კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ტელეკომპანია “თანამგზავრის” დირექტორი დაპატიმრებას გადარჩა

7 თებერვალი, 2006

ტელეკომპანია “თანამგზავრის” დირექტორი დაპატიმრებას გადარჩა


2 თებერვალს კახეთის რეგიონის ყველა მედია-საშუალება თელავის რაიონულ სასამართლოში რამდენიმე საათის განმავლობაში ელოდა მოსამართლე ნათელა ჯაშიაშვილის განაჩენს. შს თელავის რაიონული სამმართველო ტელეკომპანია “თანამგზავრის” დირექტორს ენრი კობახიძეს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში სდებდა ბრალს... ბრალდება თელავის რაიონულ სასამართლოში 1 თებერვალს ჩატარებულ ერთ-ერთ სასამართლო პროცესს უკავშირდებოდა.
 
1 თებერვალს თელავის რაიონულმა სასამართლომ ენრი კობახიძის მეგობარს და ბიზნეს-პარტნიორს ლუკა რამაზაშვილს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნულ პროცესს ენრი კობახიძეც ესწრებოდა. როგორც თელავის პოლიციის თანამშრომლები აცხადებდენ, მოსამართლე ნემსიწვერიძის მიერ ბრძანების გამოცხადებას ენრი კობახიძის მხრიდან გინება მოჰყვა. მოწმეთა ერთი ნაწილის განცხადებით, კობახიძემ შეურაცხყოფა მოსამართლეს მიაყენა.
 
2 თებერვლის სასამართლო პროცესზე ბრალმდებლის სახით შს თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომელი უჩა იაგორაშვილი წარსდგა. მან სასამართლოს განუცხადა: “როდესაც ბრძანება გამოაცხადეს, ხალხი აჩოჩქოლდა და დავინახე, რომ ამ ადამიანმა (ხელი ბრალდებულისაკენ გაიშვირა) მგონი შეიგინა... მოსამართლე ამ დროს მგონი დარბაზიდან გადიოდა... ჩემს გარდა პოლიციის სხვა თანამშრომლებიც დაადასტურებენ ამას...”  უჩა იაგორაშვილის “მგონი” რამდენიმე წუთში შეიცვალა და მან სასამართლოს განუცხადა, რომ ზუსტად დაინახა, თუ როგორ შეაგინა კობახიძემ მოსამართლე.
 
მიუხედავად იმისა, რომ იაგორაშვილმა სასამართლოზე საკუთარი განცხადებების განსამტკიცებლად მოწმეებად თავისი თანამშრომლები მოიყვანა, წინა დღეს საკუთარი ხელით შედგენილ ოქმში მათ შესახებ რატომღაც არაფერი მიუთითა, რაც შემდეგნაირად ახსნა: “მოწმეები ოქმის შედგენის დროს არ იყვნენ და ოქმშიც ამიტომ არ არიან დაფიქსირებულები...”
 
სასამართლოზე გამოსული ზოგიერთი მოწმე აცხადებდა, რომ ტაშს მთელი დარბაზი უკრავდა, ზოგი მათგანი კი ირწმუნებოდა, რომ “დარბაზში აბსოლუტური სიჩუმე იყო და ტაში მხოლოდ ენრი კობახიძემ დაუკრა...”
 
ტელეკომპანია “თანამგზავრის” დირექტორმა სასამართლოს და ჟურნალისტებს განუცხადა, რომ “ყოველივე ბინძური ცილისწამებაა და ყველაფრის უკან ადგილობრივი ხელისუფლება და კონკრეტულად თელავის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი გოჩა მამაცაშვილი დგას, რომელმაც სხვადასხვა მეთოდებით ბევრჯერ სცადა ტელევიზიის ხელში ჩაგდება და რადგან არაფერი გამოუვიდა, გადაწყვიტა ტელევიზიის ხელმძღვანელობა ციხეში გაუშვას...”
  
2 თებერვლის სასამართლოზე მოწმის სახით თელავის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი თამაზ ხიდაშელიც დაიკითხა. მან სასამართლოს განუცხადა, რომ “გუშინ, მთელი დღის განმავლობაში, დილიდან საღამომდე მე და ენრი ერთად ვიყავით. ლუკა რამაზაშვილი ჩემი მეგობარია და მის სასამართლოს მეც ვესწრებოდი. ვადასტურებ, რომ ენრის არ შეუგინებია და საერთოდ ამ პროცესზე მე გინება არ გამიგონია...”
 
განაჩენის გამოსატანად გასული მოსამართლე ჯაშიაშვილის დარბაზში გამოჩენამდე სასამართლოს შენობაში მყოფი თითქმის ყველა ჟურნალისტი ენრი კობახიძის დაპატიმრებას პროგნოზირებდა. მის საფუძველს სასამართლოს შენობასთან საგანგებოდ მობილიზებული ბადრაგი იძლეოდა...
 
მოსამართლის გადაწყვეტილება ყველასათვის მოულოდნელი აღმოჩნდა. თელავის რაიონულმა სასამართლომ ენრი კობახიძეს ჯარიმის სახით 7.5 ლარი დააკისრა.
 
მიუხედავად იმისა, რომ ტელეკომპანიის დირექტორი დაპატიმრებას გადარჩა, სასამართლოზე დამსწრე საზოგადოების დიდი ნაწილის აზრით, სასამართლოს ასეთი გადაწყვეტილება ერთის მხრივ პარლამენტარ ხიდაშელის იქ ყოფნის ფაქტორმა განაპირობა, მეორეს მხრივ კი – კახეთის მედიის დღეს ყველაფერი კარგად დამთავრდა, მაგრამ ეს კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება ამ მარცხს შეეგუება და პოზიციებს დათმობს.

აღსანიშნავია, რომ ხვალ 4 თებერვალს 12 საათზე ტელეკომპანია „თანამგზავრი“ გეგმავს აქციას, რომელსაც უერთდებიან ადგილობრივი მედია და არასამთავრობოების წარმომადგენლები. მათი მოთხოვნაა შეწყდეს თავისუფალ მედიაზე ზეწოლა. აღნიშნულ აქციას შეუერთდებიან საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული მედია საშუალებების წარმომადგენლები.


ვერიკო კობიაშვილი

ახალი ამბები