კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

SOS - რადიაცია (ნაწილი მესამე)

24 თებერვალი, 2006

SOS - რადიაცია (ნაწილი მესამე)

მოსახლეობა ეკოლოგიური კატასტროფის შედეგებს დღემდე იმკის

საზოგადოებისათვის დღემდე უცნობია თუ რა ტიპის მხუთავი გაზები ამოიფრქვა ნიადაგიდან და რა მომწამვლელ ნივთიერებებს სუნთქავდა საგარეჯოს რაიონის მოსახლეობა 2004 წლის 10 სექტემბერს ნინოწმინდის №100-ე ჭაბურღილზე მომხდარი კატასტროფისას. გაზისა და ნავთობის ერთდროულად ამოფრქვევის შედეგად,  რაც სამი დღის განმავლობაში გრძელდებოდა, განადგურდა დიდი რაოდენობით ტყის მასივი, დაბინძურდა წყალი, ნიადაგი, ამოფრქვეული გაზის შესუნთქვის შედეგად კი მოიწამლა მოსახლეობა. კიბოთი დაავადებული საგარეჯოელები რაიონში სიმსივნის გახშირების ფაქტებს სწორედ ნავთობკომპანია „კანარგო-ჯორჯიას“ აბრალებენ.
 
„გასული წლის 10 სექტემბერს საგარეჯოს რაიონის სოფელ ნინოწმინდაში #100 ჭაბურღილზე ნავთობისა და გაზის შადრევანის ამოფრქვევამ, ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გამოიწვია. უკვე 12 თვეა, რაც დაბინძურებულ წყალს ვსვამთ და მაინც გვიმტკიცებენ სუფთააო. წყლის ცისტერნებით ჩამოტარება მხოლოდ მას შემდეგ დაიწყეს, რაც აკადემიკოსმა ირაკლი ფაღავამ გამოკვლევები დაიწყო (კატასტროფიდან ცხრა თვის შემდეგ). არა მარტო სოფელ ნინოწმინდის, არამედ მეზობელი სოფლების მოსახლეობაც დაავადებულია. ვისაც რა გვაწუხებდა, ყველაფერი გაგვირთულდა. განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავისა და სასუნთქი ორგანოების დაავადებებს ვუჩივით. 9 თვის განმავლობაში სულ 4 ბავშვი დაიბადა და დაუზუსტებელი ინფორმაციით, 2 ინვალიდია. ექიმმა, რომელიც ჩვენი სოფლელია და მუდმივი ზეწოლის ქვეშ მუშაობს, დაგვიდასტურა, რომ ნინოწმინდაში სიმსივნით დაავადებულთა რიცხვმა საგრძნობლად იმატა“,- აცხადებენ ჩვენთან საუბარში ნინოწმინდის მაცხოვრებლები.

მათი თქმით, ნავთობპროდუქტებით დაბინძურებული გარემო მათი და მათი შვილების ჯანმრთელობაზე პირდაპირ ზემოქმედებას ახდენს, რის დასტურადაც თანასოფლელი მარიკა სუხიაშვილის ჯანმრთელობის დღევანდელი მდგომარეობა მოჰყავთ, რომლის ანალიზებიც გერმანიის შესაბამის კლინიკაში გაიგზავნა, სადაც დადასტურდა, რომ სუხიაშვილის სისხლში დიდი რაოდენობით ბენზოლია. „უცხოელ ექიმებს ამის მიზეზად ნავთობით დაბინძურებული გარემო დაუსახელებიათ“,- აცხადებენ სუხიაშვილის თანასოფლელები. 
 
ნავთობის ამოფრქვევის შედეგად საავადმყოფოში გაძლიერებული თმის ცვენის, სასუნთქი გზების ალერგიული რეაქციებისა და ზოგადი ინტოქსიკაციის დიაგნოზით ნინოწმინდის მკვიდრი მარიკა ჭავჭანიძეც მოხვდა. სუხიაშვილისა და ჭავჭანიძის მსგავსად კი საგარეჯოს რაიონის სოფლებში არაერთი ადამიანი დღემდე იმკის ჭაბურღილზე მომხდარი კატასტროფის შედეგებს.
 
საგარეჯოელების თქმით, დაზიანებულია 220 ჰექტარი ფართობი, განადგურებულია ტყის მასივი და მოწამლულია ხალხი. მიუხედავად ნავთობ კომპანიის მიერ აღმოჩენილი პატარ-პატარა დახმარებებისა (კერძოდ, ზარალის ასანაზღაურებლად გამოყოფილი 845 ათასი ლარისა, რომლისგანაც მხოლოდ 200 ათასი დარიგდა ხალხში), მოსახლეობის გულისტკივილი დღმდე არ ცხრება.

როგორც ნავთობკომპანია „კანარგო-ჯორჯიას“ წარმომადგენელმა სოსო ცაბაძემ გვითხრა, კომპანიისადმი ხალხის პრეტენზიები უსაფუძვლოა. „კომპანია საგარეჯოელებს დაეხმარა და რეგიონში სოციალური ინვესტიციების განხორციელებას კვლავაც გააგრძელებს. რაც შეეხება დაბინძურებულ წყალს, იგი ნავთობის ამოფრქვევის დროს არ დაბინძურებულა“,- აღნიშნა მან.
 
საგარეჯოს რაიონული ამბულატორია-პოლიკლინიკის ონკოლოგის ინფორმაციით, ბოლო წლებში სიმსივნით დაავადებულთა რიცხვმა საგარეჯოშიც მკვეთრად იმატა.

გელა მთივლიშვილი კახეთიდან

ახალი ამბები