კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადგილობრივი ხელისუფლება მეწარმეებს ჭიაურის ტყის სარეაბილიტაციოდ ბიუჯეტში თანხების შეწირვას აიძულებს

5 მაისი, 2006

ადგილობრივი ხელისუფლება მეწარმეებს ჭიაურის ტყის სარეაბილიტაციოდ ბიუჯეტში თანხების შეწირვას აიძულებს

 

 

 

გადაუღებელი წვიმების შედეგად ლაგოდეხის რაიონი მძიმე ეკოლოგიური საფრთხის წინაშე დგას. ადიდებულმა მდინარეებმა ალაზანმა და კაბალმა წლების მანძილზე დაჭაობებული ჭიაურის ტყე კიდევ უფრო მეტად დატბორა, საიდანაც წყალმა ახლომდებარე სოფლებსაც შეუტია. ჰერეთისკარში მთლიანად განადგურდა ნათესები. წყალი თბილისი - ლაგოდეხის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე გადმოდის და ავტომობილების მოძრაობას აფერხებს. ადგილობრივი მოსახლეობა და სპეციალისტები შიშობენ, რომ წელს მალარია გასულ წლებთან შედარებით უფრო მასობრივად გავრცელდება.

 

 

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 თებერვლის #91 განკარგულების თანახმად, საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ლაგოდეხის რაიონის ბიუჯეტს ჭიაურის ტყის სარეაბილიტაციოდ 450 000 ლარი გამოეყო. პრეზიდენტის კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის ინფორმაციით კი სარეაბილიტაციო თანხა ერთ მილიონ ლარს შეადგენს, რაც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმაც დაადასტურა. რწმუნებულის პრესსამსახურის ცნობითვე, სამხარეო ადმინისტრაცია საკუთარ თავზე იღებს სამუშაოების ჩატარების ვალდებულებას.

 

 

"ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის" კახეთის ოფისის ცნობით, ლაგოდეხის რაიონის გამგებელმა და მისმა პირველმა მოადგილემ გიორგი ღვინიაშვილმა, პრეზიდენტის რწმუნებულის პეტრე ცისკარიშვილის დავალებით ფერმერები დაიბარეს და ჭიაურის ტყის სარეაბილიტაციოდ გარკვეული თანხის სამუშაოების შესრულება დაავალეს.

 

 

"მეტყევეთა ჯგუფს იჯარით აღებული გვაქვს 80 ჰა მიწის ფართობი, რომელიც ჰერეთისკარში დატბორილ ჭიაურის ტბას ესაზღვრება. გამგებლის პირველმა მოადგილემ გიორგი ღვინიაშვილმა გამგეობაში დაგვიბარა და გამოგვიცხადა, რომ სახელმწიფოსგან ჭიაურის ტყის რეაბილიტაციის პროექტის დაფინანსება მთლიანად არ ხდება და რეაბილიტაციისათვის დამატებითი თანხები ჩვენ უნდა გავიღოთ.  თუ როგორ, ეს თვითონ მოიფიქრეთო. მე ვუთხარი, რომ ჩვენი ჯგუფი საკუთარი ძალებით მდინარის 20 მეტრიან ზოლს გავწმენდთ. გამგებლის მოადგილემ მითხრა, ჩვენ თქვენი ფიზიკური მუშაობა არ გვინდა, ფული შემოგვწირეთო. წინააღმდეგ შემთხვევაში ტბების დათმობა მოგვიწევს"- აცხადებს შპს "შორაქანის" დირექტორი  ზურაბ გამხარაშვილი.

 

 

თავად "მასოს ტბების" მფლობელი გია ბაკაშვილი არ უარყოფს, რომ მას ნამდვილდ მიუთითეს, პროექტის განხორციელებაში წილობრივი მონაწილეობა მიეღო. "ცისკარიშვილი იყო თათბირზე ჩამოსული და მითხრა, რომ წილობრივი მონაწილეობა უნდა მივიღო და ჩემი ხარჯებით გარკვეული სამუშაოები შევასრულო. კაბლის ხიდამდე მისასვლელ გზას და ერთ-ერთ არხს გავწმენდ. სხვა რა გზა მაქვს",- აღნიშნავს ბაკაშვილი.

 

 

მეწარმეებზე ზეწოლას უარყოფენ კახეთის სამხარეო ადმინისტრაციასა და ლაგოდეხის რაიონის გამგეობაში. გამგეობის იურისტი ეკა გოგაშვილი ამბობს რომ ჭიაურის ტყის მიმდებარე მიწის ნაკვეთების მოიჯარეები თავად კისრულობენ ვალდებულებას ნებაყოფლობით შეასრულონ 38664 ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოები.

 

 

რაც შეეხება სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას, ისინი საპროტესტო აქციებით იმუქრებიან. "ხელისუფლების წარმომადგენლებს მხოლოდ მაშინ ვახსენდებით, როცა პრობლემის გასაშუქებლად სოფელში ჟურნალისტები არიან ჩამოსულნი. სახლებში წყალი შემოგვივიდა. ტექნიკით არავინ დაგვხმარებია, საკუთარი ძალებით ვცდილობთ სტიქიას წინ აღვუდგეთ. ერთი სიტყვით, სრული განუკითხაობაა"- აღშფოთებულია ადგილობრივი მოსახლეობა.

 

 

გელა მთივლიშვილი კახეთიდან

 

ახალი ამბები