კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თელაველ პენსიონერებს სამთავრობო გაზეთის შეძენას აიძულებენ

20 აპრილი, 2006

თელაველ პენსიონერებს სამთავრობო გაზეთის შეძენას აიძულებენ

მიმდინარე წლის მარტიდან პანსიონერებს პენსია 5 ლარით გაეზარდათ და 33 ლარს შეადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება პენსიის 5 ლარით გაზრდას საკუთარ წარმატებად მიიჩნევს, პენსიონერები ხელისუფლების მისამართით საყვედურებს ხმამაღლა გამოთქვამენ და უკიდურეს სოციალურ გაჭირვებაზე საუბრობენ. თელავის რაიონის სოფელ აკურის პენსიონერები კი აცხადებენ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მათ თელავის რაიონის გამგეობის გაზეთის ყიდვას აიძულებს და გაზეთის ღირებულებას პენსიიდან უკავებს.
 
თელავში პენსიონერების დიდი ნაწილი მარტოხელაა. მათ ერთადერთ შემოსავალს 5 ლარით გაზრდილი, მაგრამ მაინც მიზერული პენსია წარმოადგენს. პენსიონერები აცხადებენ, რომ 33 ლარით მთელი თვის განმავლობაში მხოლოდ პურის ყიდვაა შესაძლებელი, სხვა საკვები პროდუქტი კი მათ უკვე დიდი ხანია არ მიუღიათ.
 
76 წლის თელაველი გ. შათირიშვილი თვლის, რომ „ხელისუფლებამ პენსიები იმის გამო კი არ გაზარდა, რომ პენსიონერებზე ფიქრობდა, იმიტომ გაზარდა, რომ სათქმელი ჰქონოდა, პენსიები გავზარდეო. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ქვეყანაში ყველაფერი ორჯერ და მეტჯერ გაძვირდა. ეს ხუთი ლარი გვექნება თუ არა, დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ხელისუფლება თავის ხალხს დასცინის..“
  
პენსიონერების ერთ ნაწილს პრეტენზია იმაზე აქვს, რომ ხელისუფლებამ პენსიები სტაჟის მიხედვით არ გაზარდა და „ყველა – სტაჟის მქონეც და ისიც, ვისაც ერთი დღეც არ უმუშავია, თანაბარ პირობებში ჩააყენა.“ 
 
პენსიონერ ნათელა სამადაშვილის აზრით, „ხელისუფლება საკუთარ ხალხს იგნორირებას უკეთებს. არ მინდა დავიჯერო, მაგრამ მგონია, რომ უნდათ ხალხი შიმშილით დახოცონ.“
   
ზოგიერთი პენსიონერი ხელისუფლების წარმომადგენელთა მაღალ ხელფასებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ რიგით მოქალაქეებს სახელისუფლებო ჩინოვნიკების ხელფასის ნახევარი ან მესამედი მაინც უნდა ჰქონდეთ, რომ ცხოვრებისათვის ელემენტარული პირობები შეიქმნან: „თუ ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებაში მაღალი ხელფასები აქვთ და მაინც არ ჰყოფნით, ჩვენისთანა უბრალო ხალხსაც ხომ უნდა არსებობა. ჩვენი ხელისუფლება ხალხზე რომ ფიქრობდეს, ასეთ მათხოვრულ პირობებში არ გვამყოფებდა. პენსია 5 ლარით გაზარდეს და თავს იწონებენ, თითქოს ქვეყანა აეშენებინოთ. თუ ხალხის დარდი აქვთ, საკუთარ ხელფასებზე ცოტა მოიკლონ და უბრალო ხალხს მოუმატონ“, – აცხადებს რ. მჭედლიშვილი.
  
უკმაყოფილებას თელავის რაიონის სოფ. აკურის პენსიონერებიც გამოთქვამენ, თუმცა სოციალურ პრობლემებზე მეტად მათ აღშფოთებას ის იწვევს, რომ მომატებულ პენსიას ისინი სრულად არ იღებენ. აკურელი პენსიონერები აცხადებენ, რომ პენსიის ასაღებად მისულებს, მათ თელავის რაიონის გამგეობის გაზეთის ყიდვას აიძულებენ, გაზეთის საფასურს – 50 თეთრს კი პენსიიდან უკავებენ.
 
„არ მინდა ამ გაზეთის ყიდვა, მაგრამ მავალდებულებენ. შეიძლება 50 თეთრი ვიღაცისთვის არაფერია, მაგრამ როცა პენსიის მეტი შემოსავალი არ გაქვს, 50 თეთრიც ფულია. გაზეთის ნაცვლად პურის ყიდვა მირჩევნია, მაგრამ ეს არავის აინტერესებს”“, – აცხადებს დ. ბლუიშვილი.  
 
მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ოჯახში ორი ან მეტი პენსიონერია, რაიონის გამგეობის გაზეთი „ჩვენი გაზეთი“ თითოეულმა მათგანმა უნდა შეიძინოს. „მეც და ჩემი მეუღლეც პენსიონერები ვართ. თუ გაზეთის ყიდვაა აუცილებელი, ერთ გაზეთსაც წავიკითხავდით ორივე, მაგრამ პენსიიდან გაზეთის საფასური ორივეს დაგვიკავეს და ორი გაზეთი მოგვცეს“, – აცხადებს ნ. ხატიაშვილი.
 
თელავის რაიონის გამგეობის გაზეთის “ჩვენი გაზეთის” რედაქტორის ნანა ქიბიშაურის განცხადებით, გაზეთის იძულებით შესყიდვაზე მას ინფორმაცია არ აქვს. „დარწმუნებული ვარ ეს ყველაფერი ტყუილია“, – გვარწმუნებს ქიბიშაური.
  
აკურელი პენსიონერები კი პენსიის აღების დღეს გაზეთის მორიგ ნომერს ელოდებიან და ეჭვი არ ეპარებათ, რომ მათ გაზეთს იძულებით კვლავ შეასყიდებენ.

ვერიკო კობიაშვილი თელავიდან

ახალი ამბები