კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ძველი ანაგის საშუალო სკოლის მასწავლებლები გამოძიებას არაობიექტურობაში ადანაშაულებენ

9 მარტი, 2006

ძველი ანაგის საშუალო სკოლის მასწავლებლები გამოძიებას არაობიექტურობაში ადანაშაულებენ

სიღნაღის რაიონის სოფელ ძველი ანაგის საშუალო სკოლის პედაგოგები და კურსდამთავრებულები სკოლის ყოფილ დირექტორს ხვთისო ტალიაშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, ბავშვთა უფლებების უხეშ დარღვევაში ამხელენ და სიღნაღის რაიონული პროკურატურის ხელმძღვანელობას გამოძიების შეგნებულად გაჭიანურებაში ადანაშაულებენ.

სისხლის სამართლის საქმე ხვთისო ტალიაშვილზე 2004 წელს სამსახურებრივი უფლება-მოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე აღიძრა. მიუხედავად საკმარისი მტკიცებულებების არსებობისა, სიღნაღის რაიონის პროკურატურა საქმეს აჭიანურებს. არაოფიციალური ინფორმაციით, ტალიაშვილს მისი დისშვილი სააფთიაქო ქსელი „პსპ“-ს გენერალური დირექტორი გოჩა გოგოლაშვილი მფარველობს, რომელსაც ადგილობრივ ხელისუფლებასა და სამართალდამცავ ორგანოებთან ახლო ურთიერთობა აქვს.

„3 წელია რაც სიღნაღის რაიონული პროკურატურა ტალიაშვილის წინააღმდეგ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს იკვლევს, მაგრამ საშველი არ დაგვადგა, რადგან გამოძიება შეგნებულად ჭიანურდება. ტალიაშვილს საკმაოდ გავლენიანი ახლობლები ჰყავს და ჩვენზე რომ აღარაფერი ვთქვათ, წლების მანძილზე ბავშვთა უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებიც კი არ აღელვებთ“,- ამბობს პედაგოგი ლელა აბულაშვილი.

სკოლის კურსდამთავრებული მარეხი ღვედაშვილი იხსენებს, როგორ იგდებდა მას გაკვეთილზე მასხარად „ხვთისო მასწავლებელი“. „რადგან ღარიბი ოჯახის შვილი ვიყავი, ტალიაშვილი ფიზიკის გაკვეთილზე რომ შემოვიდოდა, დამამცირებელ სახელს მეძახდა. მერე გარეთაც ვეღარ გავდიოდი სირცხვილით. ერთხელ, მან გაკვეთილზე ფეხზე ამაყენა და მითხრა, რომ მე და ჩემი და, მომდევნო კლასში მხოლოდ იმიტომ გადაგვიყვანა, რომ დედაშენი დამპირდა ვენახს გაგითოხნიო. დედა ავად იყო და მალე გარდაიცვალა, რაც ტალიაშვილმა არაფრად ჩააგდო და ჩემი და სკოლიდან გარიცხა“,- იხსენებს მარეხ ღვედაშვილი.
 
„ხვთისო ტალიაშვილის სკოლის დირექტორობისას, მისი მხრიდან უამრავ შეურაცხყოფას გავუძელი. იგი მეც და სხვა მასწავლებლებსაც გვაიძულებდა მის ნაკვეთებში ფიზიკურად გვემუშავა. ვინც მის ამ დავალებებს წინ აღუდგებოდა, მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდა. პედაგოგებთან ამცირებდა. ასეთი მასწავლებელი კი ან თავისი ნებით წავიდოდა სკოლიდან ან შემცირებაში მოაყოლებდა ხოლმე. მისი ნების გარეშე მასწავლებლებს არ შეგვეძლო ნიშნის დაწერა. ყოველთვის ცდილობდა ჩვენთვისაც და მშობლებისთვისაც რაც შეიძლება მეტი გამოეძალა“,- ამბობს პედაგოგი მაია ღვედაშვილი.

სკოლის პედაგოგთა ინფორმაციით და გამოძიების მასალებით, ხვთისო ტალიაშვილი წლების მანძილზე საშუალო სკოლის ერთ ატესტატს 10-15 ლარად ყიდდა. ექსკურსიაზე წასვლამდე ყველა კლასს 20-30 ლარს ახდევინებდა და თანხას საკუთარ ჯიბეში იდებდა. „არაკანონიერად ისაკუთრებდა „ბუფეტის“ ფულს. მიისაკუთრა სკოლის კუთვნილი მიწის ნაკვეთი. მიუხედავად იმისა, რომ სკოლას ზამთარში შეშით ერთ-ერთი პოლიტიკური პარტია ამარაგებდა, ის ბავშვებისგან ფულს მაინც კრებდა. დაჭრა და ჯართში ჩააბარა სკოლის გათბობის სისტემა. ჩამოწერა და სახლში უდგას სკოლის კუთვნილი ტრაქტორი. ვინ მოთვლის, კიდევ რამდენი რამ აქვს ჩადენილი“,- აღნიშნავს ჩვენთან საუბარში სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ღვედაშვილი.
 
ხვთისო ტალიაშვილი მის მიმართ პედაგოგთა წაყენებულ ბრალდებებს უარყოფს,  ამბობს, რომ იგი დამნაშავე არ არის და „ვერაფერსაც ვერ უზამენ“. „არცერთ ბრალდებას არ ვეთანხმები. მასწავლებლები მეხმარებოდნენ ნაკვეთში სამუშაოდ, სხვა არაფერი. რაც შეეხება ატესტატების ფულს, თუ ვინმე 10 ლარს იხდიდა, იმიტომ, რომ გამოცდების დროს იყო საჭირო სტუმრების წასვლა-წამოსვლისათვის. რა ღობე, რის ღობე, რა ტრაქტორი, რის ტრაქტორი, ამათი მატყუარა დედა...“- საჯაროდ, ჩვენი თანდასწრებით შეურაცხყო ხვთისო ტალიაშვილმა პედაგოგები და სკოლის სამასწავლებლოს კარები გაიჯახუნა.

სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორის დავით დუღაშვილის განმარტებით, ხვთისო ტალიაშვილის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 332-ე მუხლით. აღსანიშნავია ასევე, რომ საქმის გამომძიებელი გოგოლაშვილთან ახლო ურთიერთობას არ უარყოფს, თუმცა საქმის გამოძიების გაჭიანურებას ამას არ უკავშირებს  და კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს.

გელა მთივლიშვილი კახეთიდან

ახალი ამბები