კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ფინანსური პოლიციის უფროსს დაკავებულის ცემაში ადანაშაულებენ

22 მაისი, 2006

ფინანსური პოლიციის უფროსს დაკავებულის ცემაში ადანაშაულებენ

გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ზაზა რამიშვილმა კონტრაბანდის გადაზიდვაში ბრალდებულ სიმონ შოშიაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დაკავებული შოშიაშვილი შიდა ქართლის ფინანსური პოლიციის უფროსს ზურაბ არსოშვილს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.

სასამართლო პროცესი 14 მაისს ჩატარდა. თბილისელ სიმონ შოშიაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის მესამე ნაწილით - განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის გადაზიდვა წარედგინა, რაც ითვალისწინებს 10 წლამდე პატიმრობას. პროცესზე შოშიაშვილმა კონკრეტული გვარები დაასახელა, რომლებმაც მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ყველაზე მეტად შოშიაშვილი ფინანსური პოლიციის თანამშრომელს, ვინმე ნოდარ მელაძეს ასახელებდა.

საქმეში "თავისუფლების ინსტიტუტის" გორის ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი გოცირიძე ჩაერთო. გოცირიძე შეხვდა დაკავებულს, გაესაუბრა და მის სხეულზე არსებული დაზიანებები ფოტოფირზე დააფიქსირა.

გიორგი გოცირიძე: „მე შევხვდი დაკავებულს. ამჟამად, ვერ ვიდავებ იმ ფაქტზე, ჰქონდა თუ არა ადგილი მისი მხრიდან კონტრაბანდული სიგარეტის გადაზიდვის ფაქტს, მაგრამ უდავოა, რომ იგი ნაცემია. სხეულის სხვადასხვა ნაწილზე აღენიშნება დაჟეჟილობები და სილურჯეები, რაც მკაცრი შეფასების საგანი უნდა გახდეს. აღნიშნულის თაობაზე მასალებს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს მივაწვდი და მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“.

გიორგი გოცირიძესთან საუბარში დაკავებული სიმონ შოშიაშვილი აცხადებდა, რომ ფიზიკური დაზიანებები მას ფინანსური პოლიციის უფროსმა ზურაბ არსოშვილმა და თანამშრომელმა ნოდარ მელაძემ მიაყენა. შოშიაშვილი დეტალურად ყვება მისი ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს.

ოფიციალური ინფორმაციით, სიმონ შოშიაშვილი ავტომანქანით ოსურ სოფელ ორჭოსანიდან მოძრაობდა. შოშიაშვილი სოფელ ნიგოზასთან დააკავეს.

სიმონ შოშიაშვილი: „გააჩერეს მანქანა, გაჩხრიკეს საბარგული, მაგრამ პოლიციის თანამშრომელმა ნოდარ მელაძემ დანანებით თქვა, რომ დროზე ვერ წაასწრეს და ვერაფერი აღმოაჩინეს. ამის შემდეგ გამომართვეს მანქანის გასაღები. ჩასხდნენ მანქანაში და წაიყვანეს. ავტეხე ყვირილი, სად მიგყავთ მანქანა-მეთქი. ამ ყვირილზე ფინანსური პოლიციის უფროსი არსოშვილი გადმოვიდა მანქანიდან და სახეში გამარტყა. წავიქეცი და ნოდარ მელაძემ განაგრძო ჩემი ცემა. მერე მოიყვანეს მანქანა და აღმოჩნდა, რომ ჩემს მანქანაში დიდი ოდენობით სიგარეტი ეწყო. სიგარეტი მათ ჩამიდეს.“

სიმონ შოშიაშვილი ადრე სწორედ 200-ე მუხლის ბრალდებით იყო დაკავებული. მას მხოლოდ ჯარიმა დააკისრეს, თუმცა ჯარიმა ბოლომდე არ ჰქონდა გადახდილი.

ფინანსური პოლიციის უფროსი ზურაბ არსოშვილი ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, რომ მსგავსი რამ არ მომხდარა. მისი უწყების თანამშრომლები იხსენებენ, რომ შოშიაშვილმა დაზიანებები წაქცევის დროს მიიღო. არსოშვილი აცხადებს, რომ ერთ-ერთ ნივთმტკიცებად ამოღებულია ბლოკნოტი, სადაც შოშიაშვილს იმ ოსი პიროვნებების ტელეფონის ნომრები ეწერა, ვისგანაც სიგარეტები მოჰქონდაო. ამ ბლოკნოტს ფინანსური პოლიცია მყარ ნივთმტკიცებულად თვლის.

საბა წიწიკაშვილი გორიდან

ახალი ამბები