კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნაცემი პატიმარი შველას ითხოვს

27 მარტი, 2006

ნაცემი პატიმარი შველას ითხოვს

ციხეებში პატიმართა წამება ვარდების რევოლუციის შემდეგაც პრობლემად რჩება. ამჯერად პატიმარის ცემის გამო ერთმანეთს სახალხო დამცველი და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე დაუპირისპირდნენ. ნაცემი პატიმარი დახმარებას ითხოვს, სახალხო დამცველი კი ციხის ხელმძღვანელობის გადაყენებას.

 „ახალაია იყო შემოსული და სიკვდილით დამემუქრა. ძალიან გთხოვთ, დამეხმარეთ, თქვენი გვერდში დგომა მჭირდება“ - აცხადებს პატიმარი იაგო წიქვაძე და პატიმართა უფლებების დამცველებსა და ჟურნალისტებს შველას სთხოვს.

პატიმარი იაგო წიქვაძე პირველ საპყრობილეში ომბუცმენმა სოზარ სუბარმა 23 მარტს  მოინახულა და შეშფოთებული დარჩა. პატიმარს სახეზე და ზურგზე ფიზიკური ძალადობის კვალი აღენიშნებოდა.  პატიმარმა მასთან საუბრისას არ დამალა, რომ ის ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა შეკამათებისას სცემეს. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე ბაჩო ახალაიამ (სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე) კი გაჩუმების სანაცვლოდ წიქვაძეს სასჯელის დაკლება შესთავაზა, წინააღმდეგ შემთხვევაში  კი ფიზიკური განადგურებით დაემუქრა.

ბაჩო ახალაიას დანაშაულზე საუბრობს პატიმრის ადვოკატი გელა ნიკოლეიშვილიც  და აცხადებს, რომ სიტყვიერი შეურაცყოფის შემდეგ ის  პატიმარს  დაემუქრა: „ბაჩო ახალაია მას უცხადებდა. რომ ის ხელშეუხებელია და ვისაც რასაც უნდა იმას უზამს, რადგან ვერავინ ვერაფერს დაუშავებს. ახალაია წიქვაძეს სხვა პატიმრების თანდასწრებით ისეთი სიტყვებით ლანძღავდა და ემუქრებოდა, ვერ გავიმეორებ. პატიმრის სიცოცხლე საფრთხეშია, მას ნებისმიერ წუთს შეიძლება რაღაც მოუწყონ“.   

ბაჩო ახალაია კომენტარებს არ აკეთებს. მხოლოდ იმას ამბობს, რომ, პატიმარი ტყუის. სახალხო დამცველი კი ციხის უფროსის უფლებამოსილების შეწყვეტას ითხოვს, რასაც ახალაია ეწინააღმდეგება. მისი თქმით, სიმართლე  გამოძიებამ უნდა დაადგინოს. მართალია, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, მაგრამ დაშინებული პატიმარი ჩვენების მიცემაზე უარს ამბობს და პროკურატურასთან არ თანამშრომლობს.  

მომხდარ ფაქტს საქართველოში მოქმედი არაერთი პატიმართა უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები გამოეხმაურნენ. ისინი ნაცემ პატიმარს მისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე ხშირად მონახულებას დაპირდნენ. როგორც „თავისუფლების ინსტიტუტის“  წარმომადგენელი თეა თუთბერიძე  ამბობს: „პატიმრის მდგომარეობა მართლაც საშიში და რთულია. მისთვის ექიმიც კი არ მიუყვანიათ. ადვილი შესაძლებელია, მას გაკეთებული განცხადებისთვის პასუხი მოსთხოვონ. ამიტომ მას ხშირად მოვინახულებ.“   

მსგავსი ფაქტების გამო  არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციამ და 6-მა ოპოზიციურმა პარტიამ სპეციალური მემორანდუმი მიიღო.  მემორანდუმში საუბარია იმ დანაშაულებზე, რაც ბოლო დროს საქართველოში ხდება. მთავარი თემა კი დაკავებულთა წამება და არაადამიანური მოპყრობაა. მემორანდუმი სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს გადაუგზავნეს.

