კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნაგავში დახრჩობა მანამ მოგვიწევს, სანამ მენაგვეებს ხელფასები არ გაეზრდებათ

6 ივნისი, 2006

ნაგავში დახრჩობა მანამ მოგვიწევს, სანამ მენაგვეებს ხელფასები არ გაეზრდებათ

თბილისის ქუჩებში, პარკებსა თუ სკვერებში ნაგავი მომრავლდა. ანტისანიტარიას, სუნს და სიბინძურეს რომ თავი დავანებოთ, დედაქალაქში სხვადასხვა ინფექციების გავრცელების საფრთხე რეალურია. საშიშროება განსაკუთრებით აქტუალურია ზაფხულში, როცა მღრნელები მრავლდებიან. ქალაქის დასუფთავების ნაცვლად, ხშირ შემთხვევაში კეთილმოწყობის სამსახური ნაგავს ადგილზე წვავს, რაც პრობლებას კიდევ უფრო ართულებს. ნამწვავი სხვადასხვა მომწამვლელ ნივთიერებებს გამოყოფს და  ადამიანის  ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებს.  

ქალაქის დასუფთავების სამსახურში თავს იმართლებენ და ამბობენ, რომ ნაგავს ცეცხლს ისინი არ უკიდებენ და თითს მოსახლეობისკენ იშვერენ. მოსახლეობა კი  ჩივის, რომ ნაგვის ურნების დაცლის შემდეგ, დამსუფთავებლები იქვე ახლოს ყრიან ისეთ ნაგავს, რომელიც იწვის და  ცეცხლს უკიდებენ - ასე ხდება თითქმის ყოველ დილით. „თემქაზე, 11-ე მიკრო რაიონში ვცხოვრობ. არაერთხელ მინახავს, როგორ უკიდებენ ნაგავს ცეცხლს თავად დამსუფთავებლები. ნაგავი ნელნელა მთელი დღის განმავლობაში იწვის და სუნთქვა შეუძლებელია. ფანჯრებს ვერ ვაღებთ, სარეცხებს კვამლის სუნი ასდის და აივანზე ვერ გავდივართ. რაიონის გამგეობას არაერთხელ მივმართეთ, მაგრამ, როგორც ჩანს, პატრონი არ გვყავს. ამბობენ, ნაგავს ჩვენ არ ვწვავთო“, - აცხადებს  მოსახლეობა.         

კეთილმოწყობის სამსახურში თავი როგორც არ უნდა იმართლონ, ერთ კონკრეტულ შემთხვევას თავად წავასწარი - როგორ უკიდებდნენ ცეცხლს დამსუფთავებლები ნაგავს. ეს ნაძალადევის რაიონში მოხდა. დამსუფთავებლებმა ნაგვის ურნები დაცალეს, ნაგვის ნაწილი ურნების გვერდით „შეაქუჩეს“ და ცეცხლიც წაუკიდეს. კეთილმოწყობის სამსახურმა ცილი რომ არ დაგვწამოს და აღნიშნული უარყოს, ფოტოებიც კი გადავიღეთ, სადაც კარგად ჩანს, ისინი ნაგავს როგორ წვავენ. 

ცალკე პრობლემა ისიც არის, რომ საქართველოში არ არსებობს ნაგვის გადამამუშავებელი ქარხანა და დედაქალაქში შეგროვილი ნაგავი გლდანში ნაგავსაყრელზე იყრება. იქ მისი დამუშავება არ ხდება, იქაც ცეცხლს უკიდებენ და წვავენ. ნაგვის ბოლი კი სოფელ გლდანულას ნისლივით ეფარება. ამ ნაგავსაყრელზე იკვებება საქონელიც. მოსახლეობა პრეტენზიებს გამოთქვამს, თუმცა სხვა გამოსავალი არ არის.

