კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ზუგდიდში ბიზნესს საზღვრები არა აქვს

15 მაისი, 2006

ზუგდიდში ბიზნესს საზღვრები არა აქვს

სამეგრელოს რეგიონში ფინანსური პოლიციის მიერ კონტრაბანდისათვის ოფიციალურად გამოცხადებული ომის მიუხედავად, ზუგდიდის სავაჭრო ობიექტების აბსოლუტურ უმრავლესობაში   რუსულ და აფხაზურაქციზიანი სიგარეტები იყიდება. როგორც გამყიდველების უმრავლესობა აცხადებს, ამ სიგარეტების შეძენას ისინი სიგარეტის კონტრაბანდისტებისაგან უპრობლემოდ და იაფად ახერხებენ. მყიდველიც, მისი ფასიდან გამომდინარე, ძირითადად ამ კატეგორიის სიგარეტებს ყავს.

ნატა დ. გამყიდველი: „არანაირი პრობლემა არ არის უაქციზო სიგარეტის არც ჩაბარება და არც რეალიზაცია. ჩემი უფროსი სიგარეტებს ერთი და იგივე კაცისგან ყიდულობს. აფხაზეთიდან გადმოაქვთ. არავინ მოსულა და ჩვენთვის სიგარეტების გაყიდვა არ აუკრძალავს“.
  
ფინანსური პოლიციის არაერთი გახმაურებული რეიდის მიუხედავად, რუსულ და აფხაზურაქციზიანი სიგარეტები ზუგდიდის ცენტრალურ ბაზარშიც იყიდება.

რაც შეეხება მომხმარებელს, როგორც გავარკვიეთ ლარიანი კონტრაბანდული სიგარეტები ყველაზე მეტად იყიდება. მოსახლეობის უმეტესობა ლარიან კონტრაბანდას უფრო ეწევა, ვიდრე სხვა ძვირადღირებულ სიგარეტს.

გიზო ადამია- დროებით უმუშევარი: „ეს სიგარეტები იაფია. ლარი ღირს. ორ ლარზე ნაკლებად სხვას ვერაფერს იშოვი. ჩემი ჯიბეც ამას აუდის, თანაც რა მნიშვნელობა აქვს უხარისხო სიგარეტი მოგკლავს თუ ხარისხიანი“.
  
ამ სიგარეტების მომხმარებელი გავრცელებულ ხმებს მათი რადიაციული დაბინძურების შესახებ მოგონილ ჭორს უწოდებს და თამამად მოიხმარს მას.
  
უაქციზო სიგარეტების გადმოტანის ძირითადი მარშრუტი გალის რაიონიდან, ქართულ-აფხაზურ პირობით საზღვართან მდებარე ე. წ. ნაფატის ფონის გავლით ზუგდიდის რაიონის სოფლებში რუხში, ორსანტიასა და ხურჩაზე გადის. სხვადასხვა დროსა და ვითარებაში აქ ყოველდღიურად ასობით ყუთი სიგარეტი გადმოდის. ერთ- ერთი ასეთი შემთხვევის თვითმხილველები თავადაც გახლდით.

გალის რაიონის მკვიდრი შირიმ  ლ. არ მალავს, რომ სიგარეტები აფხაზეთიდან გადმოაქვს: „ჩემი ერთად-ერთი შემოსავალი ესაა. რას იზამ, იქ აფხაზებს და რუსებს ვუხდი, აქ ქართველებს. ცოტა ჩემი ოჯახისთვისაც მრჩება. ერთხელ დამაჯარიმეს და სამი ყუთი „იავა“ წამართვეს. გაჭირვებით გავისტუმრე აფხაზების ვალი, მათ არ აინტერესებთ შენი მოგება და ზარალი“.

კონფლიქტის ზონაში სიგარეტის კონტრაბანდით ძალიან ბევრია დაკავებული. როგორც მცირე, ასევე სოლიდური შავი ბიზნესით დაკავებულთაგან ფინანსური პოლიციის „ხაფანგში“ რატომღაც ყოველთვის „პატარა პარტია“ და „ორყუთიანი კონტრაბანდისტები“ ებმებიან...
  
