კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კანონი, რომლის დარღვევისთვის არავინ ისჯება

20 მარტი, 2006

კანონი, რომლის დარღვევისთვის არავინ ისჯება

სახელმწიფო სტრუქტურებიდან საჯარო ინფორმაციის მიღება ჭირს. მართალია, კანონმდებლობა სახელმწიფო მოხელეებს საჯარო ინფორმაციის დაუყოვნებლივ გაცემას ავალდებულებს, მაგრამ, კანონის ეს მოთხოვნა ხშირ შემთხვევებში იგნორირებულია. ძირითადად ამ მხრივ თბილისის მერია, გარემის დაცვის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო და პრეზიდენტის კანცელარია „სცოდავს“.  

საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლით: „ყველას აქვს უფლება საჯარო ინფორმაცია მოითხოვოს და აირჩიოს საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმა. აგრეთვე გაეცნოს ინფორმაციას დედანში. თუ არსებობს დედანის დაზიანების საფრთხე, საჯარო დაწესებულება ვალდებულია, უზრუნველყოს ზედამხედველობის ქვეშ მისი გაცნობის შესაძლებლობა ან წარუდგინოს სათანადო წესით დამოწმებული ასლი.“

38-ე მუხლი ამბობს: „საჯარო დაწესებულება ვალდებულია, უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციის ასლების ხელმისაწვდომობა. დაუშვებელია დაწესდეს რაიმე სახის საფასური საჯარო ინფორმაციის გაცემისთვის, გარდა ასლის გადაღებისთვის აუცილებელი თანხის ანაზღაურებისა“.

40-ე მუხლით კი: „საჯარო დაწესებულება ვალდებულია, გასცეს საჯარო ინფორმაცია დაუყოვნებლივ ან არა უგვიანეს 10 დღისა...“ ამავე მუხლის მეორე პუნქტი ამბობს, რომ „თუ საჯარო ინფორმაციის გაცემისთვის საჭიროა 10-დღიანი ვადა, საჯარო დაწესებულება ვალდებულია, მოთხოვნისთანავე აცნობოს ამის შესახებ განმცხადებელს.“

მიუხედავად არსებული კანონმდებლობისა, რეალური ფაქტები მისგან რადიკალურად განსხვავდება. რომ არაფერი ვთქვათ სოციალურად დაუცველ ფენებზე, აღნიშნული პრობლემა საკმაოდ ხშირად ექმნებათ ჟურნალისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს.  ერთ-ერთი ისტორია კი გადაცემა „60 წუთს“ ეხება. კერძოდ, გადაცემის ჟურნალისტმა საჯარო ინფორმაციის დაბლოკვისთვის სასამართლოს 15 თვის წინ მიმართა, თუმცა, უშედეგოდ. ნანა ბიგანიშავილი, „60 წუთის“ ჟურნალისტი: „2004 წლის ნოემბერის თვეში შიდა ქართლის რწმუნებულის აპარატისგან რწმუნებულის ფონდის თანხების განკარგვის შესახებ ინფორმაცია მოვითხოვეთ. პასუხი საკმაოდ დიდხანს არ მოგვცეს. გარკვეული პერიოდის შემდეგ ინფორმაციის ნაწილი ფაქსით გამომიგზავნეს. ქარელის ფონდში დაახლოებით 500 000 ლარი იყო შესული. იმ ინფორმაციაში, რომელიც მივიღე, საუბარი იყო, საიდან შევიდა ფონდში 71 000 ლარი. დანარჩენი 429 000 ლარის შესახებ არაფერი იყო ნათქვამი. ამის შემდეგ, იანვრის თვეში გორის რაიონულ სასამართლოში სარჩელი შევიტანე. სასამართლო პროცესი 12-ჯერ გადაიდო. ჩემმა საქმემ დღემდე თითქმის ყველა სასამართლო ისტანცია მოიარა, ბოლოს კი ისევ იმ ეტაპზე (გორის სასამართლოში) დაბრუნდა, რა ეტაპიდანაც დაიწყო. ინფორმცია ოპერატიულად მჭირდებოდა, უკვე ერთ წელი გავიდა, სასამართლო კი არ მთავრდება.“

მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობის დარღვევა სს დანაშაულია (სსკ 153-ე მუხლი), ჯერჯერობით არ არსებობს არცერთი შემთხვევა, როცა საჯარო მოხელეებმა საჯარო ინფორმაციის გაუცემლობისთვის პასუხი აგეს. არადა, სასამართლოებს არაერთი სარჩელი განუხილავთ, რომელიც საჯარო ინფორმაციის დაბლოკვას ეხება და ყველა სარჩელი დაკმაყოფილდა.

კანონმდებლობის ჩამოთვლილი მუხლების დარღვევისთვის „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ და სახალხო დამცველის აპარატმა უამრავი სასამართლო პროცესი მოიგო. მათ შორის მოპასუხე მხარეები იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტრო, თბილისის მერია, განათლების სამინისტრო, უშიშროების სამინისტრო, უშიშროების საბჭო. რაც შეეხება სასჯელს, რომელიც წაგებულ მხარეს სასამართლომ დააკისრა, ინფორმაციის გაცემა იყო.  

როგორც საქართველოს სახალხო დამცველი სოზარ სუბარი ამბობს, საჯარო ინფორმაციის დაბლოკვის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა მათ ხშირად მიმართავს: „შემოსული განცხადებების მოხედვით, თბილისის მერია, ბუნებისა და გარემოს დაცვის სამინისტრო და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოწინავე ადგილზეა. “სახელმწიფო დამცველის შესახებ ორგანული კანონის“ 21-ე მუხლის მიხედვით კი ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია, რომ კონკრეტულ უწყებებს ინფორმაციის დაუყოვნებლივ გაცემა მოვთხოვოთ. სამწუხაროდ, არ არსებობს პრაქტიკა, როცა ამ დარღვევისთვის საჯარო მოხელეებმა პასუხი აგეს“. 

ეკა გულუა 

ახალი ამბები