კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დევნილები კომპენსაციების გარეშე რჩებიან

12 მაისი, 2006

დევნილები კომპენსაციების გარეშე რჩებიან

საქართველოში მცხოვრები დევნილები დღემდე სახელმწიფოსგან  14 ლარიან კომპენსაციებს ღებულობენ. ივნისიდან  კი შესაძლოა, მათ დახმარება შეუწყვიტონ.
ამის მიზეზი ის არის, რომ ივნისიდან „სოციალური დახმარების პროგრამა“ ამოქმედდება, რომელშიც დევნილთა დიდ ნაწილს არაინფორმირებულობის გამო მონაწილეობა არ მიუღია.  

სოციალურად დაუცველებისთვის ახალი პროგრამა 2005 წლის ბოლოს  დაიწყო.  კერძოდ, ტელევიზიების საშუალებით ინტენსიურად კეთდებოდა რეკლამები, რომ ვინც უკიდურესად გაჭირვებულია და სახელმწიფოს დახმარება სჭირდებოდა, სპეციალურ პუნქტებში რეგისტრაცია უნდა გაევლო. შემდეგ მათი სოციალური მდგომარეობა გადამოწმდებოდა და შესაბამის დახმარებას 3 თვის შემდეგ მიიღებდნენ. ასეთი ადამიანების რეგისტრაცია  1 მარტს დასრულდა.  რაც იმას ნიშნავს, რომ  ივნისიდან უკიდურესად გაჭირვებულთა კატეგორიაში მოხვედრილები დახმარებებს მიიღებენ.    

არაინფორმირებულობის გამო რეგისტრაციის გავლა ვერ შეძლო დევნილთა დიდმა ნაწილმა. რადგან ისინი დევნილობის გამო სახელმწიფოსგან 14 ლარიან შემწეობებს უკვე ღებულობდნენ,  არც უფიქრიათ, რომ  თუ ისინი ამ პროგრამაში ვერ მოხვდებოდნენ, დახმარება შეუწყდებოდათ. ის, რომ რეგისტრაცია დევნილ მოსახლეობასაც უნდა გაეარათ, მათ შემთხვევით გაიგეს. ამის შესახებ არაფერი იცოდა თავად ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა გია ხევიაშვილმაც. მან ეს ინფორმაცია 25 აპრილს  გამართულ  დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის შემმუშავებელი კომისიის სხდომაზე  შეიტყო.

ამ სხდომას „ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის“ ხელმძღვანელი უჩა ნანუაშვილიც ესწრებოდა. მისი თქმით, მინისტრი აღნიშნული ინფორმაციის მოსმენით გაკვირვებული იყო: „გიორგი ხევიაშვილმა თქვა, რომ მისთვის სწორედ ამ შეხვედრაზე გახდა ცნობილი, რომ სახელმწიფოს მიერ დამუშავებული პროგრამა უმწეოთა დახმარების შესახებ, რომელთა რეგისტრაცია 2006 წლის 1 მარტს დასრულდა, დევნილებსაც ეხებოდათ და რეგისტრაცია მათაც უნდა გაეარათ. ამის შესახებ არც დევნილები ყოფილან ინფორმირებულები, რის გამოც, მხოლოდ მცირე ნაწილმა მოასწრო  რეგისტრაცია. მინისტრმა  განაცხადა, რომ მან არაფერი იცოდა იმის შესახებ, რომ  დევნილები ივნისიდან კუთვნილ 14 ლარიან შემწეობებს ვერ მიიღებდნენ.“

აღნიშნულთან დაკავშირებით, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დავუკავშირდით. პრესცენტრში გვითხრეს, რომ დევნილები აღნიშნულის შესახებ ინფორმირებულები იყვნენ და მათ რეგისტრაცია გაიარეს კიდეც. თან აღნიშნეს, რომ სატელევიზიო რეკლამებში მინიშნებული იყო, რომ პროგრამა დევნილებსაც ეხებოდათ. სინამდვილეში კი, რეკლამაში დევნილები ნახსენები არ ყოფილა. ამას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვახტანგ მეგრელიშვილიც ადასტურებს. 

მისი თქმით, „სიღარიბის დაძლევის პროგრამა“ დევნილებსაც ეხებოდათ და საქართველოს სხვა ნებისმიერ მოქალაქეებსაც. „კარგი იქნებოდა, დევნილები უკეთ  ყოფილიყვნენ ინფორმირებულები. რეკლამაში დევნილებზე საუბარი არ ყოფილა და არც უნდა ყოფილიყო, რადგან ამ პროგრამის შინაარსი არ გულისხმობდა რომელიმე კონკრეტულ კატეგორიაზე აქცენტის გაკეთებას. პროგრამის შინაარსი იყო ყველა, ვისაც სახელმწიფოსგან დახმარება სჭირდება“,- განაცხადა მეგრელიშვილმა.

რაც შეეხება დევნილთა პოზიციას, ისინი 14 ლარიანი კომპენსაციის შეწყვეტას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან და რეგისტრაციის ვადის გაგრძელებას ითხოვენ.
უჩა ნანუაშვილი კი იხსენებს, რომ მინისტრმა ხევიაშვილმა ეს საკითხი შეხვედრაზე დააყენა, თუმცა პასუხი ვერ მიიღო: „საუბარი იყო, რომ კარგი იქნებოდა, დევნილთა ხელახალი რეგისტრაცია მომხდარიყო და რეკლამა რამდენიმე თვით გაგრძელებულიყო, რაც მოსახლეობის ინფორმირებისთვის საკმარისი იქნებოდა. დევნილებმა ჩათვალეს, რომ მათ დახმარება უკვე ჰქონდათ და ხელახალი რეგისტრაცია არ გაუვლიათ. 1 ივნისიდან კი ისინი სწორედ ამ დახმარების გარეშე  რჩებიან.“

დარჩებიან თუ არა დევნილები კომპენსაციის გარეშე, მინისტრი ხევიაშვილი კომენტარებს არ აკეთებს. მის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ჯერ ეს საკითხი გადაწყვეტილი არ არის. რაც შეეხება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის პასუხს, ის ამბობს, რომ ვინც რეგისტრაცია ვერ გაიარა და მომავალში გაივლის, დახმარებას 3 თვის მერე მიიღებს: „ვინც ვერ გაიარა, პრობლემა არ არსებობს. ნებისმიერ დროს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ, დახმარებას კი 3 თვის მერე მიიღებენ. ვერაინაირ დაბრკოლებას ვერ ვხედავ. ეს თანხა იმაზე მეტი იქნება, ვიდრე დევნილთა 14 ლარიანი კომპენსაცია. ბუნერივია, ორ დახმარებას ერთად ვერ მიიღებენ.“

რაც შეეხება დახმარების ოდენობას, უკიდურესად გაჭირვებული ერთსულიანი ოჯახი თვეში 38 ლარს მიიღებს, ორსულიანი - 55 ლარს, სამსულიანი - 70 ლარს, ოთხსულიანი - 85 ლარს, ხუთსულიანი - 100 ლარს, ექვსსულიანი - 115 ლარს, შვიდსულიანი - 125 ლარს, 8 და მეტსულიანები კი ყოველ მომდევნო წევრზე 10 ლარს.

ეკა გულუა 

ახალი ამბები