კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორელი ჟურნალისტები პარლამენტარ ბადრი ნანეტაშვილისგან და გუბერნატორ მიხეილ ქარელისგან თავდაცვას ითხოვენ

23 მარტი, 2006

გორელი ჟურნალისტები პარლამენტარ ბადრი ნანეტაშვილისგან  და გუბერნატორ მიხეილ ქარელისგან თავდაცვას ითხოვენ

შიდა ქართლის რეგიონული ტელეკომპანია ,,თრიალეთის” ყოფილი თანამშრომლები ტელევიზიის დამფუძნებელს, ,,ნაციონალური პარტიის” სიით გასულ პარლამენტარ ბადრი ნანეტაშვილს მათი შრომითი უფლებების დარღვევასა და შანტაჟში ადანაშაულებენ. „ადამიანის უფლებათა დაცვის საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრს” ამის შესახებ „თრიალეთის” საინფორმაციო სამსახურის ყოფილმა უფროსმა თამარ ოქრუაშვილმა, ყოფილმა ჟურნალისტებმა - ქეთევან ახალბედაშვილმა, ნანა კახნიაშვილმა, თეა კაკიაშვილმა, ოპერატორებმა დემნა შევარდენიძემ, შალვა ნუსხელიძემ და სხვებმა აცნობეს.

ტელეკომპანია „თრიალეთის“ აღნიშნული ჟურნალისტები წლების განმავლობაში, კორესპონდენტის შტატის გარდა, სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდნენ. თუმცა, სხვა დაკავებული თანამდებობისას შესრულებული მუშაობის ანაზღაურებას არ იღებდნენ. მას შემდეგ, რაც მათ ხელმძღვანელს მოსთხოვეს შრომითი ხელშეკრულება, კუთვნილი ხელფასის უწყისი და ხელფასის ოდენობის დამადასტურებელი მოწმობები, ტელევიზიის საინფორმაციო ეთერით კეთდება სიუჟეტები, სადაც ნათქვამია, რომ „მეამბოხე“ ჟურნალისტები ასრულებენ გარკვეული თანამდებობის პირების - პოლიციის უფროსის, პროკურორის, ფინანსური პოლიციის უფროსების დაკვეთებს, რაც იმას ნიშნავს, რომ თავისუფალი სიტყვა და მართლის მთქმელი ტელეკომპანია საფრთხეშია. საფრთხეს კი თურმე ყოფილი ჟურნალისტები უქმნიან. ჟურნალისტების ინფორმაციით, სამსახურიდან თანამშრომლები ახსნა-განმარტების გარეშე დაითხოვეს, არ აძლევენ მათ შრომის წიგნაკებს, ამასთან, ტელევიზიით გადის მათი საწინააღმდეგო სიუჟეტები, მაგრამ შესაძლებლობა არა აქვთ  დააფიქსირონ  საკუთარი პოზიცია.

თამარ ოქრუაშვილი: „მას შემდეგ რაც რამდენიმე თვის წინ ჩვენ ხმა ავიმაღლეთ ტელეკომპანიაში არსებული მდგომარეობის შესახებ, ჩვენზე ხორციელდება შანტაჟი. საინფორმაციო გამოშვებების მეშვეობით გვაყენებენ შეურაცხყოფას. ჩვენ მოვითხოვეთ, რომ ელემენტარულად სამსახურში იყოს ნორმალური მუშაობის პირობები; თანამშრომლებთან  გაფორმებულიყო ხელშეკრულებები; გაცემულიყო შრომის წიგნაკები.“

ნანა კახნიაშვილი: „მე მას შემდეგ ამითვალწუნა პარლამენტარმა, როდესაც სოფელ უფლისციხეში მიხეილ ქარელის მხრიდან ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტს შევესწარი და ამ ინციდენტის შესახებ გაზეთებში ინტერვიუ მივეცი. ამავე დროს სახალხო დამცველსაც დავუდასტურე, რომ მიხეილ ქარელმა ჟურნალისტი საბა წიწიკაშვილი შეურაცხყო. ამის შემდეგ ჯერ თავად მიხეილ ქარელი შემხვდა და მითხრა - რა ძალა გადგია, რაც დაგემართება შენ თავს დააბრალეო. ხოლო ტელეკომპანიაში ხელფასებს არ მაძლევდნენ და მამყოფებდნენ ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ. სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ ტელევიზიის საინფორმაციო ეთერში დაიწყო ჩემზე სიუჟეტების კეთება და სხვადასხვა ეპითეტებით დახასიათება.“

ქეთევან ახალბედაშვილი: „არაერთხელ მივმართე ტელეკომპანიის ხელმძღვანელს წერილობით, რომ მოეცა ჩემთვის შრომის წიგნაკი, ამავე დროს გაზეთ „თრიალეთში“ დასაქმებული ვიყავი ოთხ შტატზე, მაგრამ მეძლეოდა პირადად მისგან მხოლოდ ერთი შტატის ხელფასი. ამაზე ჩვენ სამართალდამცავებს მივმართეთ, რომ დაცულიყო ჩვენი შრომის უფლებები, საწინააღმდეგოდ კი მივიღეთ საინფორმაციო გამოშვევებში ჩვენი ლანძღვა.“

