კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ახალსოფლის მოსახლეობა საძოვრების გარეშეა დარჩენილი

9 მარტი, 2006

ახალსოფლის მოსახლეობა საძოვრების გარეშეა დარჩენილი

ყვარლის რაიონის სოფ. ახალსოფლის მოსახლეობა შეიძლება საძოვრების გარეშე დარჩეს. როგორც სოფელში ამბობენ, მათ საძოვრებს მათივე თანასოფლელი ვანო ტალაშვილი ართმევს. ახალსოფლელები აცხადებენ, რომ მას ზურგს პარლამენტარ მარიკა ვერულაშვილის მამა ვალოდია უმაგრებს, რომელიც მისი ნათლიმამაა.

სოფ. ახალსოფლის საკრებულოში აღნიშნულ სადაო საკითხზე ინფორმაციას თითქმის არ ფლობენ და დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად მოსახლეობასთან გადაგვამისამართეს.
 
ახალსოფლელები საძოვრების შესახებ ემოციურად საუბრობენ. ისინი აცხადებენ, რომ „შეიძლება სოფელში მკვლელობაც მოხდეს”.

2000 წელს სოფ. ახალსოფლის 500-მდე ოჯახმა სოფლის საკრებულოსთან ხელშეკრულება გააფორმა. ამ ხელშეკრულებით, მათ 30 ჰა საძოვარი 49 წლიანი იჯარით გადაეცათ. იმის გამო, რომ ხელშეკრულება ერთ ადამიანზე უნდა გაფორმებულიყო, მოსახლეობის თანხმობით აღნიშნული საძოვარი ამავე სოფლის მცხოვრებ ვანო ტალაშვილზე გააფორმეს.

ახალსოფლელები აცხადებენ, რომ მთელი ხუთი წლის მანძილზე ისინი იჯარას იხდიდნენ, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ სოფლის ბიუჯეტში თანხა არ შესულა, ხუთი წლის წინ გაფორმებული ხელშეკრულება კი ყალბია და მიწა აუქციონის საშუალებით ხელახლა უნდა გასხვისდეს. სოფლის მოსახლეობა აუქციონის ჩატარების წინააღმდეგია, ყველაზე მეტად კი გლეხები აღშფოთებას ტალაშვილის საქციელის გამო გამოხატავენ. როგორც სოფელში აცხადებენ, “ვალოდია ვერულაშვილის ნათლული 30 ჰა საძოვარს თავის საკუთრებად მიიჩნევს. მოსახლეობას საქონლის გაყვანას სთხოვს. სახლიც კი აიშენა იქ და ტერიტორიის დათმობას არც ფიქრობს...”
 
დათმობას არც სოფლის მოსახლეობა აპირებს. სოფლის ერთ-ერთი მკვიდრი ზაალ ნაცვლიშვილი აცხადებს: „გამგებელი დაგვპირდა, რომ ტალაშვილს გამოიყვანენ, მაგრამ ჯერ არაფერი გაუკეთებია. ჩვენ კი 500 ოჯახი მაგ საძოვრის იმედზე ვართ და შიმშილით უნდა მოვკვდეთ?..“
 
“რაიონის გამგებელთანაც ვიყავით, სოფლის გამგებელთანაც მივედით, მაგრამ ყველა ხელზე გვიხვევს. რაიონის გამგებელთან 22 თებერვალს ვიყავით. დაგვპირდა, რომ ტალაშვილს სამ დღეში გამოიყვანდა, მაგრამ ტალაშვილი დღესაც იქ არის. ახლა მაისამდე გადაგვიდეს საქმის მოგვარება. თუ გვეკუთვნის, გადმოგვცენ, რაღას ელოდებიან? ”, – აცხადებს გელა პაპოვი.

ტალაშვილს საძოვრებზე დიდხანს ვეძებდით, თუმცა უშედეგოდ. 30 ჰა მიწაზე მისი პოვნა ჩვენთვის შეუძლებელი აღმოჩნდა. ახალსოფლელი გლეხები კი აპირებენ უკანონობას საკუთარი ძალებით დაუპირისპირდნენ და ემოციურ საუბარს მუქარით ასრულებენ: “ჯერ კანონით ვცდილობთ სიმართლის გატანას და თუ ვერ გავიტანთ, ისიც ვიცით, როგორ უნდა მოვიქცეთ და როგორ დავანახოთ ამ ხელისუფლებას ხალხის ძალა...”

ვერიკო კობიაშვილი თელავიდან

ახალი ამბები