კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თბილისში „მარშრუტკებს“ აუქმებენ?

30 მარტი, 2006

თბილისში „მარშრუტკებს“ აუქმებენ?

თბილისის მოსახლეობა დედაქალაქში „მარშრუტკებისა“  და კერძო ტაქსების გაუქმების წინააღმდეგია. მათი თქმით, მერიაში მსგავსი გეგმა არსებობს, რომელიც წლის ბოლოს ამუშავდება. თუ თბილისში ამ ტრანსპორტების მოძრაობა მართლაც აიკრძალა, მძღოლები და მგზავრები ფართომასშტაბიანი გამოსვლებით იმუქრებიან.
გამაფრთხილებელი აქცია კი მათ იპოდრომზე  გამართეს.

მძღოლების თქმით, მათ უკან ოჯახები დგანან და თუ მუშაობის საშუალებას არ მისცემენ,  პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ. „ჩვენი ინფორმაციით, მალე მერია ტაქსებში სალარო აპარატების დამონტაჟებას მოგვთხოვს და გადასახადებს გაგვიზრდის.  ეს კი ტაქსით მომსახურებაზე ფასის გაზრდას გამოიწვევს. კლიენტები არ გვეყოლება და გაგვაკოტრებენ. გაკორტებულ ტაქსოპარკს კი თვითონ ჩაიგდებენ ხელში. მთავრობას ვაფრთხილებთ,  ეს არ გააკეთოს, თორემ, მშიერი  ათასობით მძღოლი და მათი ოჯახები  მერიის კარებთან დავსხდებით. დარწმუნებული ვარ,  ჩვენს აქციას მგზავრებიც შემოუერთდებიან, რადგან, ამით ისინიც ზარალდებიან“, - აცხადებენ აქციის მონაწილე მძღოლები. 

ტაქსის ერთ-ერთი მძღოლი მურმან ქირია ამბობს, რომ მისი დღიური შემოსავალი  საშუალოდ  20-25 ლარია. აქედან 10 ლარს საწვავისთვის ხარჯავს, 5 ლარი ლიცენზიის გადასახადია. სახლში კი დღიურად 5-7 ლარი მიაქვს: „თუ მანქანაში მრიცხველის დამონტაჟებას მომთხოვენ, მას ვერ ვიყიდი. მრიცხველისთვის 300 ლარი საიდან მოვიტანო? გარდა ამისა, გადასახადებსაც გვიზრდიან და იძულებულს გვხდიან, მომსახურება გავაძვიროთ.“ 

ინფორმაციას ამ ორი ტრანსპორტის შესაძლო გაუქმების შესახებ საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატებიც ადასტურებენ. როგორც ლეიბორისტმა სოსო შატბერაშვილმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, არსებობს გეგმა, რომელიც კერძო მფლობელობაში არსებული ტაქსებისა და მარშრუტკების გაუქმებას გულისხმობს.

სოსო შატბერაშვილი: „ჩვენთვის ცნობილია, რომ სამარშრუტო ხაზების და კერძო  ტაქსების ექსპლუატაციიდან ამოღებას აპირებენ. ეს მას შემდეგ გავიგეთ, რაც ჰოლანდიიდან თბილისში ყვითელი ავტობუსების შემოყვანა დაიწყო. ყველამ კარგად იცის, რომ ამ ბიზნესში ჩართულია დეპუტატი  მაია ნადირაძე თავის მეუღლესთან ერთად, რომელიც ქალაქის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსია.“          
 
თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი ზურაბ ჩიკვილაძე დედაქალაქში ტრანსპორტის მოძრაობის სქემის შეცვლას არ უარყოფს, თუმცა, ამბობს, რომ ოპოზოციის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია. „ოპოზიციას ამდენი ტყუილები ყელში არ ამოუვიდა? ამ ყველაფერს თავად იგონებენ და ავრცელებენ. საკასო აპარატები ტაქსებს არ ეხება და ტაქსებთან დაკავშირებით საერთოდ არანაირი ცვლილებები არ იგეგმება. გარდა ამისა, მრიცხველების დაყენება ჩვენი თვითმიზანი არ არის. გაბილეთიანება მხოლოდ და მხოლოდ ავტობუსებს შეეხება, რადგან დღეს უბილეთობის გამო დიდი დანაკარგი გვაქვს. ბილეთები კი საჭიროა იმისთვის, რომ მეტი შემოსავალი მივიღოთ. ბილეთების მანქანებზე ტენდერი გამოცხადება. ვინც გაიმარჯვებს, აპარატებსაც ის შემოიტანს. ჯერჯერობით სამარშრუტო ტაქსებსაც არაფერი ემუქრებათ, მაგრამ სამომავლოდ, ტრანსპორტის მოძრაობის სისტემა რადიკალურად შეიცვლება. მათ შორის ერთ-ერთი ცვლილება ტრანსპორტში ბილეთების აპარატის დამონტაჟება იქნება.“

დღეს თბილისში 2300 სამარშრუტო ტაქსი მოძრაობს. მერიაში კი არ იციან რამდენი „მარშრუტკაა“ საჭირო, რამდენი უნდა გაუქმდეს და რამდენი უნდა დარჩეს. როგორც ჩიკვილაძემ გვითხრა, ეს დეტალები მხოლოდ მას შემდეგ გაირკვევა, რაც უცხოელი ექსპერტები კვლევებს ჩაატარებენ: „ამ ეტაპისთვის არ არსებობს გეგმა თბილისს რამდენი სამარშრუტო ტაქსი სჭირდება. წელს უცხოელი ექსპერტები  ჩამოვლენ, რომლებიც მთელ ქალაქს შეისწავლიან და დასკვნას გააკეთებენ რამდენი და რა სახის ტრანსპორტი გვჭირდება. ამის შემდეგ დაიდება ტრანსპორტის მოძრაობის ახალი სქემა. ეს გეგმა დღეს არ არსებობს. დღეს ქალაქში 375 ყვითელი ავტობუსი და 2300 სამარშრუტო ტაქსი მოძრაობს“.
 

ეკა გულუა

ახალი ამბები