პაატა იმნაძე: „გარდა იმისა, რომ ნამწვავი ცუდია ისეთი გლობალური პრობლემებისთვის, როგორიც არის გლობალური დათბობა, წვის შედეგად ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებები წარმოიქმნება,რაც ადამიანის ორგანიზმზე უარყოფითად მოქმედებს. ის ჯანმრთელობისთვის მავნეა. მაღალი წვის დროს ასეთი მავნე ნივთიერება საკმაოდ ბევრი გამოიყოფა.“

პრობლემის არსებობას თბილისის კეთილმოწყობის სამსახურშიც აღიარებენ, თუმცა ამ ყველაფერს უფულობას აბრალებენ. როგორც სამსახურის უფროსმა კობა სუბელიანმა გვითხრა, ნაგვის გატანაზე მისი თანამშრომლები არ მუშაობენ და ამ პრობლემებს კერძო ფირმები ქმნიან: „პრობლემა ძალიან აქტუალურია. მე ვარ დამკვეთი ორგანიზაცია და არა შემსრულებელი. ისევე როგორც ასფალტის დაგებაზე. მე ფულს ვიხდი და დამქირავებელი ასრულებს.“

კითხვაზე, აწარმოებენ თუ არა იმ შესრულებული სამუშაოს მონიტორინგს, რაშიც სახელმწიფო ფულს იხდის, სუბელიანმა გვიპასუხა, რომ ასფალტის დაგების შემთხვევაში კონტროლი ხდება, ნაგვის შემთხვევაში კი არა. ისიც დასძინა, რომ ქუჩაში ნაგვის დაწვის სასტიკი წინააღმდეგია: „ნაგვის დაწვის სასტიკი წინააღმდეგი ვარ და როგორც კი ამას სადმე ვნახავ ან გავიგებ, სასტიკად ვრეაგირებ. მოსახლეობამ ყოველი ასეთი კონკრეტული შემთხვევისას უნდა დაგვირეკოს და ინფორმაცია მოგვაწოდოს. 10 თანამშრომელი მყავს, რომლებიც  ენაგადმოგდებულები დარბიან და ყველა კორპუსთან ყარაულად ვერ დადგებიან. 1 კბ.მ ნაგვის გატანაში კი საშუალოდ შემსრულებელს 7 ლარს ვუხდით.“ სუბელიანის ნეგატიური განწყობის მიუხედავად, რეალურად არცერთ ზარზე და მიმართვაზე რეაგირება არ მომხდარა აქამდე. აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა ცენტრმა ნაგვის პრბლემა ადრეც გააშუქა( იხ.  http://www.humanrights.ge/stat254.shtml ), თუმცა თბილისის კეთილმოწყობის სამსახურს დღემდე არ მიუღია არანაირი ზომები და არც არავინ დაუსჯია.

მიუხედავად იმისა, რომ ქუჩაში ნაგვის დაწვა აკრძალულია, მსგავს შემთხვევებს თითქმის ყოველ ნაბიჯზე ვაწყდებით. დამსუფთავებლები ამბობენ, რომ მათ ხელფასს არ უხდიან და რასაც უნდათ იმას გააკეთებენ. როგორც ჩანს უხელფასობა სწორედ ის მიზეზია, რის გამოც „მენაგვეებს“ პასუხს ვერავინ სთხოვს. ამას არც დასუფთავების სამსახურის უფროსი კარლო ჩოთირიძე უარყოფს. მისი თქმით, რადგან ხელფასები ცოტაა, „მენაგვეებს“ პრეტენზიებს ვერ უყენებენ: „მენაგვეებთან  ცოტა ლმობიელი პოზიცია გვიჭირავს. მუშას, რომელიც თვეში 87 ლარს აიღებს, რა უნდა მოსთხოვო? საშინელებაა. მათ შინაურულადაც, კაცურადაც, დამთმობი პოზიციით ველაპარაკებით, რომ მუშებისა და მძღოლების მოზიდვა შევძლოთ. ნაგავში მუშაობა არავის უნდა.“ 

ჩოთირიძე პრობლემიდან გამოსავალს ხელფასების 400-500 ლარამდე გაზრდაში ხედავს. მანამ კი მოსახლეობას ნაგვის ნამწვავის სუნთქვა მოუწევს. რაც შეეხება ნაგავსაყრელის პრობლემის მოგვარებას, როგორც სუბელიანმა გვითხრა, ნაგვის გადამამუშავებელი ქარხნის ამუშავებას დაახლოებით 300 მილიონი ლარი სჭირდება, რაც საქართველოსთვის საკმაოდ დიდი თანხაა. ამიტომ, სანამ ინვესტორი არ გამოჩნდება, ამ პრობლემასაც არაფერი ეშველება.

ეკა გულუა

ახალი ამბები