კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჟურნალისტები ქუჩაში – კახეთში თავისუფალი სიტყვა იდევნება

7 თებერვალი, 2006

 ჟურნალისტები ქუჩაში – კახეთში თავისუფალი სიტყვა იდევნება

მას შემდეგ, რაც კახეთში ჟურნალისტებს ფიზიკურად არაერთხელ გაუსწორდნენ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მედიის წარმომადგენლებზე ზეწოლას სულ უფრო ინტენსიური ხასიათი მისცა. ჟურნალისტების ცემა უკვე თელავის რაიონის გამგეობის შენობაში, თვითონ გამგეობის თანამშრომლებმა დაიწყეს, ხოლო ტელეკომპანია “თანამგზავრის” დირექტორის ენრი კობახიძის დაპატიმრება სრულიად აბსურდული ბრალდებით სცადეს...
 
თელავის რაიონის ხელმძღვანელობის ქმედებებმა მთელი კახეთის მედია ქუჩაში გამოიყვანა.
“კახეთში ჟურნალისტები იდევნებიან!” “ჟურნალისტები საფრთხეში ვართ!” “კახეთში თავისუფალი სიტყვა იდევნება!” “არ დავუშვებთ 37 წლის განმეორებას!” -
ასეთი შინაარსის ტრანსფარანტებით 4 თებერვალს თელავის რაიონის გამგეობის შენობის წინ კახეთში მომუშავე ჟურნალისტებმა მდუმარე საპროტესტო აქცია მოაწყეს.

მიუხედავად წვიმისა და სიცივისა, ოცამდე ჟურნალისტი ერთი საათის განმავლობაში მდუმარედ, ყოველგვარი ხმაურისა და ექსცესების გარეშე ადგილობრივ ხელისუფლებას ერთგვარ გაფრთხილებას აძლევდა.

მედიის წარმომადგენლებს მხარი რეგიონის არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ოპოზიციურ პარტიებთან ერთად თელავის საზოგადოებამაც დაუჭირა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თელავის ოფისის ხელმძღვანელის ლელა ტალიურის განცხადებით, “ადგილობრივი ხელისუფლება ვალდებულია აიტანოს ჟურნალისტების ობიექტური კრიტიკა.”

აქციის მონაწილეებმა საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს და პრეზიდენტის რწმუნებულს კახეთის მხარეში პეტრე ცისკარიშვილს წერილობითი მიმართვაც გაუგზავნეს. მიმართვის ტექსტში ნათქვამია: “...კახეთში დამოუკიდებელი აზროვნება, თავისუფალი სიტყვა საფრთხეშია! საფრთხეში არიან ის ჟურნალისტები, რომლებსაც საგაზეთო სტატიების თუ სატელევიზიო სიუჟეტების გამო სახლში ხელყუმბარებს უფეთქებენ, ფიზიკურად უსწორდებიან და უკეთეს თუ უარეს შემთხვევაში დასცინიან...
ბატონო პრეზიდენტო, ბატონო რწმუნებულო, აქ შევიკრიბეთ, რომ ადგილობრივი ჟურნალისტების გულისტკივილი თქვენამდე მოვიტანოთ და ჩვენი უფლებები დავიცვათ.
თქვენი თანადგომის იმედი გვაქვს.”

აქციის მონაწილე ჟურნალისტების განცხადებით, “თუ ადგილობრივი ხელისუფლება არ შეწყვეტს მედიაზე ზეწოლას, ქუჩაში უკვე ხალხის მასები გამოვლენ და არა მდუმარე, არამედ ხმაურიანი საპროტესტო აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.”
  
თელავის რაიონის გამგეობის წინ მდგარ ჟურნალისტებს არც გზა გადაუკეტიათ და არც საზოგადოებრივი წესრიგი დურღვევიათ, თუმცა საგანგებოდ მობილიზებულ სამართალდამცავთა მრავალრიცხოვანი ჯგუფი მედიის წარმომადგენლებს შორიახლოდან აკვირდებოდა და თელავის რაიონის გამგეობის თანამშრომელთა იდილიას გულმოდგინედ იცავდა.

ვერიკო კობიაშვილი თელავიდან

ახალი ამბები