კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოპოზიცია სისხლიანი სპეცოპერაციისთვის გამოძიების ჩატარებას ითხოვს

29 მარტი, 2006

ოპოზიცია სისხლიანი სპეცოპერაციისთვის გამოძიების ჩატარებას ითხოვს

7 დაღუპული, 17 დაჭრილი და 20-მდე დაზიანებული ადამიანი - ასეთია 27 მარტს ციხის მე-5 იზოლატორში მომხდარი ბუნტისა და სპეცოპერაციის შედეგი. პრეზიდენტი იუსტიციის სამინისტროსა და პოლიციას წარმატებული სპეცოპერაციისთვის მადლობას უხდის.  საპარლამენტო ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები კი სისხლიანი სპეცოპერაციისთვის იუსტიციის მინისტრის გია ქავთარაძისა  და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ბაჩო ახალაიას გადაყენებას ითხოვს.

27 მარტს შუა ღამეს მე-5 იზოლატორში სპეცოპერაცია ჩატარდა. იუსტიციის მინისტრის მტკიცებით, სპეცოპერაციის მიზეზი  ბუნტი გახდა, რომელიც ციხეებში იგეგმებოდა. გეგმის მიხედვით,  ბუნტი მე-5-ე იზოლატორში უნდა დაწყებულიყო, რომელსაც შემდგომში სხვა საპყრობილეებიც შეუერთდებოდა. ქავთარაძის თქმით, პატიმართა მიზანი გაქცევა იყო. პატიმრები კი ამბობენ, რომ ისინი გაქცევას არ აპირებდნენ, უბრალოდ, მათ იმ პატიმრებს გამოუცხადეს სოლიდარობა, რომლებიც ციხის საავადმყოფოდან შველას ითხოვდნენ. დაახლოებით ღამის 3 საათზე მე-5 იზოლატორში სპეცოპერაცია დაიწყო, რომელიც 2 საათი გაგრძელდა.  შედეგები მსხვერპლით დასრულდა. იზოლატორი კი თითქმის  განადგურდა.  17 დაჭრილი პატიმარი სხვადასხვა საავადმყოფოებში მოათავსეს.

ამ ყველაფერს არეულობა ციხის გარეთაც მოჰყვა, სადაც 4000 პატიმარის ახლობლები შეიკრიბნენ. მათ არ იცოდნენ, მათი პატიმრები ცოცხლები იყვნენ, მკვდრები თუ დაჭრილები. ციხის ადმინისტრაცია გარდაცვლილთა გვარებს არ აცხადებდა. გარეთ შეკრებილებსა და პატრულს შორის შეტაკებაც კი მოხდა.  რამდენიმე ადამიანი დააკავეს კიდეც. განადგურებილი იზოლატორიდან პატიმრები რუსთავისა და ქუთაისის კილონიებში გადაიყვანეს.

28 მარტს პატიმრებმა  გაავრცელეს ინფორმაცია, რომ არეულობა ბაჩო  ახალაიას ბრალი იყო. მათი თქმით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე  ღამის 2 საათზე ციხის საავადმყოფოში შევიდა და რამდენიმე პატიმარი სცემა.  იგივე ინფორმაცია გაავრცელა საპარლამენტო ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით გამყრელიძემაც.  პრეზიდენტმა კი იმავე დღეს უშიშროების სხდომა მოიწვია და სპეცოპერაციას წარმატებული უწოდა: „ნურას უკაცრავად პატივცემულო ბანდიტებო და ყაჩაღებო, ქურდებო და საზოგადოების ხორცმეტებო! ძველი ხელისუფლება არ გეგონოთ! მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა იუსტიციის სამინისტროს  თანამშრომლებს და საქართველოს პოლიციას  იმისთვის, რომ უკიდურესად პროფესიონალურად იმოქმედა და ყველას აგვაცილა ის უბედურება, რომელიც შეიძლება მომხდარიყო.“

სპეცოპერაცია დადებითად შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძემაც. მისი განცხადებით: „რომ არა ხელისუფლების განსაკუთრებული მცდელობა უსისხლოდ დასრულებულიყო ოპერაცია, გაცილებით მეტი მსხვერპლი იქნებოდა.“

იუსტიციის მინისტრმა კი აღნიშნა რომ მოსალოდნელი ბუნტის ინფორმაციას იგი დიდი ხანია ფლობდა: „25 იანვრიდან ცნობილი იყო, რომ ბუნტი მზადდებოდა. სასჯელაღსრულების დეპარტამენტი სხვა სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად, მზად იყო შესაძლო გართულებებისთვის და ეს დადასტურდა კიდეც. დადასტურდა იმით, რომ ასეთი სერიოზული საფრთხე აღკვეთილ იქნა მოკლე დროში, საკმაოდ ეფექტური ღონისძიების შედეგად.“

საზოგადოებას კი მომხდართან დაკავშირებით არაერთი კითხვა აქვს: თუ  მოსალოდნელი ბუნტის შესახებ ინფორმაცია არსებობდა, რატომ არ მოხდა ამ ფაქტის პრევენცია? რატომ არ ვრცელდება დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია? რატომ არ უშვებენ იზოლატორში ადვოკატებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს?

საპარლამენტო ოპოზიციას ეჭვი აქვს, რომ სპეცოპერაცია შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში დაიგეგმა. ხელისუფლება ასეთი გზით სანდრო გირგვლიანის მკვლელობის ფაქტზე საზოგადოების ყურადღების მოდუნებას აპირებდა. ოპოზიციამ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით სპეციალური საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნაც კი მოითხოვა, მაგრამ უმრავლესობისგან უარი მიიღო.

მომხდართან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ოპოზიციამ სპეციალური დასკვნა და წერილი მოამზადეს, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საელჩოებს გადაუგზავნიან.

ეკა გულუა     

ახალი ამბები