კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კონდოლი - სოფელი, სადაც ხალხს სასმელი წყალი ენატრება

23 მაისი, 2006

კონდოლი - სოფელი, სადაც ხალხს სასმელი წყალი ენატრება

თელავის რაიონის სოფელ კონდოლის მოსახლეობის ერთ მესამედს წყალი არ მიეწოდება. კონდოლელები აცხადებენ, რომ წყალი უფასოდ მხოლოდ სოფლის რამდენიმე უბნის მოსახლეობას აქვს, ძალიან ბევრ ოჯახს კი სასმელი წყალიც ენატრება. მოსახლეობა ირწმუნება, რომ სოფლის და რაიონის ხელმძღვანელობა პრობლემის მოსაგვარებლად არაფერს აკეთებს.

18 მაისს სოფ. კონდოლის მოსახლეობამ პრეტენზიებით სოფლის საკრებულოს თავმჯდომარეს, ელიზბარ ამუზაშვილს მიაკითხა. კონდოლის გამგებელი სოფელში არსებულ პრობლემას აღიარებს, თუმცა ყოველგვარ პასუხისმგებლობას იხსნის და სოფელში წყლის დეფიციტს ფინანსურ პრობლემებს უკავშირებს.
 
სოფ. კონდოლის მოსახლეობის განცხადებით, რამდენიმე წლის წინ სოფელში რამდენიმე ჭაბურღილში ელექტროტუმბო დაამონტაჟეს, თუმცა პრობლემა დღის წესრიგიდან მაინც ვერ მოიხსნა. კონდოლელები აცხადებენ, რომ ელექტროტუმბოს მუშაობისას გახარჯული ელექტროენერგიის საფასურს მოსახლეობა იხდის. მათივე განცხადებით თანხა ხშირად საკმაოდ დიდია, რაც ისედაც გაჭირვებული ხალხისათვის ძნელი გადასახდელია.
 
„უკვე 5 წელია გვპირდებიან, რომ სოფელში წყლის პრობლემა მოგვარდება, მაგრამ ტყუილად... ფულს მოტყუებით გვახდევინებენ, წყალი კი მაინც არ გვაქვს. სოფელი ამდენს ვეღარ მოითმენს. წყალი ფუფუნების საგანი ხომ არ არის? უწყლოდ დავიხოცებით. ეს ელემენტარული პრობლემა მაინც მოგვიგვაროს ამ ხელისუფლებამ. ხალხზე არავინ ფიქრობს...” – აცხადებს კონდოლელი ნიკო გაგუშვილი.
 
სოფლის მოსახლეობის ერთი ნაწილი აღშფოთებას იმის გამო გამოხატავს, რომ ელექტროტუმბოს მუშაობისას გახარჯული ელექტროენერგიის საფასური საკმაოდ დიდია, მათ ოჯახებს კი ამ თანხის გადახდის საშუალება არ აქვს.
 
„წყალი მხოლოდ სოფლის ზედა უბნებს მიეწოდება უფასოდ. ელექტროტუმბო ჩაგვიდგეს, რომ ვითომ პრობლემა მოიხსნებოდა, მაგრამ სიტუაცია უარესია. დენის გადასახადი იმდენად დიდია, რომ გვიჭირს გადახდა. სოფლის და რაიონის ხელმძღვანელობას იმდენი თუ არ შეუძლიათ, რომ სოფელს სასმელი წყალი მიაწოდოს, რისთვისღაა ასეთი ხელისუფლება საჭირო...“ – აცხადებს სოფ. კონდოლის მაცხოვრებელი მზია ჩიდრაშვილი.
 
კონდოლელი ციცინო ჩიდრაშვილი ირწმუნება, რომ ხშირია შემთვევები, როდესაც ელექტროენერგიის საფასურს მოსახლეობა იხდის, მაგრამ წყალი მაინც არ აქვთ.
 
„სოფელში ხალხი მთელი დღე მიწას ამუშავებს, საღამოს დაღლილ ადამიანს კი დასალევი წყალიც ენატრება. წყალი რომ გვქონდეს, ამისათვის ფულს ვიხდით, მაგრამ წყალი მაინც არ მოგვდის...” – აცხადებს ციცინო ჩიდრაშვილი.

სოფელ კონდოლის საკრებულოს თავმჯდომარე, ელიზბარ ამუზაშვილი მთელ პასუხისმგებლობას კომპანია „თელავის ღვინის მარანს“ აკისრებს. მისი განცხადებით, აღნიშნულ კომპანიას სოფლის ტერიტორიაზე მიწები იჯარით აქვს აღებული და გადასახადის გადახდას აგვიანებს.
 
„ჩვენ ვფინანსდებით მიწის იჯარის გადასახადებით. კომპანია „თელავის ღვინის მარანს“ ჩვენი სოფლის ტერიტორიაზე იჯარით აქვს აღებული გარკვეული რაოდენობის მიწა და სათანადოდ ვერ გვაფინანსებს, რადგან მათ ღვინის რეალიზაციის პრობლემები აქვთ. მათ ჩვენი დავალიანება დაუგროვდათ. ისინი ვალდებულები არიან, რომ გადაგვიხადონ, მაგრამ რადგან მათ ფინანსური პრობლემები შეექმნათ, ამიტომ ჯერ-ჯერობით ვერ გვიხდიან...“
 
კომპანია „თელავის ღვინის მარანის“ ხელმძღვანელობა ირწმუნება, რომ სოფ. კონდოლის გამგებლის ბრალდებები უსაფუძვლოა. კომპანიის ერთ-ერთი მესაკუთრის კახა ზუკაკიშვილის განცხადებით, კომპანია „თელავის ღვინის მარანი“ იჯარის გადასახადს არასოდეს აგვიანებს.

„მიწის იჯარის დავალიანება არ არსებობს. საგადასახადო კოდექსში გარკვევით წერია, რომ საგადასახადო ორგანოებმა საანგარიშო წლის 1 ივნისამდე უნდა მოგვაწოდონ შეტყობინება დაანგარიშების შესახებ და ამის შემდეგ ჩვენ ვიხდით მიწის გადასახადს ორ ნაწილად: აგვისტოში და ნოემბერში...“ – აცხადებს კახა ზუკაკიშვილი.
 
ზუკაკიშვილი განცხადებით, კომპანია „თელავის ღვინის მარანს“ მიწის იჯარის ნაწილი წინასწარ უკვე გადახდილი აქვს.
 
„ჩვენ იჯარის ნაწილი წინასწარ უკვე გადავიხადეთ და ტყუილად ცდილობენ ვიღაცეები, რომ საკუთარი დანაშაული „თელავის ღვინის მარანს“ გადააბრალონ...“
 
მანამდე, სანამ კომპანია „თელავის ღვინის მარანი“ და თელავის რაიონის სოფ. კონდოლის საკრებულო ერთმანეთში ურთიერთობებს არკვევენ, ხოლო თელავის რაიონის ხელმძღვანელობა შეღებილი შენობების აივნებზე ფერად პლასტიკატებს ამაგრებს, სოფელ კონდოლის მოსახლეობას სოფელში წყლის პრობლემის მოგვარების იმედი საბოლოოდ ეკარგება.

ვერიკო კობიაშვილი თელავიდან

ახალი ამბები