23:07, Sunday, 21.12.2014
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

საქართველო - აზერბაიჯანის საზღვარზე შესაძლოა სისხლი დაიღვაროს

21.03.2006
საქართველო - აზერბაიჯანის საზღვარზე შესაძლოა სისხლი დაიღვაროს


საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება დღითი-დღე მწვავდება. მეოთხე თვეა, რაც სამთაწყაროს საბაჟო-გამშვებ პუნქტზე მდგარი მესაზღვრეები ქართველებს აზერბაიჯანში, ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან გადასვლის საშუალებას არ აძლევენ. ხიდის დაკეტვის ოფიციალურ მიზეზად სასწრაფო სარემონტო სამუშაოების ჩატარების აუცილებლობა სახელდება. თუმცა მშენებლობა ხიდზე ოთხ თვეზე მეტია არ დაწყებულა. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, მათ ხელისუფლებას დახმარება რამდენჯერმე სთხოვეს, მაგრამ ამაოდ.

სამთაწყაროში მცხოვრები ე.წ. ინგილოები ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლება მათ მიმართ ანტიდემოკრატიულ პოლიტიკას ახორციელებს და იძულებულს ხდის, საცხოვრებლად ე.წ. საინგილოში დაბრუნდნენ; იქ, სადაც მათ აზერბაიჯანის ხელისუფლებისაგან დევნა და გამაჰმადიანება ემუქრებათ. 

დედოფლისწყაროს რაიონის სოფელი სამთაწყარო საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე მდებარეობს. სოფელში 2500-მდე ადამიანი ცხოვრობს და აქედან 600 მაინც ინგილოა, რომელნიც სამთაწყაროში მას შემდეგ დასახლდნენ, რაც აზერბაიჯანის ხელისუფლებამ საინგილოში მცხოვრებ ქრისტიან ქართველებს ისლამის მიღება აიძულა. „მიუხედავად ამისა, საინგილოში დარჩენილ, ჩვენს გამუსლიმანებულ ნათესავებთან ურთიერთობა იმ მძიმე წლებშიც არ გაგვიწყვეტია. 2005 წლის 31 დეკემბერს კი რაც სამთაწყაროს საბაჟო-გამშვები პუნქტის ხიდი ჩაკეტეს, ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ურთიერთობა აღარ გვაქვს“, - აღნიშნავს ჩვენთან საუბარში გიორგი სარდალაშვილი.

„ხიდის ჩაკეტვის მიზეზად კონტრაბანდას ასახელებდნენ, რომელიც აზერბაიჯანიდან უბრალო ხალხს ნამდვილად არ შემოჰქონდა. ხიდის გახსნის შესახებ დახმარება ვთხოვეთ როგორც რაიონის გამგეობას, ასევე პრეზიდენტის კახეთის მხარის რწმუნებულის ადმინისტრაციას. რაიონის გამგეობაში გვითხრეს, ჩვენ არაფერი შეგვიძლიაო. კახეთის გუბერნატორმა პეტრე ცისკარიშვილმა კი სამთაწყაროდან თელავში, ამ პრობლემის თაობაზე ვაი უბედურებით ჩასული ადამიანების მიღება არ ისურვა. მისმა თანაშემწემ, დათო ცისკარაშვილმა კი გვითხრა, წადით და ორჯონიკიძესა და ნოეების ხელისუფლებას მოსთხოვეთ ხიდის გახსნა, რა დროს ეგ არისო. მეტი რაღა უნდა გვეთქვა, შეურაცხყოფილებმა დავტოვეთ სამხარეო ადმინისტრაცია“,- აცხადებს დინა გამხარაშვილი.

