კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აღუსრულებელი სასამართლო გადაწყვეტილებები

31 იანვარი, 2006

აღუსრულებელი სასამართლო გადაწყვეტილებები

საბიუჯეტო ორგანიზაციები სასამართლო წესით დაკისრებული დავალიანებების გადახდაზე უმეტეს შემთხვევაში უარს აცხადებენ. ადამიანებს, რომლებმაც სასამართლოს გზით მიაღწიეს საკუთარი დარღვეული უფლებების აღდგენას, სასამართლო გადაწყვეტილება ფურცელზე რჩებათ და მათი უფლებების დარღვევა უკვე აღსრულების პროცესში გრძელდება. სტატისტიკური მონაცემებით, 2005 წელს სასამართლო გადაწყვეტილებების მხოლოდ 4% იქნა აღსრულებული სახელმწიფო ორგანიზაციების მიერ.
 
სახალხო დამცველის ოფისში 2005 წლის იანვრიდან  იმ განცხადებების რიცხვმა იმატა, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილებათა არ აღსრულებას ეხება. მოპასუხე უმრავლეს შემთხვევებში სახელმწიფო ორგანიზაციაა, ასეთი განცხადებების რიცხვმა გასულ წელს 1500-ს მიაღწია.

„სასამართლოს გადაწყვეტილება ხელში მიჭირავს, ვის არ მივაკითხე, მაგრამ შედეგს ვერ მივაღწიე. რა აზრი ჰქონდა სასამართლოებში სირბილს და ამდენ წვალებას თუ მაინც ვერაფერს მივიღებდი“, - ამბობს შოთა თევზაძე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, რომელიც საკუთარი სახელფასო დავალიანებისა და თანამდებობრივი სარგოს მიღებას 2000 წლიდან ცდილობს.

სახალხო დამცველის ოფისში აცხადებენ, რომ საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებები თითქმის ყოველთვის უარს აცხადებენ სასამართლო წესით დაკისრებული დავალიანებების გადახდაზე. ამის პარალელურად სააღსრულებო დეპარტამენტიც თავს იკავებს იძულებითი აღსრულებისაგან იმ მოტივით, რომ აღნიშნული ქმედება ზიანს აყენებს ბიუჯეტს.

იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტში კი არსებულ პრობლემებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ ისინი იმავე ზომებს მიმართავენ საბიუჯეტო ორგანიზაციების  მიმართ, რასაც კერძო კომპანიების შემთხვევაში. „3 თვის განმავლობაში, რაც მე ამ თანამდებობაზე ვარ, მსგავსი პრობლემა არ მქონია. ჩვეულებრივად ხდება თანხების ამოღება საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან ისევე, როგორც კერძო კომპანიებიდან. სასამართლო წესით დადგენილი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, მოვალის საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა ხდება თანხის უდავო წესით ჩამოჭრის მიზნით“, - ამბობს სააღსრულებო დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ელისაბედაშვილი.
 
მიმდინარე კანონმდებლობის შესაბამისად, როდესაც არსებობს სასამართლო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, აღმასრულებელი ნებაყოფლობით აღსრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ვალდებულია იძულებით განახორციელოს თანხების ჩამოჭრა და ამ გზით მოახდინოს კრედიტორთა დაკმაყოფილება, თუმცა სახელმწიფო ორგანიზაციების მიმართ კანონის ეს ფორმა დიდი ხანია, რაც ფორმალობას წარმოადგენს.

1998 წელს სვანეთში სპეცოპერაციის დროს რიგოლეტა კვიციანის საგვარეულო სახლი გადაიწვა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, საზღვრის დაცვის დეპარტამენტს 60 000 ლარის გადახდა დაეკისრა. მიუხედავად იმისა, რომ კვიციანების ოჯახს სააღმსრულებო ფურცელი ხელში ეჭირა, 8 წლის მანძილზე მათ თანხის მიღება ვერ შეძლეს. 2005 წლის  დეკემბრში ოჯახს თანხის ნაწილი გადაუხადეს. „მინისტრიც შევაწუხე, მინისტრის მოადგილეც, ფაქტიურად მთელი სააღმსრულებო. მე სხვა  პრობლემაც მქონდა, ჩემი საცხოვრებელი ბინა დაგირავებულია და მასახლებდნენ. იმ თანხით, რაც მივიღე, გასახლება შევაჩერე. თუკი დანარჩენი თანხის ამოღება შევძელი ბინას მთლიანად გამოვიხსნი“, - აცხადებს რიგოლეტა კვიციანი.

კვიციანების იპოთეკით დატვირთული სახლის გასხვისებისას სააღმსრულებლომ „პირნათლად“ შეასრულა თავისი მოვალეობა, რომ არა ბოლო წუთს გადახდილი თანხა ბინა აუქციონის გზით გასხვისდებოდა. კერძო პირებისაგან თანხის ამოღებას სააღმსრულებლო უპრობლემოდ ახორციელებს. სხვა საკითხია, როცა საქმე საბიუჯეტო ორგანიზაციას ეხება.

სახელმწიფო სააღსრულებლო ნაწილში პრობლემების არსებობას უარყოს. ფაქტი კი ერთია, სახელმწიფო დავალიანება სხვადასხვა კრედიტორებზე 45 მილიონ ლარს აღწევს. საჯარო სამსახურებიდან გათავისუფლებული ადამიანების საქმეების უმეტესობა ჯერ-ჯერობით სასამართლოშია. საინტერესოა, აქვს თუ არა აზრი სასამართლო გადაწყვეტილების ლოდინს, როცა მისი აღსრულების ძალიან მცირე შანსი არსებობს.

ანა ჩხაიძე

ახალი ამბები