაპაჩემია მითითებული. მოპასუხე, გურჯაანის რაიონის გამგეობას არ წარმოუდგენია და საქმეში არ დევს რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა სახელმწიფოს საკუთრებას სადავო ქონების მიმართ. სასამართლომ არ გამოიყენა მთელი რიგი კონსტიტუციური, საერთაშორისო სამართლებრივი და სამოქალაქო სამართლებრივი ნორმები, რომლებიც უნდა გამოეყენებინა“, - აცხადებს ნანა ანდრონიკაშვილი და უკანონოდ ჩამორთმეული ქონების რესტიტუციის პრეცენდენტებზე მიუთითებს.

ჩვენთან საუბარში გურჯაანის რაიონის გამგეობის იურისტი ჟუჟუნა პაპუნაშვილი გურჯაანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას კანონიერად მიიჩნევს და  აცხადებს, რომ ნანა ანდრონიკაშვილს წარმოდგენილი აქვს სიგელი, რომელსაც არა აქვს რეგისტრაციის ნომერი და ბეჭედი, რის გამოც იგი არ შეიძლება ჩაითვალოს მემკვიდრეობის საფუძვლად. 
გავრცელებულ ინფორმაციას, მოსარჩელის მოთხოვნის უგულებელყოფის მიზნით, სახელმწიფოს მიერ კურორტის შესაძლო გასხვისების შესახებ, სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების გურჯაანის სამმართველოს უფროსი ირაკლი მინდიაშვილი სავარაუდოს უწოდებს. „კურორტი სააქციო საზოგადოებაა და მისი გასხვისება ადვილად არ ხდება. თუ ინვესტორი იქნება... იცით, ვერ გეტყვით, რადგან ამის შესახებ უტყუარი ინფორმაცია არ მაქვს“,- განაცხადა ირაკლი მინდიაშვილმა.
 
კურორტის შესაძლო გასხვისების თაობაზე ინფორმირებული არც კურორტ „ახტალის“ დირექტორი გოგა უტიაშვილია. მისი თქმით, თუ გამოჩნდება ისეთი ინვესტორი, რომელიც „ახტალას“ უკეთეს მდგომარეობას შეუქმნის, ამას წინააღმდეგობას არ გაუწევენ. „რაც შეეხება ანდრონიკაშვილს, მან შეძლო უკვე რუსეთის მეფის დროინდელი საბუთებით რაღაცეების დაბრუნება სურს. ახლა ახტალის ტალახის ადგილის მისაკუთრება უნდა. ამას არ დავუშვებთ. კურორტის მთელი პერსონალი ამის წინააღმდეგია და ბოლომდე დავიცავთ“,- აღნიშნავს გოგა უტიაშვილი და მას ახტალის საერთო საცხოვრებელში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილებიც ეთანხმებიან. „კურორტის გასხვისება რომ უნდათ, ეს ჩვენც ვიცით, მაგრამ აქედან ფეხს მანამ არ მოვიცვლით, სანამ შესაბამის თანხებს არ მოგვცემენ. ...განა შეიძლება სამკურნალო ტალახი ერთი ადამიანის ხელში აღმოჩნდეს?“- კითხულობენ ისინი და დასძენენ, რომ სასამართლო პროცესს დაესწრებიან და თუ მოსამართლე გადაწყვეტილებას მოსარჩელის სასარგებლოდ გამოიტანს, გააპროტესტებენ.  
 
„თუ გავითვალისწინებთ, რომ ხელისუფლების ნება ობიექტთა პრივატიზაციისადმი, მიუხედავად საკანონმდებლო ბარიერებისა, ურყევი და „მიზანმიმართულია“, წარმოუდგენელი არც „ახტალის“ შესაძლო გასხვისებაა. თანაც ხელისუფლება ამტკიცებს, რომ კურორტი სახელმწიფო საკუთრებაა და რა შეუშლის ხელს, რომ გაასხვისონ?“- გვითხრა ადამიანის უფლებათა ცენტრის კახეთის ფილიალის იურისტმა ლია ხუროშვილმა.
 
გურჯაანის რაიონული სასამართლო ნანა ანდრონიკაშვილის სარჩელს სავარაუდოდ იანვრის ბოლოს განიხილავს.
 


გელა მთივლიშვილი კახეთიდან

ახალი ამბები