კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მდინარე ჭოროხი მიწებს იტაცებს, მოსახლეობა კი სახლების გარეშე რჩება

5 ივნისი, 2006

მდინარე ჭოროხი მიწებს იტაცებს, მოსახლეობა კი სახლების გარეშე რჩება

ხელვაჩაურის რაიონში მდინარე ჭოროხმა სოფელ თხილნარსა და მახოში 13 ჰექტარი მიწა მიიტაცა. მანძილი მდინარესა და რამდენიმე სახლს შორის დღითიდღე მცირდება. ადგილობრივები იძულებულნი არიან საცხოვრებლად დროებით ახლობლებს შეაფარონ თავი. მდინარის სანაპიროს გამაგრებას მოსახლეობა ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ითხოვდა, თუმცა უშედეგოდ. რაიონის გამგეობა დაზარალებულ ოჯახს დახმარებასაც არ ჰპირდება.

ოთხი მცირეწლოვანი შვილთან ერთად ჟუჟუნა კაკაბაძე დედამთილთან გადავიდა საცხოვრებლად დროებით. მდინარე ჭოროხსა და მის სახლს შორის დარჩენილი მანძილი მხოლოდ 5-6 მეტრია. „ეს ადგილები კომუნისტების პერიოდში საკოლმეურნეო მიწები იყო, შემდეგ მდინარემ თანდათან გახეთქა, წლების განმავლობაში იტაცებდა და უკვე აქამდე მოაღწია. ვინ იფიქრებდა რომ ასე იქნებოდა, თორემ აქ სახლს ხომ არ ავაშენებდი. ამ მიწაზე საქონელს ვაძოვებდით და სათესად ვიყენებდით, ხეხილის ნარგავები გვქონდა _ ეს ყველაფერი უკვე ჭოროხმა წაიღო“, _ ამბობს ის და იცის რომ მალე მდინარე მის სახლსაც წაიღებს. მანამდე კი სახლის დაშლა უნდა მოასწროს, რათა იმ ბეტონებს სხვის ასაშენებლად გამოიყენებს.

„რა გზას დავადგეთ? უნდა გქონდეს შემოსავალი და აქედან საერთოდ წახვიდე, მაგრამ რომ გვქონდეს მთავრობას დახმარებისთვის აღარც მივმართავდით“, _ აცხადებს ადგილობრივი მოსახლეობა.

1982 წელს მდინარე ჭოროხის სანაპიროზე 40 ჰექტარი მიწა აუთვისებიათ. ამ ტერიტორიაზე დღეს ასეულობით ოჯახი ცხოვრობს. საფრთხე ჯერჯერობით მათ ისე არ ემუქრებათ, როგორც სოფელ თხილნარისა და ჭარნალის მაცხოვრებლებს, საიდანაც მდინარე ჭოროხმა უკვე 13 ჰექტარი მიწა მიიტაცა.  

ექსპერტ ნოდარ ჩხეიძის აზრით, „მდინარის კალაპოტში მიწის ათვისება და მოსახლეობის დასახლება არ შეიძლებოდა. მდინარე მოძრავია და წლების შემდეგ შეიძლება ისევე თავის კალაპოტს დაუბრუნდეს. წლების შემდეგ იმ მოსახლეობასაც შეექმნება საფრთხე, რომლებიც დღემდე ამ კალაპოტში ცხოვრობს. მაშინდელი ხელისუფლებაა დამნაშავე, რომ ასეთ ტერიტორიაზე მოსახლეობას დასახლების და ცხოვრების უფლება მისცა“.

ადგილობრივები თვლიან, რომ პრობლემა მას შემდეგ უფრო გამწვავდა, რაც მდინარე ჭოროხზე თურქეთში დერინერის კაშხალი აშენდა. „კაშხალი გაბზარულა და ამბობენ წყალს ვერ აკავებენ და ამის გამოა მდინარე ჭოროხი ასეთი ადიდებული“.

აჭარის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსი ირაკლი გორაძე აცხადებს, რომ მიწის მიტაცების მიზეზი არა კაშხლებში, არამედ თვით მდინარის კალაპოტშია: „წლების განმავლობაში არ ჩატარებულა მდინარე ჭოროხის ნაპირის და კალაპოტის დასარეგულირებელი სამუშაოები. ამ დროის მანძილზე მდინარეში წარმოიქმნა აკუმულაციის, ანუ ინერტული მასალების დაგროვების უბნები, რომლებიც მიმართულებას უცვლის მდინარეს. როდესაც მდინარის ძირითადი ნაკადი გვერდს უხვევს კალაპოტს, ის ბუნებრივია, ხან ერთ ნაპირს, ხანაც _ მეორეს მიეხეთქება. ნაპირი რომელიც მაგარი არ არის, რომელსაც სამეურნეო საქმიანობისთვის იყენებენ, საკმაოდ რბილია და თავისთავად მიიტაცებს. ასეთ ტერიტორიაზე არც სამეურნეო საქმიანობა და არც მოსახლეობის დასახლება შეიძლებოდა“. 
 
„ხელისუფლება დღეს მეუბნება, რომ აქ სახლის აშენება არ შეიძლებოდა, მაგრამ 10 წლის წინ, როცა ვაშენებდი, არავის არაფერი არ უთქვამს“, _ აცხადებს დაზარალებული გრიგოლ დუმბაძე.

ხელვაჩაურის რაიონის გამგებელი დაზარალებულ ოჯახებს საცხოვრებლით უზრუნველყოფას ვერ ჰპირდება: „ვინც მშენებლობის დროს არ დაუშალა სახლის ასეთ ადგილზე აშენება, დღეს რომ ასეთ სიტუაციაშია ეს ოჯახები, დამნაშავე ის არის და არა მე. სახლი მათ ამ ტერიტორიაზე უკანონოდ აქვთ აშენებული, ამიტომ გამგეობა სახლს ვერ აუშენებს. მიწას ისევ ამავე სოფელში მივცემთ“.

მაკა მალაყმაძე ბათუმიდან

ახალი ამბები