კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საგანგაშო ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში

31 მარტი, 2006

საგანგაშო ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში

საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობა მაქსიმალურად მკაცრდება. მასში 100-მდე ცვლილება შედის, რაც ეჭვმიტანილებთან თუ არასრულწლოვან დამნაშავეებთან დაკავშირებით არანაირ დათმობას არ ითვალისწინებს. როგორც კანონმდებლები აცხადებენ, ცვლილებები პრეზიდენტის განცხადების შესაბამისად მომზადდა, რომელმაც ნებისმიერ დამნაშავეს ნულოვანი ტოლერანტობა გამოუცხადა. 

ადვოკატები, არასამთავრობო ორგანიზაციები და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები საკანონმდებლო ცვლილებებს აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ მისი მიღება არ შეიძლება. იურისტთა თქმით, აღნიშნული ცვლილებები იმას ნიშნავს, რომ ადვოკატები და პატიმრები უუფლებონი რჩებიან და უპირატესობა პროკურატურას ენიჭება. აქედან გამომდინარე, საპარლამენტო ოპოზიცია ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს. რაც შეეხება ცვლილებებს, ის არის მთლიანი პაკეტი და მხოლოდ სს კოდექსს არ ეხება. ცვლილებები შედის  სს საპროცესო კოდექსშიც, პატიმრობის, ადვოკატთა და პროკურატურის შესახებ კანონებში. 

კანონპროექტში არსებულ მიუღებელ მუხლებზე თავად იურისტები საუბრობენ. 

ოთარ კახიძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელი: „ამ ცვლილებებით მთლიანობაში, დაცვის მხარის მდგომარეობა გაცილებით უარესდება. მკვიდრდება სახაზინო ადვოკატის დანიშვნის ინსტიტუტი და განსასჯელს უფლება არ ექნება ადვოკატი თავად აირჩიოს. მაგალითად, დაკავების ოქმის შედგენისას პოლიციელისთვის კანონოთ გათვალისწინებული წესების დაცვა სავალდებულო არ არის (145-ე მუხლი). დღეს მოქმედი კანონმდებლობით კი, ეს დარღვევა პირის თანამდებობიდან გადაყენებას იწვევდა. მეორე შენიშნვა: 70-ე მუხლით,  ეჭვმიტნილის დაკითხვა სავალდებულო არ არის და გამომძიებელზეა დამოკიდებული პირს დაკითხავს თუ არა. ამით  ეჭვმიტანილს თავის დაცვის საშუალება არ ექნება. 84-ე მუხლით კი, ადვოკატს უფლება არა აქვს, საქმის მასალებს პირის დაკითხვამდე გაეცნოს. მას მასალების ნახვა მხოლოდ დაკითხვის შემდეგ შეუძლია. თუ პიროვნება არ დაიკითხება, ადვოკატი საერთოდ საქმის გარეშე რჩება. პრეტენზიები მაქვს 202-ე მუხლთანაც, რომლის მიხედვით, საპროცესო ნორმების დარღვევისთვის გამომძიებელს, მოსამართლეს თუ  პროკურორს პასუხისმგებლობა არ ეკისრებათ. ეს კანონპროექტი გენპროკურატურის შედგენილია და მთლიანობაში სწორედ მათ ინტერესებს ასახავს.“ 

იგივე პრეტენზიები აქვს საპარლამენტო ოპოზიციასაც. დეპუტატი მანანა ნაჭყებია კანონპროექტის ევროკონვენციასთან შეუსაბამობაზე საუბრობს და მის შეცვლას ითხოვს: „წარმოდგენილი ვარიანტის მოხედვით, პირის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოტანისას მოსამართლეს პროკურორის თანხმობა სჭირდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანაში მართლმსაჯულებას ახორციელებს არა მოსამართლე, რაც კონსტიტუციის მოთხოვნაა, არამედ პროკურორი. ამ ცვლილებებით, დაცვის უფლება ძალიან იზღუდება და სასამართლოს მიერ განხორციელებული საქმეები ობიექტური არ იქნება. დაირღვევა ადამიანის სამოქალაქო უფლებები. პრეტენზიები მაქვს კანონმდებლობის იმ ნაწილთან, სადაც საუბარია ზეპირ, დაუსწრებელ მართლმსაჯულებაზე. ანუ, მოსამართლეს შეუძლია, გადაწყვეტილება მხარეთა დაუსწრებლად გამოიტანოს. ეს არის ევროკონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა, რადგან, მხარე აუცილებლად უნდა ესწრებოდეს მის მიმართ გამოტანილ განაჩენს. ასევე არასწორია ის ნაწილი, სადაც საუბარია, რომ თუ მხარე პროცესს ვერ ესწრება, მან სასამართლოს სამედიცინო ცნობა 24 საათით ადრე უნდა წარუდგინოს. წინააღდეგ შემთხვევაში, მის მიმართ ადმინისტრაციული სასჯელი გატარდება (44-ე მუხლი). ხომ შეიძლება მხარეს სასამართლომდე 4 ან 6 საათით ადრე შეემთხვეს რამე. ეს მას საპატიოდ არ ეთვლება. ჩვენ ამ ცვლილებებს მხარს არ დავუჭერთ.“

როგორც ადვოკატები ამბობენ, აღნიშნული ვარიანტით თავადაც ზარალდებიან და განსასჯელებიც. ერთ-ერთი ადვოკატის ირმა ჭკადუას თქმით, „წარმოუდგენელია, რომ პირველი ისტანციის სასამართლოს განაჩენი გადაწყვეტილებისთანავე შედის ძალაში (602 მუხლი).  საერთო ჯამში ამ ცვლილებების მიხედვით, ადვოკატის ადგილი საქმეში არ რჩება. მაგალითად 50-ე მუხლი არასრულწლოვნების მიმართ არანაირ დათმობას და შეღავათებს არ ითვალისწინებს. ამ კანონის მიღება არ შეიძლება.“

კანონში შესატანი ცვლილებების გარდა დეპუტატებს არც ის მოსწონთ, რომ კანონმდებლობა საკმაოდ ხშირად იცვლება. როგორც დეპუტატი გიორგი ცაგარეიშვილი ამბობს, ამჯერად სს კანონმდებლობა ბოლო 2 წელიწადში  26-ჯერ იცვლება, რაც არანორმალურია: „ეს არ არის 1-2 გვერდიანი ცვლილება.
წარმოდგენილი ვარინტი 70-მდე მუხლს ეხება. აქედან გამომდინარე, საკმაოდ რთულია ასე ხშირ-ხშირი ცვლილებები აითვისო და შეასრულო. ვერც ადვოკატები,  ვერც მოსამართლეები და ვერც გამომძიებლები კანონების ასე ხშირ-ხშირ ცვლას ვერ შეეგუებიან და მათი ცხოვრებაში გატარებას ვერ მოახერხებენ. როცა ადამიანის სიცოცხლესთან და ჯანმრთელობასთან გვაქვს საქმე, ცვლილებების ამ სისწრაფით გატარება წარმოუდგენელია.“ 

საპარლამენტო უმრავლესობა ოპონენტებს ზოგ ნაწილში ეთანხმება, ზოგ ნაწილში კი არა. პარლამენტის იურიდიული კომიტეტის წევრის - ნიკა გვარამიას თქმით,
კანონპროექტი საერთო ჯამში მისაღებია, მაგრამ რაღაც ხარვეზები არსებობს, რომელიც ჩასწორდება. კანონპროექტზე პარლამენტი აქტიურად მუშაობს და მისი განხილვა მომავალ კვირას იგეგმება.

 ეკა გულუა 

ახალი ამბები