კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პროტესტი ქუჩაში ნაგვის დაწვის წინააღმდეგ

26 აპრილი, 2006

პროტესტი ქუჩაში ნაგვის დაწვის წინააღმდეგ

თბილისის მოსახლეობა ქაჩაში ნაგვის დაწვის წინააღმდეგ  გამოდის და მკაცრი სანქციების დაწესებას ითხოვს. პროტესტის ნიშნად ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობამ აქცია არაერთხელ გამართა. მათი თქმით, ყოველ დღე, ბაზრობის დამთავრების შემდეგ ნაგავი ქუჩაში, მათი საცხოვრებელი კორპუსების ქვეშ იწვის და სუნთქვა შეუძლებელია. 

როგორც აქციის მონაწილეებმა აღნიშნეს, ქალაქის ხელმძღვანელობას არაერთხელ მიმართეს, აღნიშნული პრობლემა მოეგვარებინათ, მაგრამ უშედეგოდ. მათივე განცხადებით, ნამწვავი ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებს და მწვავე დაავადებებს იწვევს.

„დღე არ გავა, ჩემი კორპუსის ქვეშ ნაგავი არ დაიწვას. თქვენ იმ კორპუსში რომ ცხოვრობდეთ, სადაც ყოველ ღამე ნაგვის ნამწვავს გასუნთქებენ, მოითმენდით? დღე არ გავა, რომ არ აგვაყროლონ. ფანჯრები ვერ გაგვიღია და აივანზე ვერ გავსულვართ. დღე ფანჯრებს იმიტომ ვერ ვაღებთ, რომ სიბინძურის სუნია, ღამე კი ცეცხლს გვინთებენ. სარეცხის გაფენა ხომ საერთოდ წარმოუდგენელია. იმურება, კვამლის სუნი ასდის და ხელახლა ვრეცხავთ.  ჰაერის სუნთქვის უფლება არ გვაქვს? როდემდე უნდა  ვითმინოთ ეს სიბინძურე? თუ ამ პრობლემას მერია არ მოაგვარებს, როგორც კი ვნახავთ ნაგავს ცეცხლს უკიდებენ, თავად მივხედავთ“.

„ადამიანის უფლებათა საინფორმაციო ცენტრს“ მერიაში უთხრეს, რომ ქუჩაში ნაგვის დაწვა აკრძალულია, მაგრამ მოვაჭრეები ამას მაინც აკეთებენ. ქალაქის მერიის სანიტარული ზედამხედველობის  სამსახურმა ფოთლებისა და ნარჩენების დაწვის აკრძალვის შესახებ განცხადება არაერთხელ გააკეთა. მათი თქმით, ქუჩაში ნაგვის დაწვა  იმიტომ იკრძალება, რომ ის ადამიანის ჯანმრთელობისთვის მავნეა და სხვდასხვა მომწამვლელ ნივთიერებებს გამოყოფს. 

აღნიშნული  სამსახური რაიონულ გამგეობებსა და მათ დაქვემდებარებაში მყოფ შესაბამის სამსახურებს თხოვნით მიმართავს, დედაქალაქის ტერიტორიაზე ფოთლებისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების დაწვა არ დაუშვან. წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერ კანონდარღვევაზე თბილისის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური უმკაცრეს რეაგირებას მოახდენს. როგორც მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან ედილაშვილმა გვითხრა, სანქციები სხვადასხვაგვარია - ჯერ გაფრთხილება,  შემდეგ კი ფულადი ჯარიმა.

