კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თელაველები კახეთის ენერგოდისტრიბუციას უჯანყდებიან

18 მაისი, 2006

თელაველები კახეთის ენერგოდისტრიბუციას უჯანყდებიან

საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფის მომატებამ მოსახლეობის სერიოზული უკმაყოფილება გამოიწვია. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, იმ აბონენტებისათვის, რომლებიც მთელი თვის განმავლობაში მხოლოდ 100 კვტ-მდე ელექტროენერგიას მოიხმარენ, ტარიფი შედარებით დაბალია, 100-დან 300კვტ-მდე – უფრო მეტი, 300კვტ-ის ზემოთ კი – ყველაზე მაღალი. მოსახლეობის უკმაყოფილებას ისიც ზრდის, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ე.წ. გამრიცხველიანების პროცესი მიმდინარეობს. თელავში მოსახლეობის დიდი ნაწილი აცხადებს, რომ კახეთის ენერგოდისტრიბუციის სამსახური ელექტროენერგიის მომხმარებელთა უფლებებს უხეშად არღვევს. თელაველები საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.

ქ. თელავის რამდენიმე უბანში ე.წ. გამრიცხველიანების პროცესი უკვე დასრულდა, ზოგიერთ უბანში კი ჯერ არ დაწყებულა. იმ უბნებში, სადაც ელექტროენერგიის მრიცხველები უკვე დამონტაჟდა, მოსახლეობა აცხადებს, რომ კახეთის ენერგოდისტრიბუციამ მათ 50 ლარის გადახდა მოსთხოვა.
 
„გვეუბნებოდნენ, რომ მრიცხველებს უფასოდ დაგვიმონტაჟებდნენ, მაგრამ მოვიდნენ ენერგოდისტრიბუციიდან და გამოგვიცხადეს, რომ თუ ინდივიდუალური მრიცხველები გინდათ, 50 ლარი უნდა გადაიხადოთო. რატომ უნდა გადავიხადო? ხომ მქონდა მრიცხველი და ვიხდიდი, ეს ყველაფერი ფულის გასაკეთებლად უნდათ...” – აცხადებს თელაველი დ. ბურდული.
  
თელაველების დიდი ნაწილი 50 ლარის გადახდას არ აპირებს. კახეთის ენერგოდისტრიბუციის თელავის სერვის-ცენტრი ასეთ აბონენტებს ე.წ. საერთო მრიცხველების დამონტაჟებას სთავაზობს, თუმცა მოსახლეობისათვის ეს შეთავაზებაც მიუღებელია, რადგან საერთო მრიცხველებით სარგებლობის შემთხვევაში მათ იმაზე გაცილებით მეტი თანხის გადახდა მოუწევთ, ვიდრე მოიხმარენ.
  
„ჩვენ ოთხი ოჯახი ერთი მრიცხველით ვსარგებლობდით. ოჯახებში ყველას ცალკე ინდივიდუალური მრიცხველიც გვქონდა. გვეუბნებიან, რომ საერთო მრიცხველი ვისზეც იყო გაფორმებული, ინდივიდუალურ მრიცხველს მხოლოდ იმას დაუმონტაჟებენ უფასოდ, ჩვენ კი ინდივიდუალური მრიცხველის დაყენებაში 50 ლარი უნდა გადავიხადოთ. ჩემი ოჯახი მთელ თვეში 100 კვტ-ზე ნაკლებს ხარჯავს, მაგრამ ოთხი ან სამი ოჯახი უკვე 300 კვტ-ზე მეტს მოიხმარს. ენერგოდისტრიბუციაში გვეუბნებიან, რომ ყველაზე მაღალი ტარიფით უნდა გადავიხადოთ. იმასაც გვეუბნებიან, რომ თუ ეს პირობა არ გვაწყობს, მაშინ 50 ლარი უნდა გადავიხადოთ და ინდივიდუალურ მრიცხველს დაგვიმონტაჟებენ. ხელისუფლებაც და ეს კომპანიებიც მარტო ხალხის „გატყავებაზე“ ფიქრობენ...” – აცხადებს ა. დალაქიშვილი.
 
კახეთი ენერგოდისტრიბუციის თელავის სერვის-ცენტრის მენეჯერი, ხათუნა ჭუმბურიძე აცხადებს, რომ მათი კომპანიისათვის პრიორიტეტი საერთო მრიცხველები და იქ დაფიქსირებული ციფრებია. „ჩვენ მრიცხველებს უფასოდ მხოლოდ ჩვენთან აღრიცხულ აბონენტებს ვუმონტაჟებთ, იმათ კი ვისაც ადრე საერთო მრიცხველი ჰქონდათ და ახლა სურთ ინდივიდუალური მრიცხველის დამონტაჟება, 50 ლარი უნდა გადაიხადონ. ეს არის ჩვენი პირობა. ვისაც ამ თანხის გადახდა არ სურს, შეუძლიათ ისევ საერთო მრიცხველზე დარჩნენ, მაგრამ ღირებულების გადახდა საერთო მრიცხველზე ნაჩვენები კილოვატების მიხედვით მოუწევთ...”
 
კახეთის ენერგოდისტრიბუციის თელავის სერვის-ცენტრის მენეჯერი აცხადებს, რომ „ასეთია სათაო ოფისის გადაწყვეტილება და რეგიონების და რაიონების წარმომადგენლები ვერაფერს შეცვლიან.“

მოსახლეობის უკმაყოფილებას მხოლოდ ადგილობრივი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ეხმიანებიან. „ლეიბორისტების“ და „კონსერვატორების“ რეგიონულმა და რაიონულმა ორგანიზაციებმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სპეციალური პრესკონფერენციაც გამართეს და განაცხადეს, რომ „თუ ხელისუფლება კომპრომისს არ დაუშვებს, საქართველოს საპროტესტო აქციების მორიგი ტალღა გადაუვლის.“ თელაველების დიდი ნაწილი ადგილობრივი ოპოზიციონერების გადაწყვეტილებას ეთანხმება და მასშტაბური საპროტესტო აქციებისთვის ემზადება.
 

ვერიკო კობიაშვილი თელავიდან

ახალი ამბები