კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აზერბაიჯანელი მესაზღვრეები საზღვრისპირა სოფლებიდან ადამიანებს იტაცებენ

12 აპრილი, 2006

აზერბაიჯანელი მესაზღვრეები საზღვრისპირა სოფლებიდან ადამიანებს იტაცებენ

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებული განუკითხაობის გამო მოსახლეობამ ხელისუფლებას დახმარება არაერთხელ სთხოვა, თუმცა როგორც თავად ამბობენ, მდგომარეობა არ შეცვლილა. აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ქართველებს საზღვრის დარღვევის საბაბით კვლავ იტაცებენ და გატაცებულებს მხოლოდ თანხის გადახდის შემდეგ ათავისუფლებენ.

ადამიანებს ყველაზე ხშირად ლაგოდეხის რაიონის სოფელ მაწიმიდან და სიღნაღის რაიონის სოფელ ერისიმედიდან იტაცებენ, რადგან ეს სოფლები საზღვართან ძალიან ახლოს მდებარეობს. „ბიჭმა რომ დაიგვიანა, მოსაძებნად წავედი. ვიცოდი, სადაც უნდა მომეძებნა და აზერბაიჯანელი მესაზღვრეების „კამანდირთან“ მივედი. ვკითხე, ბიჭი დაიკარგა და სად არის მეთქი. არ დაგვიჭერიაო, მიპასუხა. ნაცნობი სანამ არ ჩავრიე, მიმალავდნენ. მერე მითხრეს, რომ დაჭერილიაო. არ ვიცი რას უპირებდნენ“,- ამბობს მაწიმელი ჯუმბერ ნატროშვილი.

მოსახლეობის თქმით, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ქართველ ბავშვებსაც იტყუებენ, რომელთაც საზღვრის დარღვევის მოტივით აპატიმრებენ. „აზერბაიჯანსა და ჩვენს სოფელს ხევი ჰყოფს, სადაც ბავშვები ხშირად ჩადიან. აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ეუბნებიან, ბავშვებო, სიგარეტი გადმოგვიტანეთ, მოდით აქ, დავილაპარაკოთო. ბავშვი გადავა და სტაცებენ ხელს. მარტში დაჭერილი ძმანაშვილის გამოსახსნელად მისმა ოჯახმა ბელექნის პროკურატურას 250 დოლარი გადაუხადა. ვის აღარ მივმართეთ, მაგრამ აზერბაიჯანელ მესაზღვრეთა თავნებობას საშველი არ დაადგა“,- აღშფოთებას ვერ მალავენ მაწიმელები.

ადამიანთა გატაცების პრობლემა განსაკუთრებით გასულ წელს გახდა აქტუალური. სოფელ მაწიმის პრივატიზებული მიწები სასაზღვრო ზოლშია. მოსახლეობა საზღვრისგამყოფ ხევს სარწყავად იყენებს. ზოგი შეშაზე მიდის, ზოგი წყალზე და არის შემთხვევები, როცა უნებურად ხდება საზღვრის გადაკვეთა. აზერბაიჯანელი მესაზღვრეები კი მათ ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე აპატიმრებენ. შეწუხებულმა მოსახლეობამ ამის თაობაზე არაერთხელ მიმართა რაიონის გამგეობასა და დეპუტატებს, თუმცა, დაპირებების მიუხედავად, არაფერი შეცვლილა.

აზერბაიჯანელ მესაზღვრეთაგან ბოლო დროს ადამიანთა გატაცების ფაქტებს უარყოფს საზღვრის დაცვის მე-6 რეგიონული სამმართველოს უფროსი ტარიელ დანელია. მისი თქმით, მცირე ხნის უკან შეიცვლა აზერბაიჯანის საზღვრის დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელობა და მდგომარეობაც გამოსწორდა.

დანელიას განცხადების საწინააღმდეგოდ, ხელისუფლების მიმართ პრეტენზიები მაწიმელი გლეხების მსგავსად სიღნაღის რაიონის სოფელ ერისიმედის მოსახლეობასაც აქვს. „აზერბაიჯანის საზღვარი სოფლის დასახლებული ნაწილიდან რამდენიმე მეტრში გადის. ხშირად ჩვენი საქონელი საზღვარს კვეთს და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადადის. საქონელი რომ არ დავკარგოთ, ბუნებრივია მის მობრუნებას ვცდილობთ, რა დროსაც მესაზღვრეები გვაპატიმრებენ და ზაქათლის კომენდატურაში, შემდეგ კი, თუ ფული არ გადავიხადეთ ან გავლენიანი ხალხი არ ჩავრიეთ, იქაურ „ჰაუბახტში“ ვხვდებით. საზღვრის დარღვევის მიზეზით დაკავებულნი არიან ქალებიც კი. თუ ვინმეს მივაწვდინეთ ხმა, დაპირებებსაც გვაძლევენ, რომელიც ყოველთვის შეუსრულებელი რჩება. ერთხელ, სოფელში პრეზიდენტის კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული პეტრე ცისკარიშვილიც იყო ჩამოსული, მაგრამ ერისიმედში ერთ საათზე მეტ ხანს ვერ გაძლო, კოღოებმა შეაღონეს. მას შემდეგ არავის გავხსენებივართ. აზერბაიჯანელ მესაზღვრეთაგან დაკავებული ხალხის გამოხსნას ასე თუ ისე ვახერხებთ, მაგრამ ძალიან ბევრი ძროხა, რომელიც საზღვარს იქით გადავიდა, უკან ვეღარ დაგვიბრუნებია,“- ამბობენ ერისიმედელები და უიმედოდ კითხულობენ: „საერთოდ ახსოვთ, რომ სიღნაღში არსებობს საზღვრისპირა სოფელი ერისიმედი, სადაც მოსახლეობას იმდენად მძიმე პირობებში უწევს ცხოვრება, რომ იძულებულები ვართ სამუშაო აზერბაიჯანში ვეძებოთ და ოჯახებითაც, დროებით მაინც იქ გადავსახლდეთ“?

გელა მთივლიშვილი კახეთიდან

ახალი ამბები