ქეთევან ახალბედაშვილი: ,,ბანკიდან სესხის აღება როდესაც დამჭირდა, მოვითხოვე ხელფასის ცნობის აღება. ამ ცნობის აღება გამიჭირდა ტელეკომპანიის ხელმძღვანელობიდან. პირადად ბადრი ნანეტაშვილი მიცხადებდა, რომ თუკი მე ხმას ამოვიღებდი, გაავრცელებდა ჩემზე რაღაც ინფორმაციებს, რომელიც ჩემს სახელს შეურაცხყოფდა. გაზეთ ,,თრიალეთში“ სხვადასხვა თანამდებობებზე ვიყავი, თუმცა ხელფასს მხოლოდ და მხოლოდ როგორც ჟურნალისტი, იმ სახით ვიღებდი. დარღვევები არსებობს გრანტების  ხარჯვასთან დაკავშირებით, კერძოდ, ოსურ ენაზე  საინფორმაციო გამოშვებისთვის განკუთვნილი გრანტიდან ნანეტაშვილი ჟურნალისტს 100 ლარს აძლევდა, მაშინ როდესაც 500 ლარი უნდა გადაეხადა. გაზეთი „თრიალეთის“ ინტერნეტიზაციისთვის განკუთვნილი გრანტით კი მან ინტერნეტ-კაფე გახსნა და იგი საკუთარი ბიზნესის წყაროდ აქცია”

„ადამიანის უფლებათა საინფორმაციო სადოკუმენტაციო ცენტრს” ხელთ აქვს დოკუმენტი, სადაც აღნიშნულია, რომ რწმუნებულ მიხეილ ქარელის ფონდიდან ტელეკომპანია „თრიალეთს“ 3 000 ლარი აქვს გადარიცხული. თუმცა, ცნობილია, რომ ოსური საინფორმაციო გადაცემებების დაფინანსება ამერიკულმა ორგანიზაცია „IREX“ -მა დააფინანსა. თამარ ოქრუაშვილის მტკიცებით, რწმუნებულის ფონდიდან აღნიშნული თანხა არ გადარიცხულა და თვითონ მხარის გუბერნატორმა მიითვისა.

ჟურნალისტები სახალხო დამცველს შეხვდნენ,რომელიც მათ ვითარების შესწავლას დაჰპირდა. 

ბადრი ნანეტაშვილი სააგენტო „media.ge“-სთან საუბარში აცხადებს, რომ ჟურნალისტების პრეტენზიები უსაფუძვლო და არასამართლიანია. პარლამენტარის ცნობით, თამარ ოქრუაშვილი მან „არაეთიკური ქცევისთვის“ 8 თვის წინ დაითხოვა ტელევიზიიდან. „ჩემს წინააღმდეგ ტელეკომპანია „თრიალეთის“ ყოფილი სამი ჟურნალისტი გამოდის შიდა ქართლის საოლქო პროკურორის მიხელ აბულაძის მითითებით“, - აცხადებს ბადრი ნანეტაშვილი. მისივე თქმით, აბულაძის საქმიანობის შესახებ, ადგილობრივი ტელევიზიით რამდენიმეჯერ კრიტიკული სიუჟეტი გავიდა, უკმაყოფილო ჟურნალისტები კი  აბულაძესთან დაახლოვებული პიროვნებები არიან.

რაც შეეხება გრანტებს, ნანეტაშვილის მტკიცებით, ისინი მხოლოდ ტექნიკის შეძენას მოხმარდა  და არა ხელფასებს.
პარლამენტარის თქმით, „თრიალეთი“ მზადაა ყოფილ ჟურნალისტებსა და პროკურორს ეთერი დაუთმობს, თუმცა ამ შესაძლებლობას ისინი არ იყენებენ. „პროკურორი აბულაძე ტელეკომპანიის გადამღებ ჯგუფს პროკურატურის შენობასთან მიახლოებასაც კი უკრძალავს“, - აცხადებს  ნანეტაშვილი.

თუმცა, მეამბოხე ჟურნალისტები აცხადებენ, რომ არათუ ტელევიზიის ეთერი, არამედ გაშვებული სიუჟეტების ჩანაწერებსაც კი არ აძლევს პარლამენტარი. თითოეული მათგანი ითხოვს პირდაპირი ეთერით პარლამენტარის პირისპირ დაჯდომას და დებატებში ჩართვას, თუმცა ტელევიზიის დაცვა ჟურნალისტებს შენობასთან მიახლოებასაც კი უკრძალავს.
ჟურნალისტები სასამართლოში ნანეტაშვილის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებენ საკუთარი ტელევიზიის ეთერით მათთვის მორალური შეურაცხყოფის მიყენების გამო. გარდა ამისა, ჟურნალისტები შეურაცხყოფად თვლიან იმ ფაქტს, რომ ტელევიზიამ ისინი ფინანსური და სამხარეო პოლიციის უფროსის, ასევე პროკურორის დაკვეთით მოქმედ ჟურნალისტებად მონათლა.

ჟურნალისტები ფინანსური პოლიციისგან დასახელებულ ფაქტების შესწავლას მოითხოვენ. მათ ხელთ აქვთ სამხარეო და ფინანსურ პოლიციაში შეტანილი განცხადების ასლები, თუმცა ფინანსური პოლიციის უფროსი ზურაბ არსოშვილი აღნიშნავს, რომ მასთან არავითარი განცხადება არ არის შესული.

საბა წიწიკაშვილი გორიდან

ახალი ამბები