კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კასპელი ჟურნალისტი გამგებლის მოადგილეს უჩივის

15 თებერვალი, 2006

კასპელი ჟურნალისტი გამგებლის მოადგილეს უჩივის

2005 წლის დეკემბერში სახლისკენ მიმავალი კასპელი ჟურნალისტი ირმა კიტრიაშვილი კასპის რაიონის გამგებლის მოადგილემ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა გოგი მერებაშვილმა, საკუთარ სასადილოში სასაუბროდ შეიპატიჟა, სადაც სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ადგილობრივ გაზეთ “თრიალეთში”  მის საწინააღმდეგოდ გამოქვეყნებული სტატიის გამო.

როგორც ირკვევა, ჯერ კიდევ 2005 წლის ზაფხულის თვეში, გორში გამომავალ გაზეთ „თრიალეთის“  ფურცლებზე გამოქვეყნდა სტატია - „რა ქონებას მალავს კასპის რაიონის გამგებელი“, სადაც აღნიშნული იყო კასპის რაიონის გამგებლისა და მისი მოადგილეების კანონსაწინააღმდეგო ქმედებები, მათ შორის გოგი მერებაშვილისაც.

ადგილობრივი მოსახლე აცხადებდა, რომ გამუდმებული სიმთვრალის გამო, გოგი მერებაშვილი მოქალაქეებს არ იღებდა.

ირმა კიტრიაშვილი აცხადებს, რომ როდესაც იგი საღამო ხანს სამსახურიდან სახლისკენ მიდიოდა, ერთ-ერთ სასადილოსთან და ბენზინგასამართ სადგურთან, რომლებიც სხვათა შორის მერებაშვილის კუთვნილებაა, სასადილოში მთვრალმა მერებაშვილმა შეიპატიჟა სალაპარაკოდ. შესვლისთანავე (იქ ოფიციანტები და სხვა თანამშრომლებიც იყვნენ), კარებში ჩადგა და დაიწყო ხმამაღლა ყვირილი, გინება და მუქარა. ჟურნალისტს გარეთ აღარ უშვებდა და სხვების თანდასწრებით აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას.

ირმა კიტრიაშვილი: „მეუბნებოდა, რომ რაც გორში ემართება ჟურნალისტებს, რომ სცემენ და ატერორებენ, მეც ასე დამემართებოდა კასპში. ვუხსნიდი, რომ სტატია ჩემი დაწერილი არ იყო და ეკუთვნოდა საბა წიწიკაშვილს, მაშინ ის ჩვენთან მუშაობდა მეთქი. მაგრამ მაინც ყვიროდა, რომ გორელი ჟურნალისტები კასპში მე ჩამყავს და ვაწერინებ იმ ინფორმაციებს, რაც შეიძლებოდა მე ვერ დამეწერა.“

ჟურნალისტმა განცხადება პროკურატურაში შეიტანა. პროკურატურამ ყველა ის მოწმე დაკითხა, ვისაც ჟურნალისტი უთითებდა. პროკურატურიდან მასალები სხვადასხვა ინსტანციებში, მათ შორის, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის გორის განყოფილებაშიც გადაიგზავნა. საბოლოოდ, ჟურნალისტს მისწერეს, რომ მისი შეურაცხყოფის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეს გოგი მერებაშვილის წინააღმდეგ ვერ აღძრავდნენ, რადგან არც ერთი მოწმე არ ადასტურებდა ჟურნალისტის  შეურაცხყოფას.

საინტერესოა, რომ ინციდენტის დროს გოგი მერებაშვილი შვებულებაში იმყოფებოდა.  როგორც ტელეკომპანია და გაზეთი „თრიალეთის“  დამფუძნებელი და პარლამენტარი ბადრი ნანეტაშვილი აცხადებს, მისი დაჟინებული თხოვნით, გუბერნატორმა მიხეილ ქარელმა გოგი მერებაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლება ბრძანა. ირმა კიტრიაშვილს მიაჩნია, რომ თუკი გოგი მერებაშვილი რწმუნებულმა მისი შეურაცყოფის გამო თანამდებობიდან გაათავისუფლა, მაშინ სამართალდამცავები რატომ არ რეაგირებენ აღნიშნულ ფაქტზე. „მაშ, რის საფუძველზე გაათავისუფლეს კასპის გამგებლის მოადგილე, თუკი ის დამნაშავე არ იყო?“  - კითხულობს ჟურნალისტი.

საბა წიწიკაშვილი გორიდან

ახალი ამბები