კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მერი შამუგია ზუგდიდის რაიონის პროკურორისა და პროკურატურის თანამშრომლების წინააღმდეგ

23 თებერვალი, 2006

 მერი შამუგია ზუგდიდის რაიონის პროკურორისა და პროკურატურის თანამშრომლების წინააღმდეგ

ზუგდიდის მკვიდრის მერი შამუგიას განცხადებით, შ.ს. სამმართველოს სისხლის სამართლებრივი დევნის საქმეთა საგამოძიებო დეპარტამენტში, მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტით უკანონოდ აღიძრა. შამუგია ამ უკანონობაში დაინტერესებულ მხარედ ზუგდიდის რაიონის პროკურორსა და მის მდივანს ასახელებს, რომლებსაც  მომჩივან პირთან, ნარგიზა ბიგვავასთან ფარულ გარიგებაში ადანაშაულებს და ამ ქმედებას მის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლებრივ დევნად მოიაზრებს.
 

2002 წლის 15 ნოემბერს  უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, რომელიც საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება, ზუგდიდში, თავისუფლების ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი ბინა მერი შამუგიამ გასესხებული და დაუბრუნებელი ვალის სანაცვლოდ ნარგიზა ბიგვავასგან სასამართლო წესით მიიღო. აღნიშნული ბინა შამუგიამ იძულებითი აუქციონის შედეგად შეიძინა და საჯარო რეესტრში დაარეგისტრირა.
  
მომჩივანმა ბიგვავამ ხუთჯერ მიმართა პროკურატურას და  თაღლითობის კვალიფიკაციით შამუგიას წინააღმდეგ ს.ს. საქმისა და ს. სამართლებრივი დევნის აღძვრას შეეცადა. ხუთივეჯერ გამოძიებამ, სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა გამომძიებლებმა, საქმის შესწავლის შემდეგ ს.ს. საქმისა და ს. სამართლებრივი დევნის არაღძვრის გადაწყვეტილება მიიღო. მეექვსეჯერ სისხლის სამართლის საქმე, საქმის ხანდაზმულობის მიუხედავად, სამი თვის წინ პროკურორ ნათია ჩიტაიას დადგენილების შესაბამისად, შეცვლილი კვალიფიკაციით უკვე მეექვსედ აღიძრა.

მერი შამუგია: „მომჩივანი ბიგვავა ყველა საშუალებით ცდილობს ბინის დაბრუნებას და ამისათვის ცილისწამებაზეც მიდის. ის ბინიდან მისი ნივთების გატანასა და თაღლითობაში მადანაშაულებს და ეს მაშინ, როცა არსებობს 2003 წლის 7 აგვისტოს ოქმი იძულებით გამოსახლების შესახებ, სადაც დეტალურად აღწერილი ნივთები მისმა შვილმა მოწმეებისა და პოლიციის თანდასწრებით ჩაიბარა, რაც ხელმოწერით დადასტურდა. ბიგვავას ამ წლების მანძილზე ამ კუთხით პრეტენზია არ ჰქონია, მაგრამ ახლა მას ბინის დაბრუნებაში დახმარებას მასთან ახლო ურთიერთობაში მყოფი რაიონული პროკურატურის მდივან-მემანქანე ინეზა თოდუა შეჰპირდა. მანვე უთხრა ბიგვავას, რომ ყველა ჩემს მხარესაა და საქმეს მოგაგებინებო. ეს საუბარი რაიონის პროკურატურაში შედგა და თავად მოვისმინე. მეტსაც გეტყვით, ჯერ წინასწარი გამოძიებითაც არ არის დადასტურებული ბინაში იმ ნივთების არსებობა, რომელთა მოპარვასაც ბიგვავა მაბრალებს“.

არსებულ სიტუაციას სამართალდარღვევად მოიაზრებს მერი შამუგიას ადვოკატიც, რომელიც აცხადებს, რომ უმარტივესი ჭეშმარიტებაა, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება რომ საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

შამუგია-ბიგვავას დავა ზუგდიდის რაიონის პროკურორისათვის კარგად ნაცნობი საქმე აღმოჩნდა. ის ამ საქმეს ძველ დავად მოიხსენიებს. „მიმართოს გამოძიებას და ისინი გასცემენ პასუხს“,- აცხადებს სატელეფონო საუბარში ზუგდიდის რაიონის პროკურორი, მურთაზ ნარმანია, შამუგიას ბრალდებას უპასუხოდ ტოვებს და ინტერვიუზე უარს გვეუბნება.
  
 მერი შამუგია: „პროკურატურის უკანონო ქმედების გამო, მე თორმეტი წელია უსახლკარო ვარ და ვალის სანაცვლოდ მიღებული ბინის განკარგვის უფლება არ მაქვს. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ამ უსამართლობასა და უკანონობაში რაიონის პროკურორი და პროკურატურის მდივან- მემანქანე მონაწილეობენ. მე მათ საჯაროდ ვდებ ბრალს ჩემს მიზანმიმართულ დისკრიმინაციაში და საქმის დეტალურ გამოძიებას გენერალურ პროკურატურას ვთხოვ“.

საქმის ხელახალი, რიგით მეექვსე გამოძიება დღესაც მიმდინარეობს და უცნობია, როდის დასრულდება, რადგან გამომძიებელმა, ნათია ჩიტაიამ ინტერვიუზე სასტიკი უარი განაცხადა. „არანაირი კომენტარის მოცემა არ მსურს. მე ამასთან დაკავშირებით არანაირი საუბარი არ მინდა და არანაირ ინტერვიუს არ მოგცემთ ამ საქმესთან დაკავშირებით“.
 

  მაია ღუბელაძე ზუგდიდიდან

ახალი ამბები