კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

SOS - რადიაცია (ნაწილი მეორე)

21 თებერვალი, 2006

 SOS - რადიაცია

(ნაწილი მეორე)

ტექნიკური პროგრესი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება

ნერვული სისტემის, გულ-სისხლძარღვთა და ონკოლოგიური დაავადებების მასობრივად მომრავლება საქართველოს ტერიტორიაზე განსაკუთრებით ბოლო ათწლეულში შეიმჩნევა. მოსახლეობა ღრმად არის დარწმუნებული, რომ დაავადებებს როგორც ქიმიური და რადიაციული ნივთიერებების ნარჩენებით დაბინძურებული გარემო, ასევე დასახლებულ პუნქტებში არსებული მობილური ტელეფონის ანძები იწვევს.

კახეთის რეგიონის თითქმის ყველა რაიონში, საზოგადოებრივი ჯგუფების მიერ ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით, ყოველი 50-ე ადამიანი სიმსივნითაა დაავადებული. მოსახლეობა ამას უკავშირებს, როგორც ტერიტორიის მიტოვებული  ქიმიური ნივთიერებებით დაბინძურებას (რაზეც წინა სტატიაში გვქონდა საუბარი), ასევე დასახლებულ პუნქტებში არსებული მობილური ტელეფონის ანძების მავნე ზემოქმედებას.
 
ყვარლის რაიონის სოფელ სანავარდოს მკვიდრთ, რამდენიმე წლის წინ, სოფელში, ყვარლის ტელეანძის სიახლოვეს დამონტაჟებულმა ფიჭური კავშირის - „მაგთის“ ანძამ, როგორც სანავარდოელები ამბობენ, დიდებსაც და პატარებსაც „პროტრომბინი დამართა“ და ხალხი სხვადასხვა ტიპის დაავადებებით დაავადდა, რასაც ადგილობრივი მედიცინის მუშაკებიც ადასტურებენ.
 
„რაც სანავარდოში „მაგთის“ ანძა დაიდგა, ხალხი მასიურად დაავადდა სხვადასხვა ტიპის დაავადებებით. სოფელში ძალიან გახშირდა ინფარქტის შემთხვევები. ყველას მაღალწნევიანობა, თავის ტკივილები გვაქვს. ბავშვებს დაბადებიდან მაღალი პროტრომბინი აქვთ. გარდა ამისა, როცა ანძა დადგეს, გვითხრეს, 24 საათიანი ელექტროენერგია გექნებათო. ამაშიც მოგვატყუეს. იმ ანძის ძირში რკინის ჯიხური რომ დგას, შიგ აგრეგატია მოთავსებული რომელიც ელექტროენერგიის გამორთვისას ავტომატურად ირთვება და იმხელა ხმაზე გრუხუნებს, რომ თუ ღამეა, საწოლებიდან ჩვენდაუნებურად წამოვცვივდებით ხოლმე. უწყვეტი შუქის მოთხოვნითაც არაერთი საპროტესტო აქცია გავმართეთ, გზებიც გადავკეტეთ, ვის აღარ მივმართეთ, მაგრამ ყურადღება არავინ არ მოგვაქცია“,- ამბობს ადგილობრივი მოსახლე 61 წლის დარიკო კეღოშვილი.

 „სანავარდოში ბოლო წლებში თითქმის ყველა ღვიძლის ცეროზითა და კიბოთი კვდება“, - აღშფოთებას ვერ მალავს ნანი ბალახაშვილი.

კომპანია „მაგთის“ თელავის ოფისში, ყვარლის რაიონის სოფელ სანავარდოში მდგომი ანძის მიერ მოსახლეობის დასხივების ვერსია უარყვეს და ამის დასტურად სანიტარული ზედამხედველობის სამსახურის ნებართვა მოიყვანეს. დოკუმენტში, როგორც ჩვენთან სატელეფონო საუბარში „მაგთის“ საბაზო სადგურების კახეთის რეგიონის კოორდინატორმა აღნიშნა, წერია, რომ „მაგთის“ აღნიშნული ანძა მოსახლეობის ჯანმრთელობას არაფერს ავნებს. ყვარლის მოსახლეობა კი ანძის აფეთქებით იმუქრება.

