კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თავდაცვის სამინისტრო სოფელ უფლისციხეს „გადასახლებით“ ემუქრება

18 აპრილი, 2006

თავდაცვის სამინისტრო  სოფელ უფლისციხეს „გადასახლებით“ ემუქრება

გორის რაიონის სოფელ უფლისციხეში პანიკაა. სოფლის ტერიტორიაზე მდებარე ყოფილ სახელმწიფო ობიექტის შენობაში თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფების განლაგების გამო ადგილობრივი მაცხოვრებლები გარკვეულ შეშფოთებას გამოთქვამენ. მოსახლეობაში მუსირებს აზრი, რომ 300 კომლიან უძველეს სოფელს გადასახლება ემუქრება, რადგან მთელი ტერიტორია თავდაცვის მინისტრს სამხედრო ქვედანაყოფების განლაგებისთვის და კიდევ უფრო გაფართოებისთვის  სჭირდება.

ამ ეჭვს აძლიერებს ის ფაქტიც, რომ სოფელში არსებული საბავშვო ბაღის ტერიტორია, კულტურის სახლი და მათზე მიკუთვნებული ტერიტორია თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე გადავიდა. სოფელში არსებულ არასრულ საშუალო სკოლასაც გაუქმების საფრთხე ემუქრება, რადგან მოსწავლეთა კონტიგენტი საკმაოდ მცირეა. ფაქტობრივად, სოფელი ყოველგვარ ფუნქციას კარგავს. უფლისციხე ქვახვრელის საკრებულოს შემადგენლობაში შედის და ცალკე ტერიტორიული თვითმმართველი ორგანო არ გააჩნია.

არჩილ გაბინაშვილი (ადგილობრივი მკვიდრი): - „ძალიან ბევრი ფაქტორი მიანიშნებს იმაზე, რომ შუა სოფელში განლაგებულ თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფებს შეიძლება ჩვენი საცხოვრებელი ფართებიც შეუერთდეს. სოფელში ხშირად მოდის ინფორმაცია ჩვენი აყრის და სხვაგან, მეზობელ სოფლებში გადასახლების შესახებ. თვითონ ჯარისკაცებიც არაფერს ამბობენ. ბევრჯერ მათთან ერთად ჩვენი სოფლის ბიჭები ხან ფეხბურთს თამაშობენ, ხან რას, მაგრამ არც ისინი არიან გარკვეულნი, რა შეიძლება მოხდეს აქ. ალბათ ნელ-ნელა გვაჩვევენ, ხან ჭორის დონეზე, ხან ოფიციალურ დონეზე, რომ ჯარს ჩვენი სოფლის ტერიტორია აინტერესებს.“

გორის რაიონის დასახლებული სოფელი უფლისციხე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს. 1960-იან წლებამდე მოსახლეობა მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ისტორიულ ძეგლ უფლისციხის ძირში ცხოვრობდა. ყოფილი საბჭოთა კავშირის პერიოდში, „ძველი უფლისციხის“ მოსახლეობა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გადაასახლეს, სადაც რკინიგზა გადიოდა და სადაც სახელმწიფო ობიექტი (პროდუქტებისა და სხვადასხვა ნედლეულის შემნახველი ბაზა) მდებარეობდა. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე დასახლებული უფლისციხელები ხან რკინიგზაში დაასაქმეს, ხან კი ნედლეულისა და პროდუქტების შემნახველ ბაზაში. ვინც ობიექტში მუშაობდა, საბჭოთა მთავრობამ კოლექტიური ბინები აუშენა და შეასახლა, ბევრმა საკუთარი სახსრებით საცხოვრებელი სახლების მშენებლობა დაიწყო. ხელისუფლება მაშინ თავს იმით იმართლებდა, რომ „ძველ უფლისციხეში“ საცხოვრებელი პირობები არ ვარგოდა, არ იყო სასმელი წყალი და ა.შ. სწორედ ამიტომ გახდა საჭირო მათი დასახლება უკეთეს ადგილზე და დასაქმება. მართალია, უფლისციხელები აღნიშნავენ, რომ 1960-იან წლებში მათი გადასახლება მტკვრის მეორე ნაპირზე უკეთესი იყო, მაგრამ დღეს ამ უკეთეს ადგილსაც სამხედრო ფორმიანები ართმევენ, ყოველ შემთხვევაში, შეშფოთების საფუძველი ნამდვილად აქვთ. უფლისციხელები, მართალია, ქართული ჯარის გაძლიერების წინააღმდეგი არ არიან, მაგრამ ერთადერთი რის გარკვევაც უნდათ, შეიტყონ, მოარული ჭორები რამდენად შეესაბამება სიმართლეს.

გიგო ბერიკაშვილი (ადგილობრივი მკვიდრი): - „დავსახლდით, შევეჩვიეთ აქაურობას, ცოტა ფეხზე დავდექით, მაგრამ ამ ბოლო დროს გვაშინებენ, რომ თქვენ სახლებს სამხედროები შეიძენენ და გაგასახლებენო. ვინ წარმოიდგენდა, რომ შუა სოფელში, ამხელა საწარმოში ჯარი დადგებოდა. არც კი ვიცით დანამდვილებით შიგ რა ინახება. შუაღამისას სამხედრო მანქანები დადიან და მოსახლეობას მოსვენებას არ აძლევენ. რა უნდა ჩვენ სოფელში ჯარს? საწვრთნელი პოლიგონი აქ არ არის და სარბენი ადგილი...”

უფლისციხესთან დაკავშირებით საინტერესოა, კიდევ ერთი ფაქტორი. გასულ წელს გორი-უფლისციხის გზა ხელახლა დაიგო. თავდაპირველად საავტომობილო გზის გაკეთებას ისტორიულ ძეგლ უფლისციხეს მიაწერდნენ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ახალი საავტომობილი გზა მხოლოდ სოფელ უფლისციხემდე დაიგო, სადაც ქართული სამხედრო ბაზაა განლაგებული. ისტორიულ ძეგლამდე დარჩენილი 4 კმ კი კვლავ სავალალო მდგომარეობაშია. რაიონის ბიუჯეტში ჯერ-ჯერობით არ არის გათვალისწინებული აღნიშნული მონაკვეთის „დაკერებაც“ კი. უფლისციხელები დარწმუნებულები არიან, რომ ახალი გზის დაგება მხოლოდ და მხოლოდ სამხედრო ბაზის განლაგების გამო მოხდა და ისტორიული ძეგლის მოშველიება მხოლოდ საბაბია. უფრო მეტიც, სოფელში იმასაც საუბრობენ, გორიდან სოფელში შემოსასვლელ გზას გადაკეტავენ და ნამდვილ სამხედრო ბაზად გადაქცეულ უფლისციხეში ბუზიც კი ვერ შემოფრინდება.

რეალურად რა მოხდება უფლისციხის ყოფილ საწარმოს ტერიტორიაზე, ჯერ-ჯერობით უცნობია. გორი და მისი ტერიტორია რომ ნელ-ნელა სამხედრო ტერიტორია ხდება, ეს კი ცხადია. გორის რაიონულ საავადმყოფოს ტერიტორიაზე, რომელიც მიმდინარე წელს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე გადავიდა, სამხედრო ჰოსპიტალის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს კი აკრედიტაციის არ გავლის საშიშროება ემუქრება და, სავარაუდოდ, ისიც სამხედრო აკადემიად მოიაზრება.

საბა წიწიკაშვილი გორიდან

ახალი ამბები