ადგილობრივმა მთავრობამ სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან ორმო ამოთხარა, რითაც ხიდზე მანქანების მოძრაობა შეაჩერა. სამთაწყაროს, ისევე როგორც კახის, ბელექანისა და ზაქათალას მაცხოვრებლები ხიდის ფეხით მოსიარულეებისათვის გახსნას მოითხოვენ.
„მას შემდეგ პროტესტი არაერთხელ გამოვთქვით, მაგრამ ყურადღება არავინ მოგვაქცია. გასულ კვირას კი სოფელმა გადაწყვიტა, თხრილი, რომელიც საინგილოში გადასასვლელ გზაზე სპეციალურად გათხარეს, ამოგვევსო. დავიწყეთ კიდეც, მაგრამ კახეთის ფინანსურმა პოლიციამ, თავზე სპეცნაზი დაგვაყენა და დაჭერით დაგვემუქრნენ. აღარ ვიცით რა ვქნათ. დამერწმუნეთ, სისხლისღვრა გარდაუვალია. ხალხი ადგება და საინგილოში ძალით გადავა, მესაზღვრეებს კიდევ, ვიცით რომ ნაბრძანები აქვთ, ასეთ შემთხვევაში გვესროლონ“,- შეშფოთებულნი არიან სამთაწყარის მაცხოვრებელნი.
 
ჩაკეტილი ხიდის გახსნას კახის, ბელექანისა და ზაქათალის რაიონში მცხოვრები ინგილოებიც ითხოვენ. როგორც სატელეფონო საუბარში საინგილოში მცხოვრებმა იაკობ ბერიძემ გვითხრა, მას უკვე ოთხი თვეა, რაც სამთაწყაროში მცხოვრებ ნათესავებთან ურთიერთობა აღარ აქვს.
 
სამთაწყაროს საბაჟო-გამშვებ პუნქტზე მდგარი მესაზღვრეები ჟურნალისტთან საუბარს ერიდებიან, თუმცა ხიდის ჩაკეტვის ოფიციალურ მიზეზად მის სავალალო მდგომარეობას ასახელებენ. „ხიდი უნდა გარემონტდეს და ამის გამოა ჩაკეტილი. თუ ვინმე დაწესებულ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას შეეცდება, ბუნებრივია ამას აღვკვეთთ“,- განაცხადა ერთ-ერთმა მესაზღვრემ, რომელმაც ვინაობის დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა.

რაიონის გამგებელი გელა იაკობაშვილი ამბობს, რომ „ხიდი შეიძლება ჩაინგრეს და ამიტომ იგი უნდა შეკეთდეს“. თუმცა, გამგებელი ვერაფერს ამბობს, რატომ არ დაიწყო ხიდის აღდგენითი სამუშაოები ამ ოთხი თვის მანძილზე.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ კომენტარისთვის პრეზიდენტის კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულს პეტრე ცისკარიშვილსაც დაუკავშირდა, რომელმაც კომენტარი აღნიშნულ საკითხზე არ გააკეთა.
 
სამთაწყაროელები შველას უკვე ადამიანის უფლებების დაცვის ორგანიზაციებს სთხოვენ და მასობრივი საპროტესტო აქციებით იმუქრებიან. „კონტრაბანდით მაღალჩინოსნები  ხელს თვითონ ითბობდნენ, ჩვენ კიდევ დავზარალდით. ფაქტობრივად, საინგილოსა და ჩვენს შორის არსებულ ურთიერთობას საბოლოოდ გვაწყვეტინებენ, რასაც არ დავუშვებთ. ყველაფერზე წავალთ...“- იმუქრება ხალხი.

გელა მთივლიშვილი კახეთიდან

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავება არის:
კორუფციასთან და სამოხელეო დანაშაულთან ბრძოლა ბრძოლა ევროატლანტიკური კურსის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა მიჭირს პასუხის გაცემა

ბლოგი

მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
ხანგრძლივი და რთული მოსამზადებელი პერიოდის, წვალების შემდეგ 30 ივლისს სარაევოში ჩავფრინდით. ცუდი მეტეოპირობების გამო, დაფრენის დროს განცდილი დიდი შიშის მიუხედავად, თვითმფრინავის ილუმინატორიდან სარაევოს
ვრცლად...
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
ბეჭედი ნაკვეთურის გარეშე და ორსახელიანი ამომრჩეველი გურიაში
არქივი
    

რედაქტორის აზრი

რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
"მართლმსაჯულების ხარვეზები“ - რბილად ასე ვუწოდებთ იმ სისტემურ პრობლემებს, რაც ქართულ მართლმსაჯულებას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის წლებში ახასიათებდა. 
ვრცლად...
პატიმართა მასობრივი პროტესტის მიზეზები
შემოდგომის ბუზი
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2014 HRIDC