კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

იქნება თუ არა სასამართლო მიუკერძოებელი

5 მაისი, 2006

იქნება თუ არა სასამართლო მიუკერძოებელი

თელავის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის ყოფილი მოადგილე ჯუმბერ დარჩიაშვილი 2005 წლის 10 დეკემბრის შემდეგ პატიმრობაში იმყოფება. პროკურატურა დარჩიაშვილს ბრალს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში სდებს. მას 1997-2003 წლებში თელავის რაიონის კულტურის განყოფილების ხელმძღვანელად მუშაობის პერიოდში სახელმწიფო ქონების გაფლანგვასაც ედავებიან. დარჩიაშვილის ადვოკატის განცხადებით პროკურატურა საქმეს ხელოვნურად ამძიმებს. დარჩიაშვილის მეუღლე აცხადებს, რომ თუ მის მეუღლეს არ გაათავისუფლებენ, მისი ოჯახი საქართველოს მოქალაქეობაზე უარს იტყვის და პოლიტიკურ თავშესაფარს სხვა ქვეყანაში მოითხოვს.

ჯუმბერ დარჩიაშვილის მეუღლე, ლია ცაბუტაშვილი აცხადებს, რომ მის მეუღლეს პროკურატურა თავიდან მხოლოდ 2003 წელს გაფლანგულ 17 ათას ლარს ედავებოდა. მას შემდეგ, რაც დარჩიაშვილის ადვოკატებმა და ოჯახის წევრებმა საპროცესო გარიგებაზე თანხმობა განაცხადეს, პროკურატურა წინა წლებითაც დაინტერესდა და გაფლანგული თანხაც 17 ათასიდან 200 ათასამდე გაიზარდა.

დარჩიაშვილები თვლიან, რომ მათი ოჯახის წევრის დაპატიმრება იმ ადამიანის ინტერესებშია, ვისაც მათი ოჯახის კუთვნილი აგრარული ბაზრის ხელში ჩაგდება სურს. “ასეთი ადამიანი ჯაბრაილ ხანგოშვილია, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ბაზრის მისაკუთრებას ცდილობს. ის ხელისუფლებას გაურიგდა და ჰგონია, რომ ჯუმბერ დარჩიაშვილის ციხეში ყოფნით ბაზარს დაეპატრონება,” – აცხადებს ჯუმბერ დარჩიაშვილის მამა თენგიზ დარჩიაშვილი.

დარჩიაშვილთან ერთად დაკავებული კულტურის განყოფილების კიდევ ერთი ყოფილი გამგე დავით ღაღანიძე 10 ათასი ლარის გირაოს გადახდის შემდეგ პატიმრობიდან გათავისუფლდა. დარჩიაშვილის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ისინი 50 ათასი ლარის გადახდისთვისაც მზად არიან, თუმცა გირაოს შესახებ მათ არავინ უსმენს.

ჯუმბერ დარჩიაშვილის ადვოკატის, მაია ყანადაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ წაყენებული ბრალდებები უსაფუძვლოა. იგი აცხადებს, რომ საქმე, რომელსაც დარჩიაშვილს ედავებიან, ხანდაზმულია. ყანადაშვილი იმასაც დასძენს, რომ “ჯუმბერ დარჩიაშვილს ბრალად მხოლოდ სამსახურებრივი გულგრილობა შეიძლება დაედოს, რაც მძიმე დანაშაულებებს არ მიეკუთვნება. მე აქ პროკურატურის პირდაპირ ინტერესს ვხედავ.”

დარჩიაშვილის ადვოკატს არც სასამართლოს ობიექტურობის იმედი აქვს. მისი განცხადებით, “სასამართლო პროკურატურის წინააღმდეგ ვერ მიდის და შესაბამისად ვერც ობიექტური იქნება.” 

გამომძიებელი ზურაბ ჯავახიშვილი აცხადებს, რომ “სასამართლო ჯერ-ჯერობით მხოლოდ საორგანიზაციო საკითხებს განიხილავდა, საქმის არსებითი განხილვა კი 11 მაისს დაიწყება და სასამართლო ყველაფერს შეფასებას მისცემს.” ზურაბ ჯავახიშვილი სასამართლოზე ზეწოლას კატეგორიულად უარყოფს.

დარჩიაშვილის ჯანმრთელობა უკანასკნელ დროს გაუარესდა და პატიმრობაში ყოფნა მის ჯანმრთელობას კიდევ უფრო დაამძიმებს. 

“დარჩიაშვილის ადვოკატებს და ოჯახის წევრებს სასამართლო პროცესზე შეუძლიათ დააყენონ შუამდგომლობა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გათავისუფლებაზე. მათ უნდა წარადგინონ დარჩიაშვილის ავადმყოფობის შესახებ შესაბამისი დოკუმენტაცია და ვფიქრობ, რომ სასამართლო ამას აუცილებლად გაითვალისწინებს,”-აცხადებს გამომძიებელი ჯავახიშვილი.

ვერიკო კობიაშვილი თელავიდან 

ახალი ამბები