რევოლუციის შემდეგ პატიმართა ცემის და მათი უფლებების დარღვევის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა. აღნიშნული ფაქტები საერთაშორისო ორგანიზაცია „ამნესტი ინთერნეიშენალის“ შეფასებებშიც მოხვდა. „2004-2005 წლის განმავლობაში, სამწუხაროდ, კვლავ ჰქონდა ადგილი თავისუფლებაშეზღუდული პირების წამებასა და მათ მიმართ ღირსების შემლახავ მოპყრობას. „დაკავებულებისაგან ჩვენებების მიღების მიზნით სამართალდამცავები წამების სხვადასხვა არაადამიანურ მეთოდებს იყენებენ, მათ შორის ისეთებს, როგორიცაა ელექტროშოკი, თავზე პოლიეთილენის პაკეტის ჩამოცმა, სიგარეტით და სანთლით დამწვრობის მიყენება, დაკავებულების ნათესავების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარა, დაკავებულის პირის ნაჭრით დახშობა, რათა ცემის დროს ყვირილის საშუალება არ მიეცეს, ცემა – მათ შორის ხელკეტით და იარაღის კონდახით”- ვკითხულობთ მათ ანგარიშში.

ციხეებში შექმნილი მდგომარეობით უკმაყოფილოა ევროსაბჭოც. 2005 წლის მაისის მოხსენებაში პატიმართა წამების შესახებ არაფერია ნათქვამი, მაგრამ, ციხეებში არსებული სიტუაცია გაკრიტიკებულია. ციტატა ევროსაბჭოს ექსპერტების დასკვნიდან: „პირველი საპყრობილის შენობა ძალზე შელახულია და უკიდურესად გადატვირთული. საკნები ნესტიანი, ბნელი და ჭუჭყიანია. ელექტროგაყვანილობის მდგომარეობა პატიმრებისთვის სახიფათოა. საერთო  საყოფაცხოვრებო პირობები სრულიად არადამაკმაყოფილებელი. ამაზე უარესი მდგომარეობა სხვაგან ალბათ არც გვინახავს. საპყრობილე გადატვირთულია და 2200 ადგილზე 3663 პატიმარია განთავსებული. პატიმრობაში მყოფ ბრალდებულთა ზოგადი მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. მათ არათუ დასაწოლი, დასაჯდომი ადგილიც კი არა აქვთ და ფეხზე უწევთ დგომა.“

P.S. ციხეებში შექმნილი მდგომარეობის გამო, 27 თებერვალს გამთენიისას მე-5 იზოლატორის პატიმრებმა ბუნტი მოაწყვეს. მათ საკნები დალეწეს და ნივთებს ცეცხლი წაუკიდეს. სიტუაცია ისე დამძიმდა, რომ სპეცნაზის გამოძახება გახდა საჭირო. სპეცოპერაცია 2 საათი გაგრძელდა. რამდენიმე პატიმარი გარდაიცვალა, რამდენიმე კი დაშავდა და საავადმყოფოში მოათავსეს. დაშავებულები არიან სპეცნაზელებიც. მოგვიანებით, იუსტიციის მინისტრმა გია ქავთარაძემ განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ციხეში ბუნტი და მასობრივი გაქცევა იგეგმებოდა.   

„დღეს დილით ჩვენი დედაქალაქი რეალური საფრთხის წინაშე იდგა. გვაქვს ოპერატიული ინფორმაცია, რომ გაქცევის მცდელობა, რასაც წინ უძღოდა ბუნტი, იყო კარგად დაგეგმილი და კარგად მომზადებული ოპერაცია. ერთი საათის განმავლობაში ჩვენი სამართალდამცველები აფრთხილებდნენ ბუნტის მონაწილეებს, რომ თუკი არ დაწყნარდებოდნენ და არ დაუბრუნდებოდნენ თავიანთ საკნებს, აუცილებლად დაიწყებოდა ოპერაცია. სამწუხაროდ, ამ გაფრთხილებამ შედეგი ვერ გამოიღო. გულისწუხილით და შეშფოთებით მინდა ვთქვა, რომ ოპერაციის შედეგად არიან გარდაცვლილები. ასევე, დაჭრილია ჩვენი სპეცდანიშნულების რაზმის ორი თანამშრომელი, ხოლო 10 თანამშრომელს მიყენებული აქვს სხვადასხვა დაზიანება“ - განაცხადა მინისტრმა. 

ეკა გულუა

ახალი ამბები