კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ტრაგედია ლაგოდეხში – კონტრაბანდის მფარველობაში ფინანსური პოლიციის მხილებას ადამიანი შეეწირა

18 მაისი, 2006

ტრაგედია ლაგოდეხში – კონტრაბანდის მფარველობაში ფინანსური პოლიციის მხილებას ადამიანი შეეწირა

 

აზერბაიჯანიდან საქართველოში, საბაჟო-გამშვები პუნქტი „ლაგოდეხის“ გავლითა და ფინანსური პოლიციის ნებართვით რომ ერთეულებს სარეალიზაციოდ კონტრაბანდული საწვავი შემოაქვთ, ამის შესახებ გასულ კვირას, ჟურნალისტებს ბენზინის გამყიდველი ფრიდონ ბუიძე ესაუბრა, რის შემდეგაც მას, თვითმხილველთა თქმით, საბაჟო-გამშვებ პუნქტზე მდგარი ფინანსური პოლიციის წარმომადგენლის რობიზონ პაპაშვილის დავალებით, ფინანსური პოლიციიდან ესტუმრნენ. ზეწოლის, მუქარისა და ნერვიულობის შედეგად ფრიდონ ბუიძე მოულოდნელად გარდაიცვალა.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წყაროს ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე კვირაა აზერბაიჯანიდან საქართველოში კონტრაბანდული საწვავის შემოტანამ მკვეთრად იმატა, რამაც ლაგოდეხში ლეგალურად მომუშავე ბენზინგასამართ სადგურებზე უარყოფითად იმოქმედა. ლაგოდეხში მცხოვრებმა ფრიდონ ბუიძემ ადგილობრივ ჟურნალისტებს აზერბაიჯანიდან საქართველოში საბაჟო-გამშვები პუნქტი „ლაგოდეხის“ გავლითა და ფინანსური პოლიციის ნებართვით შემოტანილი კონტრაბანდული საწვავის შესახებ ვრცელი ინფორმაცია მიაწოდა. მისი თქმით, აზერბაიჯანიდან კონტრაბანდული საწვავის შემოტანას, საბაჟოზე მდგარი ფინანსური პოლიციის წარმომადგენელი, რობიზონ პაპაშვილი ლობირებს, რომელიც კახელ მაღალჩინოსანთა ნათესავია. რესპონდენტის ინფორმაციით, ფინანსური პოლიცია საზღვრის გადამკვეთთ მანქანის ავზში მდგარ საწვავსაც ართმევს, მას ნაქირავებ ბენზინმზიდში აგროვებს და შემდეგ მის რეალიზაციას ახდენს. ქართველი და არაქართველი ადამიანები, რომელთაც სხვადასხვა მიზეზით საზღვრის გადაკვეთა ხშირად უწევთ, ფინანსური პოლიციის თავნებობაზე ღიად დიდი ხანია საუბრობენ. როგორც გვითხრეს, ამის შესახებ, მათ ოფიციალურ უწყებებსაც მიაწოდეს ინფორმაცია, მაგრამ უშედეგოდ. 

მას შემდეგ, რაც კორესპონდენტები კომენტარისათვის ლაგოდეხის საბაჟოზე მდგარი ფინანსური პოლიციის წარმომადგენელს რობიზონ პაპაშვილს დაუკავშირდნენ, თვითმხილველთა თქმით, მალევე ბუიძეს ფინანსური პოლიციიდან ესტუმრნენ. ზეწოლის, მუქარისა და ნერვიულობის შედეგად ფრიდონ ბუიძე მოულოდნელად გარდაიცვალა.

„ეს „კალონკა“ ლაგოდეხში მცხოვრებ ავთო გელაშვილს ეკუთვნის. დღეში 100 ლიტრამდე ბენზინს ვყიდით. ჩვენ ჩვენი ხალხი გვყვავს, რომლებსაც საწვავი მსუბუქი მანქანებით, საბაჟოს გავლით, აზერბაიჯანიდან გადმოაქვთ და გვაბარებენ. არ ვკითხულობთ, როგორ ახერხებენ ამას,“- განუცხადა ჟურნალისტებს, საგადასახადო სამსახურში სასურსათო მაღაზიად რეგისტრირებული, არალეგალურად მომუშავე ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომელმა ფრიდონ ბუიძემ, რომელიც როგორც აღვნიშნეთ, ინტერვიუს ჩაწერის მეორე დღეს გარდაიცვალა.
რესპონდენტის გარდაცვალება ჟურნალისტებმა ფინანსური პოლიციის თანამშრომლის რობიზონ პაპაშვილისგან შევიტყვეთ. „თქვენ რომ გუშინ ბენზინის გამყიდველი ჩაწერეთ, ინერვიულა, დღეს დილას გული გაუსკდა და გარდაიცვალაო“,- გვითხრა პაპაშვილმა სატელეფონო საუბარში. "ჟურნალისტებს კონტრაბანდის კონკრეტული ფაქტების შესახებ ინფორმაცია აქამდეც გვქონდა, მაგრამ ბუიძის შემთხვევაში ეს პირველი ფაქტი იყო, როცა რესპონდენტმა საბაჟოზე არსებული განუკითხაობის თაობაზე ხმამაღლა ისაუბრა და ვინაობა არ დამალა“,- აღნიშნავს რეგიონული გაზეთის კორესპონდენტი მარინა გოგოლაძე.

