კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რეპრესიული კანონმდებლობა

14 აპრილი, 2006

რეპრესიული კანონმდებლობა

ადვოკატები და არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს სს საპროცესო კოდექსს აკრიტიკებენ და მას რეპრესიულს უწოდებენ. კანონმდებლობის მიხედვით, ადვოკატის ადგილი მხარის დაცვის პროცესში მინიმუმამდე შემცირებულია და თითქმის არ რჩება. არადა, თუ პირს მის მიერ არჩეული ადვოკატი არ ეყოლება, ეს მისი უფლებების უხეშ დარღვევას ნიშნავს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის“ ადვოკატი დავით მანაგაძე ერთ-ერთი მათგანია, ვინც საკანონმდებლო  ხარვეზებზე საუბრობს. მისი თქმით, კანონმდებლობაში არაერთი მუხლი არსებობს, რომელიც ადამიანის უთლებებს აღრვევს, თუმცა, ამჯერად სს საპროცესო კოდექსის მე-5 კარის 26-ე, 295-ე და 550-ე მუხლზე საუბრობს, რომელიც მხარეებისთვის  შეტყობინების ფოსტით გაგზავნას ეხება.

დათო მანაგაძე: „სს საპროცესო კოდექსით შეიძლება, მოწმეს, დაზარალებულს, ბრალდებულს დაურეკო და სასამართლო პროცესის შესახებ ინფორმაცია ტელეფონით მიაწოდო, ასევე შეიძლება ინფორმაცია წერილობითი სახით ფოსტით გაუგზავნო. როგორც წესი, გამოძიება, ეჭვმიტანილს და ბრალდებულს ინფორმაციას ტელეფონით აგებინებს, ადვოკატს კი უწყებას უგზავნის. თუ სასამართლო 1  სექტემბერს არის დანიშნული და ის წერილს 3 სექტემბერს მიიღებს, პროცესს ვერ ესწრება. თუ გავითვალისწინებთ, რომ სს კანონმდებლობაში ცვლილებები შედის, რომლის მიხედვითაც, თუ მხარე ან ადვოკატი პროცესს არ დაესწრო მას გარკვეული პასუხისმგებლობა ეკისრება, ეს სერიოზულ პრობლმებს გამოიწვევს.“

კანონმდებლობაში ისიც წერია, (550-ე მუხლი) რომ უწყება ჩაბარებულად ფოსტაში გადაცემის მომენტიდან ითვლება. ფოსტამ ადრესატს როდის მოუტანა, ის უკვე არ აინტერესებთ. “საჩივრის ფოსტით, კავშირგაბმულობით და სხვა ტექნიკური საშუალებებით გაგზავნისას წერილი შეტანილად ითვლება იმ დღიდან, როცა იგი გადაეცა ფოსტას ან კავშირგაბმულობის სხვა ორგანოს“,- ვკითხულობთ კანონში.

„მიიღო თუ არა შესაბამისმა ორგანომ ან პირმა შესაბამისი დოკუმენტი, რათა სრულყოფილად შესძლოს საპასუხოდ საკუთარი უფლების განხორციელება - ამ საკითხზე კანონმდებლობა სდუმს“, - ამბობს ადვოკატი.

რაც შეეხება მეორე პრობლემას, სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის დაგვიანებით მიღება საქმის გასაჩივრებასაც უშლის ხელს. როგორც  მანაგაძე ამბობს, „თუ საქმის დახურვის შესახებ დადგენილება 1 თვის დაგვიანებით მოგივა, საქმის გასაჩივრებაც გვიანდება, რის გამოც პროცესი დროში დიდხანს იჭიმება.“

კითხვაზე, რაში აწყობს სასამართლოს მხარის ან მისი ადვოკატის პროცესზე არგამოცხადება, მანაგაძის პასუხი ასეთია: „ბრალდებულის პროცესზე არგამოცხადებას იმისთვის იყენებენ, რომ ის დააპატიმრონ, ანუ ეტყვიან, რომ მე შენ გამოგიგზავნე შეტყობინება, შენ არ გამოცხადდი, ესე იგი არსებობს საშიშროება, რომ შენ მიიმალო და აქედან გამომდინარე, მას აკავებენ და წინასწარ პატიმრობას უსჯიან.“

რაც შეეხება პრობლემიდან გამოსავალს, მანაგაძის თქმით, თუ კანონმდებლობაში შესწორებები არ შევა, საკითხი ფოსტასთან მაინც უნდა მოგვარდეს: „ფოსტამ ზუსტად უნდა დაადგინოს, მაგალითად, თბილისიდან ბათუმში წერილი რა დროში ჩადის და ეს ვადები არ უნდა დაირღვეს. თუ ფოსტის გამო ვადები დაირღვა, პასუხი მან უნდა აგოს.

რაც შეეხება პარლამენტის წევრებს, მათ მიღებული კანონები მოსწონთ და მის შეცვლას არც აპირებენ. როგორც პარლამენტის იურიდიული კომიტეტის წევრმა ნაზი არონიამ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა: „ადვოკატების საკმაოდ სოლიდურ ნაწილს კანონმდებლობის ეს მუხლები იმიტომ არ მოსწონთ, რომ თავიანთ სასარგებლოდ  ვერ იყენებენ. ისინი ადრე  ცდილობდნენ, სხვადასხვა მიზეზებით  სასამართლო პროცესები გადაედოთ. ეხლა კი ამას ვერ ახერხებენ. მიუხედავად ადვოკატთა სერიოზული წინააღმდეგობისა  ამ კანონმდებლობას ვეთანხმები. ადვოკატი, რომელიც საქმეს აწარმოებს, მუდმივად საქმის კურსში უნდა იყოს, ამ საქმესთან დაკავშირებით რა ხდება. მან ყოველთვის უნდა იცოდეს, პროცესი როდის გაიმართება და სასამართლოს შეტყობინების იმედზე არ უნდა იყოს.  ამდენად, ის მომენტი, რომ მას უწყება არ ჩაბარდა და ამის გამო ვერ გამოცხადდა სასამართლოზე,  მისაღები არ არის. მალე კანონმდებლობაში  ახალი  ცვლილება შემოვა, რომლის მიხედვით, თუ ადვოკატი სასამართლოს არ დაესწრება და სასამართლოს ამის შესახებ 24 საათით ადრე არ გააგებინებს, მას პროცესს ჩამოაშორებენ. სწორედ ამიტომ არის მათი მხრიდან წინააღმდეგობა.“

ადვოკატებისთვის და განსასჯელებისთვის კი ამგვარი პოზიცია კატეგორიულად მიუღებელია და ამ ნორმას მათი უფლებების დარღვევად აფასებენ.  

ეკა გულუა

ახალი ამბები