კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პრეზიდენტის რწმუნებულის ფონდების ლიკვიდაციის კანონდარღვევები

20 აპრილი, 2006

პრეზიდენტის რწმუნებულის ფონდების ლიკვიდაციის კანონდარღვევები

პრეზიდენტის რწმუნებულების ფონდების საქმიანობასთან დაკავშირებული დარღვევები „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა. მონიტორინგის კომისია დღეისათვის ამ ფონდების ლიკვიდაციის კანონდარღვევებზე საუბრობს.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და 40-ე მუხლის შესაბამისად, საჯარო ინფორმაცის გაცემა დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს. მაგრამ თუ მის მომზადებას დრო სჭირდება, უკანასკნელი ვადა 10 დღეა. არავის აქვს უფლება, საჯარო ინფორმაცია დაბლოკოს. წინააღმდეგობის შემთხვევაში, მას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ეკისრება.

ფონდებთან დაკავშირებით არსებული სერიოზული პრობლემები ჯერ კიდევ ერთი წლის წინ დაიწყო, როცა როგორც საია-მ ისე ჟურნალისტებმა შიდა ქართლში საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის - მიშა ქარელისგან ფონდის შესახებ არსებული საჯარო ინფორმაცია მოითხოვეს, მაგრამ ქარელმა ინფორმაცია არ გასცა. მართალია, საია-მ კანონდარღვევის გამო ქარელის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა და პროცესი 2-ჯერ მოიგო, მაგრამ დეტალური დოკუმენტები ჯერაც არ მიუღია. 

2006 წლის 1 იანვრიდან კი რწმუნებულების ფონდების ლიკვიდაცია დაიწყო და დასრულდა კიდეც. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ კანონის“ მიხედვით შეიქმნა სალიკვიდაციო კომისიები. ამავე კანონის მე-18 მუხლის მიხედვით, თუ ფონდებში რაიმე ქონება დარჩებოდა, ამ ქონებით ჯერ ის  დავალიანებები უნდა გასტუმრებულიყო, რომელიც ფონდს ექნებოდა. დავალიანებების არარსებობის შემთხვევაში, დარჩენილი ქონება სახელმწიფოს უნდა გადაცემოდა.

პრეზიდენტის რწმუნებულმა კახეთის მხარეში კანონმდებლობის აღნიშნული მოთხოვნა დაარღვია და დარჩენილი ქონება სახელმწიფოს ნაცვლად კერძო ფონდს გადასცა. უფრო დაწვრილებით ამის შესახებ საიას წარმომადგენელი ნიკა ირეშიძე საუბრობს.

„კახეთში რწმუნებულის ფონდს დავალიანებები არ ჰქონია. პირიქით, დაახლოების 90 ათასი ლარის ქონება და 15 ათას ლარად შეფასებული ჯიპი დარჩა, რომელიც სახელმწიფოს უნდა გადასცემოდა და არავის სხვას. თუმცა, სალიკვიდაციო კომისიის გადაწყვეტილებით  ის კერძო სამართლის იურიდიულ პირს „კახეთის განვითარების სააგენტოს“ გადაეცა. ამით კი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ კანონი“ დაირღვა. თუ სს კოდექსის 360-ე მუხლს გადავხედავთ, ამგვარი ქმედება  შეიძლება შეფასდეს, როგორც თვითნებობა და ეს დარღვევა სს პასუხისმგებლობას ითვალისწინებს“.

„თვითნებობა, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებრივად სასარგებლო შრომით ვადით 180-დან 200 საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი, ვადით 1-დან 2 წლამდე, ან ტუსაღობით ვადით 4-დან 6 თვემდე“, - ვკითხულობთ სს კოდექსის 360-უ მუხლში.

რაც შეეხება იმერეთის რეგიონის რწმუნებულის ფონდს, საია-მ მისგან ვერანიარი ინფორმაცია ვერ მიიღო. როგორც ნიკა ირეშიძემ „ადამიანის უფლებათა საინფორმაციო ცენტრის“ ჟურნალისტთან საუბრისას აღნიშნა, ამ შემთხვევაში „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მოთხოვნები დაირღვა. მისი თქმით, „რწმუნებულის ადმინისტრაციამ თავი აარიდა საჯარო ინფორმაციის გადმოცემას. მან დაარღვია „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები“. კომისიას სალიკვიდაციო კომისიის დასკვნების მოთხოვნის შესახებ 27 მარტს მივმართეთ, მაგრამ კანონმდებლობის გათვალისწინებული ყველა ნორმა დაირღვა და ჯერ არაფერი მიგვიღია.“  საიას ეჭვი აქვს, რომ იმერეთის რწმუნებულის ადმინისტრაცია დოკუმენტაციას იმიტომ მალავს, რომ იქ სერიოზული დარღვევები არსებობს. „ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ინფორმაცია არ მოგვაწოდეს, არის იქ არსებული დარღვევები. 16 იანვარს, როცა ფონდების შედეგების პრეზენტაცია გავაკეთეთ, იმერეთში ყველაზე მეტი დარღვევა სახელმწიფო შესყიდვებს უკავშირდებოდა. ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ბალანჩივაძემ პირად საუბრისას მითხრა, რომ ინფორმაციის დამალვისთვის თუ მიშა ქარელს ვერაფერი უყავით, ჩვენც ვერაფერს დაგვაკებთო“, - ამბობს ირეშიძე.

პირველ მაისს საიას წარმომადგენლები რწმუნებულებთან გეგმავენ შეხვედრას. თუ მათ იურისტთა რეკომენდაციები არ გაითვალისწინს, საქმე პროკურატურასთან ექნებათ. როგორც ნიკა ირეშიძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, „პირველ ეტაპზე რწმუნებულებს რეკომენდაციებს მივცემთ, რომ კანონის შესაბამისად იმოქმედონ. ამის შემდეგ, ქარელმა თუ კიდევ არ მოგვცა საჯარო ინფორმაცია მას სს პასუხისმგებლობა დაეკისრება. სს კოდექსის 381-ე მუხლის თანახმად კი, პირი, რომელიც ხელს უშლის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულებას, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 2 წლამდე.“
 
რაც შეეხება პრეზიდენტის რწმუნებულების ფონდების ლიკვიდაციას, ეს პროცესი 1 იანვარს დაიწყო და 3 თვეში დამთავრდა.

ეკა გულუა

ახალი ამბები