მერიაში თავს იმით იმართლებენ, რომ მათ თანამშრომლები არ ჰყოფნით, ვინც ქუჩებში შემოვლას აწარმოებს და მსგავს დარღვევებზე ადამიანებს საქციებს დააკისრებს. „ცხადია, მცირერიცხოვან თანამშრომელთა შტატით, რომელიც ამ სამსახურს ჰყავს, ყველა სკვერში დარაჯი ვერ დადგება. თუ მათ ფაქტზე დავიჭერთ, ხომ კარგი, თუ არა, სხვა არაფერი შეგვიძლია. ინფორმაციების მოწოდების  პროცესი მოსახლეობაც აქტიურად არის ჩართული, „ცელი ხაზი“ მუშაობს და შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ.  მეეზოვები არაერთხელ გავაფრთხილეთ, დასუფთავების შემდეგ, ნაგავი ადგილზე არ დაწვან. თუ ისინი გაფრთხილებას არ გაითვალისწინებენ,  დაჯარიმდებიან“ -  ამბობს ედილაშვილი.

აღნიშნული პრობლება მხოლოდ ერთ რაიონს არ ეხება. იმის გარკვევა კი თუ ვინ უნდა აკონტროლოს ეს საკითხი და ვინ არის პასუხისმგებელი არც ისე ადვილი აღმოჩნდა. ყველა თავს იმართლებს და თითს სხვისკენ იშვერს. 

„ადამიანის უფლებათა საინფორმაციო ცენტრი“ დიდუბე-ჩუღურეთის  რაიონის დასუფთავების სამსახურსაც დაუკავშირდა. როგორც სამსახურის უფროსმა რომან მეტრეველმა გვითხრა, ყველა დამლაგებელი თუ მეეზოვე გაფრთხილებულია, რომ ქუჩაში ნაგავს ცეცხლი არ წაუკიდოს და ეს გაფრთხილება სრულდება კიდეც. მისივე თქმით, ნაგავს ცეცხლს მეეზოვეები არ უკიდეენ, ამას ის მოვაჭრეები აკეთებენ, ვინც იქ ვაჭრობენ.

მერიის ინფორმაციით, „ცხელ ხაზზე“ მსგავსი დარღვევების გამო დღეში დაახლოებით 50-მდე ზარი ფიქსირდება.

როგორც მოსახლეობა აცხადებს, განსაკუთრებით ცუდი მდგომარეობაა ზამთარში, როცა მოვაჭრეები ცეცხლს გასათბობად სავაჭრო დახლებთან ანთებენ. 

სიტუაციის გასარკვევად დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის დასუფთავების სამსახურსაც დავუკავშირდით. როცა ვუთხარით რისი გარკევა გვაინტერესებდა, მათი პირველი კითხვა ასეთი იყო: „მერე ჩვენები წვავენ ნაგავს? ჩვენ ყარაულად ხომ ვერ დავდგებით“. ამის შემდეგ კი სამსახურის უფროსის მოადგილესთან ვცადეთ გასაუბრება. სიმონ ჩიკვაიძემ პრობლემის არსებობა არ უარყო, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ ბაზრობების მიმდებარე ტერიტორია აუღებელი ციხესიმაგრეა: „ქუჩაში ნაგვის დაწვა აკრძალულია. დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები გაფრთხილებულნი არიან, რომ ეს არ გააკეთონ. ბაზრის მიმდებარე ტერიტორია არის აუღებელი ტერიტორია. მანდ იმდენი უპატრონო, ბომჟი და ოხერი ტრიალებს, ძნელია გაარკვიო, ვინ წაუკიდა ცეცხლი ნაგავს. ვერც იმას ვიტყვი, რომ ჩვენები უცოდველები არიან. ხანდახან ჩვენებიც უკიდებენ. კონტროლი ალბათ მე მევალება, მაგრამ ჩვენ ბაზრის მიმდებარე ტერიტირიაზე ნაგავს ღამე ვიღებათ. ჩვენ როცა იქ ვართ, ცეცხლს არავინ უკიდებს და მერე არ ვიცი. მთელი ღამე იქ ჩვენი ხალხი არ რჩება. ფაქტები ხშირია, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, ნაგავი  ვინ დაწვა, ვერ ვგებულობთ.“  

ეკა გულუა

ახალი ამბები