კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხელისუფლება ჟურნალისტებს ერთმანეთთან აპირისპირებს

16 მარტი, 2006

ხელისუფლება ჟურნალისტებს ერთმანეთთან აპირისპირებს

14 მარტს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხდომათა დარბაზში ადგილობრივი ხელისუფლებისა და ჟურნალისტების მონაწილეობით გამართულ მრგვალ მაგიდაზე - „მედია და ხელისუფლება“ ჟურნალისტები ადამიანების, უფრო კონკრეტულად კი, მათივე კოლეგების უფლებებს დიდი მონდომებით და არნახული ენთუზიაზმით არღვევდნენ...
 
რეგიონული გაზეთი „სპექტრის“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR)” ორგანიზებით, 14 მარტს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სახალხო დამცველის, ადგილობრივი ხელისუფლების და რეგიონული მედიის წარმომადგენელთა შეხვედრა ხმაურით მიმდინარეობდა.

ორგანიზატორმა, გაზეთ „სპექტრის“ რედაქტორმა მაია ყალაბეგაშვილმა ე.წ. “რჩეული” ჟურნალისტებისთვის ადგილი ე.წ. პრეზიდიუმში გამონახა. გაზეთ „იმედის“ მთავარი რედაქტორი 14 მარტის შეხვედრაზე პრეზიდიუმში იჯდა, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავდა იმას, რომ მას რაიმე პრივილეგია ჰქონდა. პირიქით, მისი თვალსაჩინო ადგილზე ჯდომა, ბევრი ჟურნალისტის აზრით, მხოლოდ იმაზე იყო გათვლილი, რომ „თავდამსხმელებს ის კარგად ამოეღოთ მიზანში.“

პრეზიდიუმის მიღმა დარჩენილ ჟურნალისტებს კი შეკითხვების დასმა და დარბაზიდან რეპლიკები კატეგორიულად აეკრძალათ. რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს, მაია ყალაბეგაშვილმა სხდომის დაწყების წინ ტელეკომპანიების ოპერატორებს დარბაზის დატოვება მოსთხოვა და განაცხადა: “შეხვედრა არ ჩაიწერება...”
 
ოპერატორები ყალაბეგაშვილის დირექტივას დაემორჩილნენ და დარბაზიდან კამერებიანად გავიდნენ. ჟურნალისტებისთვის კოლეგის ასეთი საქციელი სხდომის დასაწყისში გაუგებარი დარჩა, მოგვიანებით კი ყველაფერი გაირკვა. სხდომის დასრულებისთანავე მედიის წარმომადგენლებმა უკვე ზუსტად იცოდნენ, რომ „ეს იყო ხელისუფლების მორიგი მცდელობა მედიის გასახლეჩად.“

ორგანიზატორებმა იერიში კოლეგაზე, რეგიონული გაზეთის „იმედის“ რედაქტორ გელა მთივლიშვილზე მიიტანეს. ეპიზოდური როლებისთვის  მთივლიშვილთან დაპირისპირებული ადამიანები მოიყვანეს და „იმედის“ რედაქტორის ერთობლივი ლანძღვა-გინებით ხელისუფლებას „გუნდრუკი კიდევ ერთხელ უკმიეს...“
 
წინასწარ გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალისტებს და ადგილობრივ ხელისუფლებას სახალხო დამცველთან პრობლემების შესახებ უნდა ესაუბრათ. მიუხედავად იმისა, რომ ტელეკომპანია „თანამგზავრს“ რაიონის ხელმძღვანელობასთან თანამშრომლობისას პრობლემები ყველაზე ხშირად აქვს, ტელეკომპანიის წარმომადგენლებისათვის ადგილი პრეზიდიუმში ვერ გამოინახა, დარბაზიდან კი ხმის ამოღება ყველას კატეგორიულად აეკრძალა.
  