2004 წელს ჯეოსელის სატელეფონო ანძის გადატანის მოთხოვნით სოფელ ახალ აბასთუმანსა და ზუგდიდის ენგურქაღალდკომბინატის დასახლებაში არაერთი აქცია გაიმართა. მოსახლეობა აცხადებდა, რომ ანძის დადგმის შემდეგ დაახლოებით ხუთი კილომეტრის რადიუსში ძროხების წველადობა რადიკალურად შემცირდა, ხოლო ფრთოსნებში კვერცხმდებელობა მინიმუმამდე დავიდა. ამ ადგილებში მოიმატა აგრეთვე ადამიანების გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რიცხვმაც. კერძოდ, ადგილობრივი მცხოვრებლები თავის ინტენსიურ ტკივილს, საერთო სისუსტეს, პულსის გახშირებასა და წნევის ხშირ ცვალებადობას უჩივიან. მათი მტკიცებით, მომრავლდა სიმსივნური ხასიათის დაავადებები,რომელთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები. ამ უბანში მცხოვრები ხალხი ამბობს, რომ მომუშავე ანძის ძლიერი გრავიტაციის და ხმაურის გამო განუწყვეტლივ შეიგრძნობა მიწის რყევა. ხშირია ადამიანთა უეცარი სიკვდილიანობის ფაქტებიც.

ანძების საწინააღმდეგო აქციების ერთ-ერთი მონაწილე, გალინა მესხია ახლაც აქტიური წინააღმდეგია სატელეფონო ანძებისა, თუმცა, როგორც ამბობს აქციებმა არანაირი შედეგი არ გამოიღო.
  
გალინა მესხია - კომბინატის დასახლების მკვიდრი: „რამდენიც არ უნდა ამტკიცონ, ანძების გამოსხივება მავნე არ არისო, სიცრუეა. ჩვენ ხომ ყველაფერს ჩვენს თავზე განვიცდით. აქციებით არაფერი გამოვიდა, ჯეოსელის ხალხმა ვიღაცეებს შეგვახვედრა, სპეციალისტები არიანო და მათ გვითხრეს, ეს ელექტრომაგნიტური გამოსხივება დასაშვებ ნორმას არ აჭარბებს და საშიში არ არისო. ჩვენ კი ზუსტად ვიცით, რომ ენგურ ქაღალდ კომბინატის საქვაბე მილზე დამონტაჟებული „მაგთისა“ და „ჯეოსელის“ ანძების ქვეშ დამცავი საფარის გარეშეა ჩამარხული ურანი. დაავადებებსა და ათას უბედურებას სწორედ ის იწვევს“.

„ჯეოსელის“ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი, ზაზა პატარიძე არ უარყოფს, რომ ელექტრო მაგნიტური გამოსხივება, როგორც ასეთი, ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანოა, თუმცა სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ „ჯეოსელის“ ანძები მოსახლეობის სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნის და ანძებთან დაკავშირებულ აჟიოტაჟს აგორებულ ჭორს უწოდებს.

„ჯეოსელის“ ერთ- ერთი ანძა, ჩვენდა გასაკვირად, ზუგდიდის რაიონის სოფელ ჩხორიაში დ. ბერულავას საცხოვრებელი სახლის ეზოშიც აღმოვაჩინეთ. წელს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სანიტარულ -ჰიგიენურ ნორმებსა და წესებზე ზედამხედველობის ინსპექციის მიერ, ბერულავას სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე 2003 წლის 20 მაისს ჩატარებული ელექტრომაგნიტური გამოსხივების ინტენსივობის გაზომვის შედეგებით, სპეციალისტებმა გამოსხივება სიცოცხლისათვის საშიშად არ მიიჩნიეს.

