კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თელავში სათნოების სახლში გაჭირვებულებს უფასო სადილზე უარს ეუბნებიან

5 ივნისი, 2006

თელავში სათნოების სახლში გაჭირვებულებს უფასო სადილზე უარს ეუბნებიან

“პატარა სამოთხე” – ასე მოიხსენიებენ თელაველი მარტოხელა პენსიონერები რაიონის გამგეობის შენობის პირველ სართულზე განთავსებულ სათნოების სახლს. აქ მათ დღეში ერთხელ უფასო სადილით უმასპინძლდებიან, თუმცა თელავში იმაზეც ხშირად საუბრობენ, რომ ამ ე.წ. “სამოთხის” კარი ყველა მარტოხელა და გაჭირვებული პენსიონერისთვის არ იღება. უფასო სასადილოში ბენეფიციარების მხოლოდ მკაცრად განსაზღვრული რაოდენობა იკვებება, ბევრი უკიდურესად გაჭირვებული ადამიანი სასადილოში სხვადასხვა მიზეზის გამო არ მიიღეს...

პენსიონერები იმედს მაინც არ კარგავენ, რომ “სამოთხის კარი” ადრე თუ გვიან მათთვისაც გაიღება და საკუთარ ვინაობის გამხელას თავს იმ მოტივით არიდებენ, რომ სათნოების სახლში მისასვლელი ბოლო იმედიც არ გაუქრეთ. ისინი აცხადებენ, რომ თუ სათნოების სახლის ხელმძღვანელობა მათ გვარს და სახელს გაიგებს, „უფასო სასადილოში არასოდეს შეუშვებენ...“ თელაველი ლიანა ბერიაშვილი ერთადერთი აღმოჩნდა, რომელმაც საკუთარი ვინაობაც გაგვიმხილა და სათნოების სახლის ადმინისტრაციის მისამართით მწვავე განცხადებებიც გააკეთა.
 
66 წლის ლიანა ბერიაშვილი ქ. თელავში, მეგობრობის ქუჩაზე ცხოვრობს. პენსიონერი ქალბატონი აცხადებს, რომ მარტოხელაა და მის ერთადერთ შემოსავალს პენსია წარმოადგენს. ლიანა ბერიაშვილის განცხადებით, მას ჯანმრთელობა შერყეული აქვს - აწუხებს გული, ღვიძლი, აქვს დიაბეტი და პენსიის სახით აღებული 33 ლარი წამლებისთვისაც არ ჰყოფნის.  ლ. ბერიაშვილის განცხადებით, მან  სათნოების სახლის დირექტორს, ნინო ვაშაკაშვილს რამდენჯერმე მიმართა და დღეში ერთხელ უფასო სადილი სთხოვა, თუმცა ვაშაკაშვილისგან უარი მიიღო. ამის მიზეზად ნინო ვაშაკაშვილმა, როგორც ლ. ბერიაშვილი აცხადებს, ის დაასახელა, რომ მასზე მეტად გაჭირვებულებიც არსებობენ...
 
„ნინო ვაშაკაშვილმა გამომიცხადა, რომ შენზე მეტად გაჭირვებულებიც ბევრი გვყავს და შენი გულისთვის ვერავის ვერ მოვკლავო...” – აცხადებს ლ. ბერიაშვილი.
 
ნინო ვაშაკაშვილი პენსიონერის ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ მასთან მსგავსი მოთხოვნით არავინ მისულა. მეტიც, ვაშაკაშვილი ირწმუნება, რომ სათნოების სახლში მისასვლელად გაჭირვებულ ადამიანებს მხოლოდ პირადი განცხადების დაწერა სჭირდებათ.
 
„ასეთი პიროვნება ჩემთან ნამდვილად არ ყოფილა. მობრძანდეს და მე მას აუცილებლად დავაკმაყოფილებ. თუ ის ნამდვილად მარტოხელაა და უჭირს, ჩვენი სამსახურიც სწორედ ამისათვის არსებობს. მხოლოდ განცხადებაა საჭირო, მოიტანოს და ჩვენ აუცილებლად დავაკმაყოფილებთ...“
 
მიუხედავად იმისა, რომ ნინო ვაშაკაშვილი პენსიონერი ქალბატონის განცხადებებს არ ეთანხმება, ლიანა ბერიაშვილს სხვა პენსიონერებიც ეთანხმებიან. ერთ-ერთი პენსიონერი, რომელიც მხოლოდ სახელს გვიმხელს, აცხადებს, რომ სათნოების სახლში უფასო სადილზე უარი ვაშაკაშვილმა მასაც უთხრა.
„ძალიან რომ გამიჭირდა, იმიტომ მივედი. სოფელ კურდღელაურში ვცხოვრობ. ნინო ვაშაკაშვილმა უარი მითხრა და გამომიცხადა, რომ სოფლელებს არ ვაჭმევთო. ისიც მითხრა, რომ თუ მაგდენი შეგიძლია, რომ სოფლიდან აქ იარო, მაშინ იმუშავე და ისე ჭამეო,” – აცხადებს 71 წლის ქალბატონი ეთერი.
 
თელავში პენსიონერები ერთმანეთთან იმაზეც ხშირად საუბრობენ, რომ რაიონის გამგეობის შენობაში არსებული სათნოების სახლის ბენეფიციარების საკმაოდ დიდ ნაწილს სწორედ გამგეობის თანამშრომლების ახლობლები და ნათესავები შეადგენენ, თუმცა ამის შესახებ ხმამაღლა საუბრისგან თავს იკავებენ.

მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება მიღწეული წარმატებებით თავს იწონებს და უფასო სასადილოებს თითქმის ყოველდღე ხსნის, თელავში მშიერი ადამიანების რაოდენობა არათუ მცირდება, სულ უფრო მატულობს.

ვერიკო კობიაშვილი თელავიდან

ახალი ამბები