კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„აჭარის განვითარების ფონდი“ ჟურნალისტებისთვის დახურულია

13 აპრილი, 2006

„აჭარის განვითარების ფონდი“ ჟურნალისტებისთვის დახურულია

ინფორმაცია „აჭარის განვითარების ფონდში“ მიმდინარე მოვლენების შესახებ, სასამართლოს გზითაც მიუღწეველი აღმოჩნდა გაზეთ „ბათუმელებისთვის“. რატომ არ აწვდიან მედიას ინფორმაციას ფონდის შესახებ და რატომ არის ამ ფონდის საქმიანობა ისევე გასაიდუმლოებული, როგორც აჭარის ყოფილი ხელმძღვანელის - აბაშიძის დროს მოქმედი ფონდებისა?

„აჭარის განვითარების ფონდი“ 2004 წლის მაისში, აჭარის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ შეიქმნა. ფონდის დამფუძნებელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაა მინისტრთა საბჭოს სახით. წარმომადგენელი კი ლევან ვარშალომიძეა. წესდების მიხედვით, ფონდი დაარსდა, როგორც არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც საქმიანობას სხვადასხვა შემოწირულობით ახორციელებდა. თუმცა, შემოწირულობა გაზეთ „ბათუმელების“ ინფორმაციით, წართმევის გზით მოიპოვებოდა. 

გაზეთ „ბათუმელების“ რედაქტორის მოადგილის, თედო ჯორბენაძის განცხადებით, „რევოლუციის შემდეგ, აჭარის პროკურატურა იმ პირებს, ვისაც ბიუჯეტის კუთვნილ თანხებს ედავებოდა, ბიუჯეტის ნაცვლად თანხებს სწორედ „აჭარის განვითარების ფონდში“ არიცხვინებდა. დაკავებულებსაც ხშირად იმ შემთხვევაში ათავისუფლებდნენ, თუკი წარმოადგენდნენ ქვითარს რომ შესაბამისი თანხა გადაიხადეს აღნიშნულ ფონდში. თვით ფონდის არსებობა ძალზედ გასაიდუმლოებული იყო, და ჩვენც ერთ-ერთ გადამხდელისგან, მებაჟისაგან გავიგეთ მისი არსებობის შესახებ“.

გაზეთმა „ბათუმელებმა“ ფონდის საქმიანობის შესწავლის მიზნით, საჯარო ინფორმაციის მისაღებად არაერთხელ მიმართა ფონდს. „ბათუმელები“ ითხოვდნენ მიეწოდებინათ ინფორმაცია ფონდის შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ, მაგრამ ამაოდ; ფონდის საქმიანობა მედიისთვის დახურული აღმოჩნდა. „თავდაპირველად, კონკრეტული პასუხის ნაცვლად მხოლოდ ფონდის არსებობა დაგვიდასტურეს და მისი დებულება და მიზნებიც - ოფიციალურად გაგვაცნეს. არაოფიციალურად კი გვითხრეს, რომ იმ დოზის ინფორმაციას მოგვაწვდიდნენ, რასაც ბატონი ლევან ვარშალომიძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ჩათვლიდა საჭიროდ“, - აღნიშნა ჯორბენაძემ.

„ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მოგვწერა, რომ ფონდი კერძო სამართლის იურიდიული პირია და აქედან გამომდინარე, მის საქმიანობაზე არ გავრცელდება ნორმები ინფორმაციის თავისუფლების შესახებ. თუმცაღა, ფონდი დაარსდა ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოყოფილი 10 ათასი ლარით. იგივე ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, საჯაროა დაწესებულება, რომელიც ბიუჯეტის სახსრებით ფინანსდება. ამდენად ფონდი ვალდებულია გასცეს თუ ვის მიერ რა რაოდენობის თანხაა ჩარიცხული და შესაბამისად, რაშია დახარჯული“, - განაცხადა გაზეთის რედაქტორის მოადგილემ.

გაზეთმა "ბათუმელებმა“ ბათუმის საქალაქო სასამართლოსაც მიმართა. თუმცა, მოთხოვნა სასამართლომ არ დააკმაყოფილა და მხარის დაუსწრებლად გამოიტანა გადაწყვეტილება, რომელიც დღემდე არ გადაუციათ გაზეთ "ბათუმელებისთვის“.

ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის იურისტის იაგო ბარამიძის განცხადებით, „ფონდი იმ შემთხვევაში გასცემს ინფორმაციას, თუ სახელმწიფომ მონაწილეობა მიიღო მის შექმნაში. ამ შემთხვევაში დამფუძნებელი მინისტრთა საბჭოა, შესაბამისად, თანხებთან დაკავშირებით ინფორმაცია საჯარო უნდა იყოს. ის, რომ ფონდი სამოქალაქო კოდექსის საფუძველზეა შექმნილი, ეს სუსტი არგუმენტია იმაზე, რომ ინფორმაცია არ გაიცეს“.

მიუხედავად ჩვენი მრავალგზის მცდელობისა, მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა თეა ცეცხლაძემ ფონდის ხელმძღვანელობასთან ვერ დაგვაკავშირა. „ზაზა ნაჭყებიას, ფონდის აღმასრულებელ დირექტორს ტელეფონი გათიშული აქვს“, - იყო ცეცხლაძის პასუხი.

მაკა მალაყმაძე ბათუმიდან

ახალი ამბები