დასკვნაში ნათქვამია: „ზუგდიდის რაიონის სოფელ ჩხორიაში, დ. ბერულავას ეზოში არსებულ ანძაზე განთავსებული შ.პ.ს. „ჯეოსელის“ საბაზო სადგურის ანტენების მიერ შექმნილი ელექტრომაგნიტური ველის ინტენსივობის გაზომვის შედეგად აღმოჩნდა, რომ ელექტრომაგნიტური ველის ენერგიის ნაკადის სიმკვრივე არ აღემატება ზღვრულად დასაშვებ დონეს“.

ახლო-მახლო მცხოვრები მეზობლები ანძის მავნე ზემოქმედებას აღნიშნავენ, მაგრამ ხმამაღლა ამ ფაქტის კომენტირებისაგან თავს იკავებენ. ერთ-ერთის მტკიცებით, მის ოჯახის წევრს ანძის დამონტაჟების შემდეგ დაეწყო თავბრუსხვევები, მაღალწნევიანი გახდა, თუმცა, როგორც აცხადებს, არ გააჩნია დამამტკიცებელი საბუთი იმისა, რომ ამ დაავადებების გამომწვევი სწორედ ეს ანძებია.

საინტერესოა ასევე ერთი დეტალი, რომელსაც სასწრაფო დახმარების ექიმი ინგა სოსელია ჩვენთან საუბარში ყვება. „თბილისის სხვადასხვა უბნებში გამოძახებების დროს ხშირად ყოფილა შემთხვევა, რომ ექიმებს კარდიოგრამის გადამღები აპარატი ვერ აუმუშავებიათ. აპარატს ვამოწმებდით და არაფერი ჭირდა თუმცა მაინც ხარვეზებით მუშაობდა. როგორც შემდეგ გაირკვა ეს იმ უბნებში ხდება სადაც სატელეფონო ანძები ახლო მანძილშია დამონტაჟებული. მე ვფიქრობ, რომ ადამიანის ორგანიზმიც ამ აპარატის მსგავსად რეაგირებს ელექტრომაგნიტურ გამოსხივებაზე“,- ამბობს იგი.

თბილისის მაშტაბით 1000-მდე მაგთის და ჯეოსელის ანძა დგას. რაც იმას ნიშნავს რომ ქალაქის ყველა წერტილი ელექტრომაგნიტური ტალღებით არის დაფარული. ანძასთან ახლოს მცხოვრებ მოსახლეობას ხშირ შემთხვევაში გარკვეული ჩივილები აქვს. „მას შემდგეგ რაც ჩემი სახლის გვერდით ფიჭური კავშირგაბმულობის ანტენა დაიდგა, გახშირდა თავის ტკივილის შემთხვევები, დისკომფორტის შეგრძნება. ჩვენ საფუძვლიანი შიში გვაქვს იმისა, რომ მუდმივი დასხივების ქვეშ ყოფნა ჩვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედებს“,- ამბობს თბილისის მკვიდრი ვაჟა სარდალაძე.

ანძების საცხოვრებელ სახლებთან ახლომდებარეობას მართებულად არ მიიჩნევენ სპეციალისტებიც. გონელი პაპავა (ფიზიკოსი): „ანძები, რა თქმა უნდა, მოსახლეობისგან შორს უნდა იდგეს. რაც შეეხება ანტენების ელექტრომაგნიტურ გამოსხივებას, საგულისხმოა, რომ თავად ელექტრომაგნიტური ტალღა გამოსხივების პროცესში იმდენად საშიში არ არის, რადგან სივრცეში გაშლისას ის საზიანო ენერგიას (ასე ვთქვათ) კარგავს, მაგრამ სხვა სიტუაციაა მისი მდებარეობის ადგილზე. იმ ადგილას ელექტრომაგნიტური გამოსხივება მაღალი ძაბვის გამოსხივების ტოლფასი ხდება. აქედან გამომდინარე, ამგვარი ანტენების მოსახლეობასთან ახლომდებარეობა სიცოცხლისათვის საზიანოა“. 

გელა მთივლიშვილი
მაია ღუბელაძე
ანა ჩხაიძე

ახალი ამბები