ფრიდონ ბუიძესთან ფინანსური პოლიციის წარმომადგენლების ვიზიტის, რესპონდენტის უეცარი სიკვდილისა და ჟურნალისტებისათვის ამ ცნობის მიწოდების შესახებ, კომენტარს არც რობიზონ პაპაშვილი და არც კახეთის ფინანსური პოლიციის უფროსი ზურაბ აივაზაშვილი აკეთებს. 

ლაგოდეხში არსებული კიდევ ერთი ბენზინგასამართი სადგურის მფლობელი გოგი სიყმაშვილი ამბობს, რომ საწვავით თბილისის ერთ-ერთი საწარმოდან მარაგდება, თუმცა მისი დასახელებისგან თავს იკავებს. იგი აღნიშნავს, რომ მანამდე საწვავს თელავში მდებარე ე.წ. „თუთების“ ბენზინგასამართი სადგურიდან იღებდა. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული ბაზა საზღვარზე ჩამორთმეული ბენზინით მარაგდება და მას კახეთის ფინანსური პოლიციის ყოფილი უფროსი და დღეს, პრეზიდენტის კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე შალვა ერისთავი, ბიზნესმენ ვანო კევლიშვილთან ერთად მფარველობს. ორივე მათგანთან ბევრს ვეცადეთ დაკავშირებას, მაგრამ ვერ შევძელით.

კახეთის ფინანსურ პოლიციას სწორედ ბუიძის მიერ ნახსენები კურტანიძის ბენზინმზიდი აქვს ნაქირავები, ოღონდ არაოფიციალურად. „აზერბაიჯანიდან კონტრაბანდული საწვავის შემოტანამ ძალიან იმატა. 2-3 კვირის წინ, ლაგოდეხის საბაჟოზე მანქანებს საერთოდ ვერ ნახავდით, დღეს კი რიგები დგას. ეს იმიტომ, რომ ფინანსური პოლიციის თანამშრომელი რობიზონ პაპაშვილი, რომელიც ძმები ადეიშვილების ნათესავია, ლაგოდეხში დაბრუნდა და რასაც უნდა იმას აკეთებს. რაც შეეხება საწვავს, რომელსაც გლეხებს ართმევენ, საბაჟოზე მდგარ ჩემს კუთვნილ მანქანაში გროვდება და თელავში, უშიშროების სამმართველოს წინ მდებარე ბაზაში მიმაქვს. ეს ბაზა ფინანსურ პოლიციას აქვს ნაქირავები. ჩემს ცისტერნაში 8,5 ტონა ჩადის. მართალია, თან არანაირ საბუთს არ მატანენ, მაგრამ მანქანა დალუქულია და ყველამ იცის, რომ არ უნდა გამაჩერონ. ფინანსურ პოლიციას ჩემთან ხელშეკრულება არ აქვს გაფორმებული, მაგრამ მომსახურებისთვის ფულს მიხდიან“, - აღნიშნავს კურტანიძე და დასძენს, რომ ბაზამდე, საწვავი ბენზინგასამართ სადგურ „თუთებში“ მიჰქონდა.

„კურტანიძის ბენზინმზიდი მებაჟეებმა დაიქირავეს, თუმცა ცისტერნის დაქირავება ჩემი წინამორბედების დროს მოხდა და ამ საქმეში ჩახედული არ ვარ. შევეცდები გავარკვიო, როგორ ხდება ხელშეკრულების არარსებობის შემთხვევაში მეპატრონისთვის თანხის გადახდა. რაც შეეხება ფინანსური პოლიციის ზეწოლის შედეგად მოქალაქის გარდაცვალებას, ვერაფერს გეტყვით“, - აღნიშნა ჩვენთან სატელეფონო საუბარში კახეთის ფინანსური პოლიციის უფროსმა ზურა აივაზაშვილმა. ბუიძის უეცარ სიკვდილთან დაკავშირებით, კომენტარს არც ფინანსური პოლიციელი რობიზონ პაპაშვილი აკეთებს.

კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მოსახლეობისათვის ჩამორთმეული კონტრაბანდული საწვავით ჯარი სარგებლობს. საზღვრის დაცვის მე-6 რეგიონული სამმართველოს უფროსი ტარიელ დანელია კი ამბობს, რომ ლაგოდეხის საბაჟოზე შეგროვილი საწვავი მათთვის არასოდეს გადაუციათ და მისი უწყება საწვავით საზღვრის დაცვის დეპარტამენტიდან მარაგდება.  

გელა მთივლიშვილი კახეთიდან

ახალი ამბები