მას შემდეგ, რაც პრობლემებზე და ხელისუფლების მხრიდან ზეწოლებზე საუბრის ნება არ დართეს, ტელეკომპანია „თანამგზავრის“ წარმომადგენლებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს. მათ სოლიდარობა რამდენიმე ჟურნალისტმაც გამოუცხადა. „მე ვიცი, რომ ყველაზე ხშირად ხელისუფლებისგან პრობლემები სწორედ კახეთში მომუშავე ჟურნალისტებს ექმნებათ. დღეს არ იყო საუბარი კონკრეტულ შემთხვევებზე”, – აცხადებს რადიო “თავისუფლების” ჟურნალისტი ია ანთაძე. კოლეგების საქციელი ტელეკომპანია „მზის“ კორესპონდენტმა ხათუნა გულიაშვილმაც უარყოფითად შეაფასა: „ჟურნალისტების მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე კონკრეტულ ჟურნალისტებს რომ ხმის ამოღების უფლებას არ მისცემ, არ ვიცი რა ჰქვია ამას. რაკი შეხვედრა შეეხებოდა მედიისა და ხელისუფლების ურთიერთთანამშრომლობას, მინდოდა საკუთარი პრეტენზია გამომეთქვა, რისი საშუალებაც არ მომეცა...”

დარბაზში დარჩენილთა დიდი ნაწილი და მათ შორის სახალხო დამცველი სოზარ სუბარი ჟურნალისტთა მიერ დარბაზის დატოვების ფაქტს სიცილით შეხვდა.
 
სახალხო დამცველისა და პრეზიდენტის რწმუნებულის გულგრილობა მაშინაც გაგრძელდა, როცა მისი ლანძღვით შეურაცხყოფილმა „იმედის“ რედაქტორმა პროტესტის ნიშნად დარბაზის დატოვება გადაწყვიტა, რასაც არასასიამოვნო ინციდენტი მოჰყვა. გურჯაანის რაიონის გამგეობის პრეს-მდივანმა პაატა ჯაჭვლიანმა ტანსაცმელზე რამდენჯერმე მოქაჩა და უცენზურო სიტყვებით მიმართა. პაატა ჯაჭვლიანი, რომელიც მთივლიშვილისკენ საცემად იწევდა, იქ მყოფმა ჟურნალისტმა ძლივს დააკავეს.

გაზეთ „კახეთის ხმის“ რედაქტორმა მაია მამულაშვილმა ადგილობრივ ხელისუფლებას, სახალხო დამცველს და ჟურნალისტებს მთივლიშვილზე განხორციელებული თავდასხმების ე. წ. „ჟურნალისტური გამოძიების“ დასკვნები გააცნო და განაცხადა, რომ მთივლიშვილი თვითონვეა საკუთარ თავზე განხორციელებული თავდასხმების ორგანიზატორი.
 
აღნიშნულ გამოძიებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველს, სოზარ სუბარს საკუთარი აზრი აქვს: „როგორც აცხადებენ, ჟურნალისტურმა გამოძიებამ დადო თავისი კვლევის შედეგები, თუმცა ამის გაკეთება მათ ადრეც შეეძლოთ და რატომ არ აკეთებდნენ, ვერ გეტყვით. საერთოდაც ჩემთვის გაურკვეველია, რატომ ჭიანურდება ასე მთივლიშვილზე განხორციელებული თავდასხმების გამოძიება...”
 
ყალაბეგაშვილის და მამულაშვილის ასეთ ქმედებებს რეგიონული მედიის წარმომადგენლებმა უარყოფითი შეფასება მისცეს. ტელეკომპანია „თანამგზავრის“ ჟურნალისტის რომან ქევხიშვილის განცხადებით, „ხელისუფლების მიერ დადგმული სპექტაკლი მშვენივრად განახორციელეს ხელისუფლების მიერვე პრივატიზებულმა ჟურნალისტებმა. შეხვედრის თემა იყო ადგილობრივი მედიის პრობლემები, თუმცა აქ არავის აინტერესებდა მედიის პრობლემები. ეს შეხვედრა ორგანიზებული იყო მხოლოდ იმისათვის, რომ „ჩაეძირათ“ კახეთის დამოუკიდებელი რეგიონული გაზეთი „იმედი“ და ძირითადი იერიში მიეტანათ გელა მთივლიშვილზე. 

ვერიკო კობიაშვილი თელავიდან

ახალი ამბები