კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სამსახურიდან დათხოვნილი ენერგეტიკოსები სამართალს ეძებენ

7 თებერვალი, 2006

სამსახურიდან დათხოვნილი ენერგეტიკოსები სამართალს ეძებენ

საქართველოს გაერთიანებული ენერგოკომპანიის ზუგდიდის ფილიალის 20- მდე თანამშრომელმა 2 თებერვალს ქალაქის ცენტრში დიდთოვლობის მიუხედავად მაინც მოიყარა თავი და გამაფრთხილებელი აქცია გამართა. ისინი ენერგოკომპანიის ხელმძღვანელობისაგან 2003 წლიდან დაგროვილი გაყინული ხელფასებისა და კომპენსაციების გაცემას ითხოვენ და აცხადებენ, რომ აქციების უკიდურეს ფორმებსაც კი არ მოერიდებიან საკუთარი უფლებების დასაცავად.
 
„სამსახურიდან მოულოდნელად, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დაგვითხოვეს. ადმინისტრაციისგან არცერთ ჩვენგანს არ მიუღია ბრძანება გათავისუფლების შესახებ, ვერ მივაღწიეთ იმასაც, რომ შრომის წიგნაკები დავიბრუნოთ“,- აცხადებს აქციის მონაწილე მურმან კაკაჩია და იმედოვნებს, რომ ენერგეტიკოსები სამართალს იპოვიან. ენერგოკომპანიის სამსახურიდან დათხოვილი თანამშრომლების ადვოკატის მებრძოლი ჭკადუას განცხადებით, ის რამდენიმე თვეა ამაოდ ცდილობს სარჩელის მოსამზადებლად შესაბამისი დოკუმენტაციის მოგროვებას და ენერგოკომპანიის მხრიდან საჯარო ინფორმაციის გაუცემლობაზეც საუბრობს: „შვიდ თვეზე მეტია, გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის გენერალური დირექტორის, სორნტონის უკანონო ბრძანებულება ხელს მიშლის საჯარო ინფორმაციის მოპოვებაში. ამ ბრძანებით, ის ხელქვეითებს ინფორმაციის გაცემას უკრძალავს. ეს კი, მოგეხსენებათ საქართველოს კანონმდებლობას ეწინააღმდეგება“.

გაერთიანებულ სადისტრიბუციო ენერგოკომპანიაში ამ ფაქტის კომენტირებისგან თავს იკავებენ, თუმცა აცხადებენ, რომ ძველი კადრები ახლით შეიცვალა და ეს სრულიად ჩვეულებრივი მოვლენაა.

უკვე უმუშევარი, სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის რეალიზაციის განყოფილების ხელმძღვანელი სოსო ბეჭვაია კი თვლის, რომ ახალმა ხელმძღვანელობამ უბრალოდ ძველი პროფესიონალები საკუთარი კადრებით ჩაანაცვლა: „ჩვენი მუშაობის დროს ელექტროენერგიის გადასახადის მოსახლეობისგან ამოღების პროცენტი დიდი იყო, ტესტირებებისაც არ შეგვშინებია, მაგრამ ცხადია, ქობალიას ზუგდიდში პროფესიონალები არ სჭირდება (გოჩა ქობალია-სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის ზუგდიდის ორგანიზაციის უფროსი)“.

2004 წელს ენერგოკომპანიიდან დათხოვნილი ენერგეტიკოსები ხელმძღვანელობისაგან შრომის კანონისა და ადამიანთა უფლებების დაცვას ითხოვენ და უახლოეს ხანში აქციის პარალელურად პრესკონფერენციის გამართვასაც გეგმავენ.

მაია ღუბელაძე ზუგდიდიდან

ახალი ამბები