სახელმწიფოს მიერ კონტრაბანდასთან ბრძოლის ფორმების ცვლილებასთან ერთად იცვლება კონტრაბანდის ტრანსპორტირებისა და კონსპირაციის ფორმებიც. საზღვარზე ტვირთი ხან თხილით ხან კი ფქვილით სავსე ტომრებში ჩამალული გადმოაქვთ. ყველაზე თამამი კონტრაბანდისტები კი, მდინარე ენგურის კონტრაბანდააკიდებულ გადმოცურვასაც არ ერიდებიან. სანამ სახელმწიფო კონტრაბანდასთან ბრძოლის ეფექტურ გზებს ეძებს, ზუგდიდის სასამართლოში მოსამართლეები ამ მუხლით აღძრული საქმეების განხილვას ვერ აუდიან.  
 
ზუგდიდის რაიონის სასამართლოს მოსამართლე დაზმირ შეროზია აცხადებს, რომ რაიონის სასამართლოში კვირაში საშუალოდ ათი-თხუთმეტი ასეთი საქმე იხილება.ბრალდებულების უმეტესობა ქალია და ამ ბრალდებით რამდენიმეჯერ ხვდება ციხეში: „საპროცესო შეთანხმებას ძალიან იშვიათად ვაღწევთ, რადგან განსასჯელთა აბსოლუტური უმრავლესობა დევნილია და ჯარიმის გადახდა არ შეუძლია, მათი უმეტესობა ათ თხუთმეტდღიან ადმინისტრაციულ სასჯელს იხდის ციხეში. ცოტა ხნის შემდეგ კი იგივე ბრალდებითა და იგივე სასჯელით ისევ ციხეში ხვდება. ამ ქალების უმრავლესობას მცირეწლოვანი შვილები ჰყავს“.
 
ხშირ შემთხვევაში გაურკვეველია ჩამორთმეული კონტრაბანდის შემდგომი ბედი. ფინანსური პოლიციის სამეგრელო- ზემო სვანეთის მხარის ხელმძღვანელი გიორგი გუგუჩია ირწმუნება, რომ ასეთი სიგარეტები ჯიხურებში არ იყიდება. მისი თქმით პრობლემა ბაზარსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზეა, რადგან უაქციზო სიგარეტების გაყიდვის აკრძალვას იქ ჯერ ვერ მიაღწიეს: „ჩვენი მობილური ჯგუფები ყოველდღიურ კონტროლს აწარმოებენ და კარგად ვიცი რა ხდება ამ მიმართულებით. ამოღებული სიგარეტები კი სასამართლო გადაწყვეტილებების შემდეგ სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული ჯგუფის მიერ ნადგურდება“.

ხალხის ნაწილი ფიქრობს, რომ ფინანსური პოლიციის მიერ ჩამორთმეული საქონელი ისევ მათ (ხელისუფალთ) უსქელებს ჯიბეს.

ასეა თუ ისე, სიგარეტის კონტრაბანდა კონფლიქტისპირა რეგიონში ნამდვილად ყვავის. ერთის მხრივ დეფაქტო აფხაზეთისა და რუსეთის აქციზებიანი უხარისხო სიგარეტებით აფხაზეთის  მესიგარეტეებს, მეორეს მხრივ კი, საქართველოს კონტრაბანდისტ მოქალაქეებს კაპიკებით კვებავს (თუ არ ჩავთვლით, „ძლიერი ხელის დიდ მადას“). და ის, რომ ბიზნესს საზღვრები არ აქვს,ზუგდიდის ნებისმიერ ჯიხურში დასტურდება -აქ აფხაზურ და რუსულ აქციზიან სიგარეტებს თავისუფლად ყიდიან!..

მაია ღუბელაძე ზუგდიდიდან

ახალი ამბები